გაზაფხულის პირზე იდღესასწაულება, ებრაელი ხალხის ეგვიპტიდან გამოსვლის ხსოვნისადმი მიძღვნილი დღესასწაულია. გრძელდება ერთ კვირეულს. პირველი და მეშვიდე დღეები უქმეა, ისინი გათანაბრებულია შაბათთან (მხოლოდ საჭმლის კეთებაა დაშვებული), დანარჩენ დღეებში შეიძლება საქმიანობა, ოღონდ მცირეოდენი შეზღუდვებით. სადღესასწაულო დღეებში საფუარიანი საკვები აკრძალულია. პესახის ძირითადი რიტუალური წესია 7 დღის განმავლობაში მაცის ჭამა – განსაკუთრებული ბურღულეულით დამზადებული პურისა, ეგვიპტური მონობის მოსაგონებლად. 7 დღის განმავლობაში იკრძალება სახლში საფუარის შემცველი საკვების შენახვაც კი. პირველ და მეორე დღეს განსაკუთრებული ტრაპეზი იშლება – სებერი, რომლის განმავლობაში ყოველმა ზრდასრულმა ებრაელმა 4 ჭიქა ღვინო უნდა იხმიოს. დღესასწაულის წინა საღამოს, როცა საზეიმო სუფრა გაწყობილია, ბავშვის კითხვაზე, თუ რას ნიშნავს ყოველივე ეს, ოჯახის უფროსი კითხულობს აგადას, სადაც ეგვიპტიდან გამოსვლის ამბავია მოთხრობილი.
Source: რელიგიები საქართველოში : [კრებული / რედ. ზურაბ კიკნაძე, სტილის რედ. ლევან ბრეგაძე ; ფოტო: არჩილ ქიქოძე, ლევან ხერხეულიძე ; გამოც. პმგ ბექა მინდიაშვილი] ; საქ. სახალხო დამცველთან არსებ. ტოლერანტობის ცენტრი, საქ. სახალხო დამცვ. ბიბ-კა. - თბ., 2008.