სოციოლოგი რ. ჯონსტოუნი ჩამოთვლის ხუთ ძირითად ელემენტს, რომელთა მეშვეობით იგი განსაზღვრავს, რამდენადაა რწმენათა ესა თუ ის სისტემა რელიგია. უპირველეს ყოვლისა, რელიგია გულისხმობს მორწმუნეთა ჯგუფის არსებობას, თუმცა ის, შესაძლოა, დაკავშირებული იყოს ღრმად პერსონალურ განცდებთანაც. მეორე – რელიგია ასოცირებულია წარმოდგენებთან, რომლებიც საკრალურად ითვლება, იგი ზღვარს ავლებს ყოველდღიურობასა და უჩვეულო მოვლენებს, სასწაულებს შორის. სასწაული დაკავშირებულია რაღაც ზებუნებრივთან, ისეთ ძალასთან ან არსებასთან, რომლის შესაძლებლობები არ არის შეზღუდული ბუნების კანონებით. მესამე ელემენტის მიხედვით, რელიგია გულისხმობს რწმენათა განსაზღვრულ ერთობლიობას – სარწმუნოებას. ეს რწმენები ხსნის ადამიანურ ბუნებას, არსებულ გარემოსა და ზებუნებრივ ძალებს, რომლებიც საკრალურად მიიჩნევა. მეოთხე – რელიგია მოიცავს რიტუალებისა თუ სხვა ტიპის ქმედებების განსაკუთრებულ ერთობლიობას. რიტუალებს რ. ჯონსტოუნი განმარტავს, როგორც ქცევის თავისებურებას წმინდა და ზებუნებრივ ძალთა მიმართ (მაგალითად, ეკლესიასთან ახლოს გავლისას მართლმადიდებელი ქრისტიანი პირჯვარს იწერს და ლოცვას წარმოთქვამს). და ბოლოს, რელიგია თავის თავში მოიცავს განსაზღვრულ წარმოდგენებს ცხოვრების მართლმორწმუნე წესზე. რელიგიათა უმრავლესობა მორწმუნეებს ქცევის მარეგულირებელ მცნებათა თუ ნორმათა სისტემას უწესებს. ეს ნორმები ადგენს, თუ როგორ უნდა მოიქცეს მორწმუნე ამა თუ იმ გარემოში.
Source: რელიგიები საქართველოში : [კრებული / რედ. ზურაბ კიკნაძე, სტილის რედ. ლევან ბრეგაძე ; ფოტო: არჩილ ქიქოძე, ლევან ხერხეულიძე ; გამოც. პმგ ბექა მინდიაშვილი] ; საქ. სახალხო დამცველთან არსებ. ტოლერანტობის ცენტრი, საქ. სახალხო დამცვ. ბიბ-კა. - თბ., 2008.