1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ლა ლგ ლე ლი ლო ლტ ლუ
ლიბ ლიგ ლიდ ლივ ლიზ ლიკ ლიმ ლინ ლიპ ლის ლიტ ლიქ ლიც

ლიზინგი

  1. E. lease - ქირით გაცემა
    ,,ლიზინგი”-ს შემოღება უკავშირდება სატელეფონო კომპანია ,,ბული”-ს მიერ განხორციელებულ ოპერაციებს. მისმა ხელმძღვანელობამ 1877 წელს მიიღო გადაწყვეტილება, კი არ გაეყიდა თავისი სატელეფონო აპარატები, არამედ გაეცა იჯარით. თუმცა პირველი საზოგადოება, რომლის ძირითადი საქმიანობის საფუძველიც გახდა ლიზინგური ოპერაციები, შეიქმნა 1952 წელს, სან-ფრანცისკოში. ეს იყო კომპანია ,,იუნაითედ სთეითს იზინგ კორპორეიშნ” (ჰენრი შონფელდი), და ამდენად აშშ გახდა ახალი ბიზნესის, კერძოდ საბანკო ბიზნესის სამშობლო. მსოფლიო პრაქტიკაში ტერმინი ,,ლიზინგი” გამოიყენება როგორც ხანგრძლივი მოხმარების საქონლის იჯარაზე დაფუძნებული გარიგება. იმის მიხედვით, თუ რა ვადითაა დადებული იჯარის ხელშეკრულება განასხვავებენ იჯარის ოპერაციების 3 სახეს: მოკლევადიანი იჯარა-რენტინგი (ერთი დღიდან ერთ წლამდე); საშუალო ვადიანი იჯარა-ხაირინგი (1-დან 3 წლამდე); გრძელვადიანი იჯარა-ლიზინგი (3-დან 20 წლამდე და მეტი). ამიტომ ლიზინგის ქვეშ მოიაზრება მანქანებისა და მოწყობილობების გრძელვადიანი იჯარა ან მანქანებისა და მოწყობილობების იჯარის ხელშეკრულება, რომელიც ნაყიდია იჯარის გამცემის მიერ მოიჯარისათვის სამეწარმეო მიზნით გამოყენებისათვის და რომელზეც საკუთრების უფლებას იჯარის მთელი ვადის მანძილზე ინარჩუნებს მეიჯარე. ამის გარდა, ლიზინგი შეიძლება განვიხილოთ როგორც სპეციალიზირებული ლიზინგური კომპანიების (რომლებიც მოიპოვებს მესამე პირისათვის ქონებას და გადასცემს გრძელვადიანი იჯარით) შუამავლობით ძირითად ფონდებში დაბანდებების ფინანსირების სპეციფიკური ფორმა. ამგვარად, ლიზინგური კომპანია ფაქტიურად აფინანსებს, აკრედიტებს მოიჯარეს, ამიტომ ლიზინგი ზოგჯერ მოიხსენიება როგორც ,,კრედიტი-იჯარა”. განსხვავებით ყიდვა-გაყიდვისაგან, რომლის დროსაც საკუთრების უფლება საქონელზე გადადის გამყიდველიდან მყიდველზე, ლიზინგის დროს საკუთრების უფლება იჯარის საგანზე უნარჩუნდება მეიჯარეს, ხოლო ლიზინგის მიმღები მოიპოვებს მას მხოლოდ დროებით სარგებლობაში. ლიზინგის ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ ლიზინგის მიმღებს შეუძლია შეისყიდოს იჯარის ობიექტი შეთანხმებული ფასით, გააგრძელოს ლიზინგის ხელშეკრულება ან დაუბრუნოს იჯარის ობიექტი მესაკუთრეს. ეკონომიკური თვალსაზრისით, ლიზინგს აქვს მსგავსება კრედიტთან, რომელიც გაცემულია მოწყობილობის შესაძენად. კრედიტის დროს ძირითად ფონდებში მსესხებელს ვალების დასაფარავად შეაქვს გადასახადები დადგენილ ვადებში. ამასთან ბანკი კრედიტის დაბრუნების უზრუნველსაყოფად ინარჩუნებს საკუთრების უფლებას დაკრედიტებულ ობიექტზე სესხის სრულ დაბრუნებამდე. ლიზინგის დროს მოიჯარე ხდება იჯარით აღებული ობიექტის მესაკუთრედ მხოლოდ ხელშეკრულების ვადის გასვლამდე და საიჯარო ქონების ღირებულების სრულ გადახდამდე. თუმცა ამგვარი მსგავსება დამახასიათებელია მხოლოდ ფინანსური ლიზინგისათვის, ლიზინგის მეორე სახე-ოპერატიული ლიზინგი ხასიათდება კლასიკურ იჯარასთან დიდი მსგავსებით. თავისი იურიდიული ბუნებით, ლიზინგური გარიგება ითვლება საინვესტიციო ფასეულობების გრძელვადიანი იჯარის თავისებურ სახედ. ლიზინგური ოპერაციების ზუსტ განსაზღვრას აქვს დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა, რადგან კანონით დადგენილი მისი გაფორმების ფორმის დაუცველობისას, ის არ შეიძლება მიჩნეულ იქნას ლიზინგურ გარიგებად, რაც ოპერაციის მონაწილეებისათვის გამოიწვევს არასასურველ ფინანსურ შედეგებს. ლიზინგის გამცემი არ ეყრდნობა აინაზღაუროს ყველა თავისი დანახარჯი ერთი ლიზინგის მიმღებისაგან შემოსული სალიზინგო გადასახადის ხარჯზე; ლიზინგური ხელშეკრულება, როგორც წესი, იდება 2-5 წლით. რაც გაცილებით ცოტაა მოწყობილობის ფიზიკური ცვეთის ვადაზე და შეიძლება ლიზინგის მიმღების მიერ ნებისმიერ დროს შეწყდეს;
    Source: ჯანხოთელი შორენა, ლიზინგი // ალმანახი № 5, – [სამოქალაქო სამართალი], – საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. –1998.
