გაეროს მოხალისეების პროგრამა შეიქმნა 1970 წელს გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ, როგორც გაეროს განვითარების პროგრამის „შვილობილი“ ორგანო. მისი ძირითადი ამოცანაა გაეროს წევრ-სახელმწიფოებს შორის პოტენციური ურთიერთობების დამყარება, გაეროს განვითარების პროგრამის სტრატეგიის მხარდაჭერა საზოგადოებრივ დონეზე.
გაეროს მოხალისეები მუშაობენ ტექნიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ, სოფლის მეურნეობის, განათლების, ტრანსპორტის სფეროებში, ასევე პროგრამა აქტიურადაა ჩაბმული ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში.
პროგრამა სათემო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით აქტიურადაა ჩაბმული ჰუმანიტარული დახმარების, ფსიქოლოგიური და სხვადასხვა სახის რეაბილიტაციაში. გაეროს განვითარების პროგრამაში ჩაბმულია ყოველწლიურად 4000-ზე მეტი გამოცდილი და უმაღლესდამთავრებული სპეციალისტი 140 ქვეყნიდან.
Source: საერთაშორისო ორგანიზაციების ზოგადი მიმოხილვა და მათი თანამშრომლობა.– საქართველოსთან ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია,–თბ.,– 2005