(ალისა როზენბაუმი) - დაიბადა 1905 წლის 20 იანვარს სანქტ-პეტერბურგში. ცხრა წლის ასაკში მან მწერლობა გადაწყვიტა. მისი სიტყვებით, მასზე ვიქტორ ჰიუგოს ნაშრომებმა იქონია უდიდესი გავლენა. 11 წლის ასკაში პოლიტიკით დაინტერესდა და მიესალმა 1917 წლის ე.წ. თებერვლის რევოლუციას, რომლის შედეგად რუსეთში ცარიზმი დაემხო. 1926 წელს მისი ოჯახი საბჭოური რუსეთიდან აშშ-ში გადასახლდა. წასვლამდე კი კინოსცენარისტების კურსებზე ისწავლა და ჰოლივუდში კინოსცენარისტობას მიჰყო ხელი. 1929 წელს დაოჯახდა მსახიობ ფრენკ ო ’კონორზე. 1930 წელს კი დაიწყო მუშაობა პირველ რომანზე „ჩვენ ვცოცხლობთ“, რომელიც მისი იდეების, შემდგომ „ობიექტივიზმის ფილოსოფიის საფუძვლების“ პირველ მანიფესტაციად იქცა. სწორედ ამ პერიოდში აირჩია მან ლიტერატურულ ფსევდონიმად საკუთარი საწერი მანქანის ბრენდის სახელი „რანდი“. ანტიკომუნისტური და, საერთოდ, ანტიკოლექტივისტური განწყობილებებით გამსჭვალული ეს რომანი ამერიკაში 1936 წელს გამოვიდა და უდიდესი ყურადღება მიიპყრო – 1939 წელს ამ ნოველის საფუძველზე აინ რანდმა პიესაც შექმნა, რომელიც დღემდე იდგმება მსოფლიოს სცენებზე. 1937 წელს მან გამოსცა ნოველა „ჰიმნი“, სადაც პიროვნებისა და კოლექტივის ურთიერთობის პრობლემა წამოწია. 1943 წელს გამოდის მისი რომანი „წყაროსთავი“. ხოლო მისი ყველაზე მეტად აღიარებული რომანი „მხარგაშლილი ატლანტი“, რომელზედაც ის თითქმის 10 წელი მუშაობდა, 1957 წელს გამოიცა. ორმოცდაათიანი წლების ბოლოდან ის მთლიანად საკუთარი ფილოსოფიური მოძღვრების ჩამოყალიბებით დაკავდა და საკუთარი მოსაზრებები სტატიებისა და კრებულების ფორმით ჩამოაყალიბა. ამ ნაშრომებში, ისევე, როგორც მის ნოველებში გადმოცემულმა ე.წ. „ობიექტივიზმის“ ფილოსოფიამ, რომელიც, მისი აზრით, არსიტოტელეს, თომა აქვინელის, სპინოზასა და ჯონ ლოქისა და კლასიკური ლიბერალიზმის პოლიტეკონომიურ ტრადიციებს აგრძელებდა, უდიდესი გავლენა მოახდინა მე-20 საუკუნის შუა პერიოდის ამერიკულ საზოგადოებაზე: ხშირად ამბობენ, რომ მის გარეშე აშშ შესაძლოა ისეთივე წითელი ყოფილიყო, როგორც იმდროინდელი ვეროპა. ის აქტიურად უპირისპრიდებოდა კოლექტივიზმსა და კომუნიზმს, ეკონომიკურ ინტერ-ვენციონიზმსა და პოლიტიკურ იმპერიალიზმს, ის უარყოფდა რელიგიას და ფემინიზმს, კატეგორიულად გმობდა ჰომოსექსუალიზმს და რასიზმს. ამავდროულად, იცავდა ინდივიდუალიზმს, რაციონალურ ეგოიზმს, კაპიტალიზმსა და გონების, ანუ ადამიანის შესაძლებლობების უზენაესობას. თავის თავს მიიჩნევდა „რომანტიკულ რაციონალისტად“ და ადამიანის პირად უფლებებს საზოგადოებრივ უფლებებზე მაღლა აყენებდა. მისი ნაშრომების საერთო ტირაჟმა ოცდაათ მილიონს გადააჭარბა და მათდამი ინტერესი დღემდე არ ნელდება (დაიწყო მუშაობა „მხარგაშლილი ატლანტი“-ს ქართულ თარგმანზეც). აშშ-ს კონგრესის ბიბლიოთეკის ცნობით, „მხარგაშლილი ატლანტი“ მიეკუთვნება მსოფლიოში ყველაზე მოთხოვნად წიგნებს (გაყიდვების რიცხვით აშშ-ში მას ბიბლიიის შემდეგ მეორე ადგილი უჭირავს) და იმ ნაწარმოებებს, რომლებმაც ყველაზე დიდი გავლენა იქონიეს ადამიანების აზროვნებაზე. მისი მოსაზრებების წინააღმდეგობრიობისა და მრავალმხრივი კრიტიკის (მათ შორის სხვადასხვა ავტორიტეტული ლიბერტარიანელი მკვლევარის მხრიდან), აგრეთვე, მისი პიროვნების და ყოფის თავისებურებების მიუხედავად, აინ რანდი სიცოცხლეშივე იქცა საკულტო ფიგურად – პიროვნებად, რომელმაც თავისი სიტყვით და პირადი მაგალითით და არა ძალით და კანონებით იქონია გავლენა მილიონობით ადამიანზე და მათ სოციალურ ყოფაზე. ის გარდაიცვალა 1982 წლის 6 მარტს და დატოვა მიმდევართა და თაყვანისმცემელთა უდიდესი არმია მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. დღეს მისი სახელობის გაერთიანებები თითქმის ყოველ ამერიკულ უნივერსიტეტშია, ხოლო მის მემკვიდრეობას რამდენიმე კველვითი ცენტრი (მაგ., „აინ რანდის საზოგადოება“, „ობიექტივიზმის ცენტრი“, „ატლასის საზოგადოება“, „ობიექტივისტთა კლუბების ასოციაცია“ და სხვ.) სწავლობს და ავრცელებს. რედ. შენიშვნა.
Source: მაქანი, ტიბორ რ. საქართველოში წაკითხული ლექციები: პრინციპები, გარდამავალი პერიოდი და განვითარება / ტიბორ რ. მაქანი ; [მთარგმნ. ირაკლი თოდრია ; მთ. რედ. პაატა შეშელიძე]. - თბ., 2007. - 114გვ. ; 17სმ.. - ISBN: 978-99940-69-32-3 : [ფ.ა.][MFN: 31712]