  2. L. leasing ქირაში ჩაბარებას-გაქირავებას
    მომდინარეობს ლათინური leasing-დან. სალიზინგო ოპერაციებად იწოდება ოპერაციები, რომელიც გულისხმობს ბრუნვის გარეშე აქტივების გრძელვადიანი პერიოდით იჯარაზე გადაცემას.
    ლიზინგურ ოპერაციებში მონაწილეობს სამი პირი: ლიზინგის გამცემი, ლიზინგის მიმღები, მიმწოდებელი (ქონების გამყიდველი). ქონების მიმღები, საჭიროებს რა განსაზღვრულ ქონებას, დამოუკიდებლად ირჩევს ამ ქონების განმკარგულებელ მიმწოდებელს. ქონების შესაძენად ფულის უქონლობის გამო, ის მიაკითხავს მომავალ ლიზინგის გამცემს, რომელსაც აქვს საშუალებები ეს ქონება შეიძინოს, - თხოვნით, მიიღოს მონაწილეობა გარიგებაში. მონაწილეობა გამოიხატება მიმწოდებლისგან ამ ქონების ყიდვაში და შემდეგ მის გადაცემაში ლიზინგის მიმღებისათვის შეთანხმებული პირობების შესაბამისად.
    ლიზინგის მიმცემად ჩვეულებრივ, გამოდის კომერციული ბანკი, ლიზინგის მიმღებად საკუთრების სხვადასხვა ფორმის საწარმოები, ქონების მიმწოდებლად-მისი მწარმოებლები, მომარაგება-გასაღების, სავაჭრო და სხვა ორგანიზაციები, ანუ ქონების მეპატრონეები.
    კომერციული ბანკისათვის, დამახასიათებელია, ძირითადად, შემდეგი სახის ლიზინგები: გრძელვადიანი, პირდაპირი, ფინანსური, წმინდა (ან ნაწილობრივი).
    Source: ბიზნესი და კანონმდებლობა – [რედ.იური პაპასქუა], დეკემბერი, 2008
  3. გერმანულ სამართალში ამ მოვლენის აღსანიშნავად გამოიყენება - mitvertag kredit, ესპანურ კანონმდებლობაში - arrendamiento financiero, იტალიურ კანონმდებლობაში - credito arrendamiento, რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობაში ლიზინგი აღინიშნება ისეთი დასახელებით, როგორიცაა ფინანსური იჯარა, რაც თავისთავად გამომდინარეობს იმ მნიშვნელოვანი მსგავსებებიდან, რომლებიც ახასიათებთ ლიზინგსა და იჯარას.
    ლიზინგის იდეის არსებითი შტრიხების ჩამოყალიბება კი ჯერ კიდევ არისტოტელეს ეპოქაში უნდა ვეძიოთ - ე.ი. ჩვენს წელთაღრიცხვამდე 384/383-322 წლებამდე. სწორედ არისტოტელეს ეკუთვნის ის უმნიშვნელოვანესი ფრაზა, რომელიც დამკვიდრდა არა მარტო საზღვარგარეთის კანონმდებლობაში, არამედ, ახლა უკვე ცალკეული ქვეყნების ეროვნულ კანონმდებლობაშიც: ,,სიმდიდრე მდგომარეობს ამ სიმდიდირის გამოყენებაში და არა მხოლოდ საკუთრებაში.” სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მოგების მიღებისათვის სრულებით არ არის აუცილებელი იყოთ რაიმე ქონების მესაკუთრე, მთავარია ამ ქონებით სწორად სარგებლობა ვიცოდეთ და ამის შედეგად მივიღოთ მოგება.
