აბრუცოში, პესკასეროლიში დაიბადა, თუმცა მთელი ცხოვრება ნეაპოლში გაატარა, როგორც თავისუფალმა მოაზროვნემ და მკვლევარმა. კროჩე თავდაპირველად ლიტერატურისა და ესთეტიკის საკითხებით დაინტერესდა, ხელოვნების მისეული კონცეფცია ვიკოსა და დე სანკტისის შრომათა შესწავლით ჩამოყალიბდა. მოგვიანებით კროჩე ჰეგელის აზროვნებას დაუახლოვდა და საკუთარი ესთეტიკური იდეების იდეალისტურ ფილოსოფიასთან მისადაგება სცადა. კროჩეს პიროვნულ ჩამოყალიბებაში პოზიტივისტურმა და მარქსისტულმა ატმოსფერომ ითამაშა როლი, რაც ადამიანურ გამოცდილებაში ფაქტებისადმი განსაკუთრებული ყურადღებით გამოხატება.
კროჩეს მრავალრიცხოვან ისტორიულ-ლიტერატურულ შრომათა შორის (რაც ავტორის უზარმაზარ ერუდიციაზე მეტყველებს) ფილოსოფიური თვალსაზრისით ყველაზე მნიშვნელოვანია: „ესთეტიკა, როგორც გამოხატვის მეცნიერება და ზოგადი ლინგვისტიკა“ (1902 წ.), „ლოგიკა, როგორც წმინდა ცნების მეცნიერება“ (1906 წ.), „პრაქტიკის ფილოსოფია“ (1909 წ.), ისტორიოგრაფიის თეორია და ისტორია (1917 წ.). ეს ოთხი ნაშრომი ერთ ორგანულ მთლიანობას შეადგენს, სათაურით სულის ფილოსოფია. კროჩეს სხვა ნაწერები (ესთეტიკის სახელმძღვანელო; ისტორია, როგორც აზრი და მოქმედება; ის რაც ცოცხლობს და ის, რაც მკვდარია ჰეგელის შემოქმედებაში) კომენტარის ან გავრცობის სახით ერთვის ამ ძირითად ნაშრომებს.
Source: ფილოსოფიის ისტორია ტ.I/ შეადგინა ივან მარტინიმ M.I.; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. ზაზა შათირიშვილი; სულხან-საბა ორბელიანის სახელ. თეოლ., ფილოს., კულტ. და ისტ. ინ-ტი] - [თბ., 2008]