1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

გა გე გვ გი გლ გნ გო გრ გუ
გაა გად გაე გავ გათ გაი გალ გამ გან გაო გაპ გარ გას გაუ გაფ გაღ გაშ გაც

გარიგება

ცნებები გარიგება პირველად მე-18 საუკუნეში წარმოიშვა. მართალია, რომის სამართალი იცნობდა გარიგების თითქმის ყველა ტიპს, რომელიც აისახა მე-19 საუკუნის სამოქალაქო სამართლის კოდიფიკაციაში, მაგრამ გარიგების ერთიანი ცნება მისთვის სრულიად უცხო იყო, ისევე როგორც ადრეული ეპოქის Lus commune-სათვის. გარიგების ცნების ისტორია დაკავშირებულია სამოქალაქო სამართლის ე.წ. პანდექტური სისტემის წარმოშობასთან. პანდექტური სამართლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დამსახურება იყო იუსტინიანეს დიგესტების ახლებური სისტემატიზაცია, რომელიც კერძო სამართალს შეუქმნა ზოგადი ნაწილი (იგი მოიცავდა სამოქალაქო სამართლის ძირითად მოძღვრებებს) და ცალკეული ინსტიტუტები, როგორიცაა სანივთო სამართალი, ვალდებულებითი სამართალი, საოჯახო და მემკვიდრეობის სამართალი. სამოქალაქო სამართლის ის სისტემა, რომელიც პანდექტურმა სამართალმა შეიმუშავა, საფუძვლად დაედო გერმანიის სამოქალაქო კოდექსს. მხოლოდ სანივთო და ვალდებულებითი სამართლის ადგილები იყო ურთიერთგადანაცვლებული. საბჭოთა კავშირში მოქმედ სამოქალაქო კოდექსებსაც საფუძვლად სამოქალაქო სამართლის პანდექტური სისტემა ედო. სამოქალაქო სამართლის ყველაზე დიდ მიღწევად მიიჩნევა ზოგადი ნაწილის შექმნა, რომლის ბირთვსაც წარმოადგენს მოძღვრება გარიგებებზე. გარიგების ცნების წარმოშობა დაკავშირებულია გეტინგენის უნივერსიტეტის პროფესორ გეორგ არნოლდჰაიზეს სახელთან. 1807 წელს გამოცემული შრომის პირველ წიგნში, რომელსაც „ზოგადი მოძღვრებები“ ეწოდება, მან სამოქალაქო სამართლის სისტემის დახასიათებისას მოიხსენია „მოქმედებანი“. იგი ორ პარაგრაფად იყოფა: „ნების გამოვლენა“ და „განსაკუთრებული გარიგებანი“. ეს სისტემა აიტაცა XIX საუკუნის პანდექტურმა სამართალმა, განსაკუთრებით სავინიმ, ცნობილმა რუსმა იურისტმა. როგორც ჩანს, სავინის გავლენით იყენებს მეიერი რუსულ სამოქალაქო სამართალში ამ კლასიფიკაციას. გარიგება გერმანული წარმოშობის სიტყვაა. ორიგინალის ენაზე მას ეწოდება „სამართლებრივი საქმე“- rechtsgeschsft. მართალია, ტერმინი „გარიგება“ XVIII საუკუნეში წარმოიშვა, მაგრამ ერთიანი აბსტრაქტული და ზოგადი ცნების დამკვიდრება სამართალში ჰაიზეს სახელთანაა დაკავშირებული. თუმცა კლასიკური ფორმით, ე.ი. იმ ფორმით, როგორც დღემდე არსებობს, მისი დანერგვა სავინის დამსახურებაა. გარიგების განსაზღვრისას სავინიმ ყურადღება გაამახვილა ნების მნიშვნელობაზე. მან განიხილა პირველად ცნებები „გარიგება“ და „ნების გამოვლენა“ სინონიმებად. გარემოების განმარტებისას ის გადამწყვეტ მნიშვნელობას სწორედ ნების გამოვლენას ანიჭებდა. არაა შემთხვევითი, რომ თავის წიგნში იგი ძირითადად იყენებს ტერმინს „ნების გამოვლენა“. ამიტომაც უკავშირდება მის სახელს ე.წ. ნების თეორიის წარმოშობა. გარიგების პირველი ლეგალური დეფინიცია გვხვდება საქსონიის 1863 წლის სამოქალაქო კოდექსში, მართალია, 1996 წლის გერმანიის სამოქალაქო კოდექსი გარიგების ლეგალურ დეფინიციას არ იძლევა, მაგრამ ზოგადი ნაწილის ერთ-ერთი თავი მთლიანად მას აქვს დათმობილი და პრაქტიკულად გარიგებათა საკანონმდებლო განმტკიცება თანამედროვე სამოქალაქო კოდექსებში სწორედ გერმანული სამოქალაქო კოდექსიდან იღებს სათავეს(3). მართალია, რომანული სამართლის ქვეყნები თავიანთ კოდექსებში ცალკე არ გამოყოფენ გარიგების თავს, ბევრი ნორმა ჩართულია ვალდებულებითი სამართლის ნაწილში, ხოლო ინგლისურ-ამერიკულ სამართალში Law of contract-ში, მაგრამ ამ ქვეყნების სამართლის მეცნიერებაც აღიარებს აღნიშნული ინსტიტუტის მნიშვნელობას.
Source: კულტურათაშორისი კომუნიკაციები 2008, – № 4, – [მთავარი რედაქტორი: ინდირა ძაგანია], – თბ., – 2008
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9