    ეკონომისტების აზრით, საიჯარო (სალიზინგო) გარიგებები საკმაოდ ცნობილი იყო არისტოტელეს ეპოქაშიც. როგორც პ. ბალტუსი და ბ. მაიჯერი წერენ თავიანთ წიგნში ,,ევროპული ლიზინგის სკოლა”, ჯერ კიდევ შუმერთა სახელმწიფოს კვლევისას ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების ფარგლებში აღმოჩენილია ე.წ. დაფები, რომლებიც, სავარაუდოდ, ჩვენს წელთაღრიცხვამდე 2000 წლით თარიღდება, ადასტურებენ იმ ფაქტს, რომ ჯერ კიდევ ამ შორეულ ხანაში გავრცელებული იყო სასოფლო-სამეურნეო იარაღების, მიწების, სარწყავი სისტემების იჯარით გაცემა. ამ დაფების დიდი ნაწილი მხოლოდ 1984 წელს იქნა აღმოჩენილი. ისინი მოგვითხრობენ იმ ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიეთობებზე, რომლებიც დამყარებული იყო საეკლესიო პირებსა და ადგილობრივ ფერმერებს შორის. თუმცა ეს უძველესი დოკუმენტური მასალა სრულებით არ გამორიცხავს იმას, რომ სხვა ისტორიულ ეპოქებშიც იყო გავრცელებული საიჯარო, სალიზინგო ურთიერთობები, რომელთა შესახებ თანამედროვე მკვლევრებს დასაბუთებული ინფორმაცია არ მოეპოვებათ.
    ინგლისელმა ისტორიკოსმა ტ. კარლმა, ლიზინგთან დაკავშირებული რამოდენიმე კანონი აღმოაჩინა ჩვ.წ.აღ-მდე 1775-1750 წლებში ჰამურაბის მიერ მიღებულ კანონებში. ეს კანონები აბსოლუტურად დეტალურად არეგულირებენ იჯარის ყველა სახეს, მის პირობებს, ვადებსა და საზღაურის ფარგლებს.
    თანამედროვე მსოფლიოში ლიზინგური მომსახურება თავმოყრილია სამკუთხედში: ამერიკის შეერთებული შტატები - დასავლეთ ევროპა - იაპონია.
    მსოფლიო პრაქტიკაში ტერმინი ლიზინგი გამოიყენება როგორც ხანგრძლივი მოხმარების, ძვირადღირებული საქონლის იჯარაზე დაფუძნებული გარიგება. ლიზინგური კომპანია ფაქტობრივად აფინანსებს, აკრედიტებს მოიჯარეს. ამიტომაც, ლიზინგი ხშირად მოიხსენიება, როგორც ,,კრედიტ-იჯარა”, განსხვავებით ყიდვა-გაყიდვისაგან, რომლის დროსაც საკუთრების უფლება პირდაპირ გადადის გამყიდველიდან მყიდველზე, ლიზინგის შემთხვევაში კი საკუთრების უფლება ლიზინგის საგანზე უნარჩუნდება მეიჯარეს, ხოლო ლიზინგის მიმღები მოიპოვებს მას მხოლოდ დროებით სარგებლობაში. ლიზინგის ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ ლიზინგის მიმღებს შეუძლია შეისყიდოს იჯარის ობიექტი შეთანხმებული ფასით, გააგრძელოს ლიზინგის ხელშეკრულება ან დაიბრუნოს ლიზინგის ობიექტი.
    ეკონომიკური თვასაზრისით, ლიზინგს მართლაც აქვს გარკვეული მსგავსება კრედიტთან, რომელიც კონკრეტული მოწყობილობის შესაძენად არის გაცემული. კრედიტის დროს, ძირითად ფონდებში მსესხებელს ვალების დასაფარად შეაქვს გადასახადები დადგენილ ვადებში. ამასთანავე, ბანკი კრედიტის დაბრუნების უზრუნველსაყოფად ინარჩუნებს საკუთრების უფლებას დაკრედიტებულ ობიექტზე სესხის სრულ დაბრუნებამდე. ლიზინგის შემთხვევაში მოიჯარე ხდება ლიზინგით აღებული ობიექტის მესაკუთრე მხოლოდ ხელშეკრულებით დადგენილი ვადის გასვლამდე და სალიზინგო ქონების სრული ღირებულების გადახდამდე. თუმცა, აღნიშნული მსგავსება დამახასიათებელია მხოლოდ ფინანსური ლიზინგისათვის, ლიზინგის მეორე სახე - ოპერატიული ლიზინგი მეტწილად კლასიკურ იჯარასთან ძალიან დიდი მსგავსებებით ხასიათდება.
    Source: ინტელექტუალი №5, - [სარედაქციო კოლეგია: თამაზ გამყრელიძე, არჩილ მოწონელიძე, არჩილ ფრანგიშვილი, ქეთი ქოქრაშვილი, გელა ყიფიანი, სერგო თოფურია, ნუგზარ წერეთელი, ვანო ჭიაურელი, კარლო ღურწკაია, თემურ ჯაგოდნიშვილი, გოგი ფანცუალაია, ვაჟა პაპასკირი, თენგიზ წივწივაძე, რეზო კლდიაშვილი, ლევან კლიმიაშვილი, ლალი ღოღელიანი, ნუგზარ სიხარულიძე], - © საქართველოს ახალგაზრდა მეცნიერთა საზოგადოებრივი აკადემია. - თბილისი 2007. - ISSN 1512-2530
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9