1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

უა უბ უდ უე უზ უი უკ ულ უმ უნ უო უპ ურ უს უტ უფ უშ უც უძ უწ უხ
უდა უდი

უდიები

კავკასიის ერთ-ერთი ყველაზე მცირერიცხოვანი აბორიგენული ეთნიკური ჯგუფია. ცხოვრობენ საქართველოში, ყვარლის რაიონის სოფელ ზინობიანში (სოფ. ოქტომბერში, სადაც 1920-22 წლებში გადმოსახლდნენ აზერბაიჯანიდან – ნუხის ოლქის სოფ. ვართაშნიდან, აზერბაიჯანელებისა და სომხების თავდასხმების გამო) და აზერბაიჯანის სამ სოფელში: ვართაშენში, ნიჯსა და მირზაბელუში.
მსოფლიოში უდიების რაოდენობასთან დაკავშირებით ერთიანი მოსაზრება არ არსებობს და სრული სიზუსტით მათი რაოდენობის დასახელება სირთულეებთან არის დაკავშირებული. პირველი, შედარებით სანდო წყარო მათი რაოდენობის შესახებ XIX საუკუნის მიწურულიდან არსებობს: 1880 წელს რუსეთის იმპერიაში 10 ათასი უდი ცხოვრობდა, 1897 წელს – 4 ათასი, 1926 წელს – 2500, 1959 წელს – 3700, 1970 წელს – 5900, 1979 წელს – 7 ათასი.
1970 წლის აღწერით, საქართველოში 800 უდი ცხოვრობდა, 1989 წელს – 793. 2002 წლის საყოველთაო აღწერის შედეგების მიხედვით კი, საქართველოში 203 უდი ცხოვრობს და მათი აბსოლუტური უმრავლესობა ყვარლის რაიონის სოფ. ზინობიანშია დასახლებული.

უძველესი წარსულისა და ადგილსაცხოვრისის შესახებ ცნობები ძველაღმოსავლურ და ანტიკურ წყაროებში მოიპოვება. ვარაუდობენ, რომ უდიების წინაპრები იყვნენ ძვ. წ. III ათასწლეულის შუმერულ-აქადურ ტექსტებში დამოწმებული კუტიები (გუტიები), რომლებიც მთიანი ზაგროსის უძველეს მოსახლეობას შეადგენდნენ. ბაბილონური წყაროების მიხედვით ცნობილია, რომ კუტიების შემოსევამ ძვ. წ. III ათასწლეულში დაამხო აქადური დინასტია. კუტიების ბატონობა მესოპოტამიაში დაახლოებით 125 წელს გრძელდებოდა და მათი უკანასკნელი მეფე ტირაკანი ურუქის მბრძანებელმა უტუხეგალემ დაამარცხა. შუამდინარეთიდან სამშობლოში (სამხრ. აზერბაიჯანში) დაბრუნებული უდიები ლულუბების მიერ იქნენ შევიწროვებულნი და იძულებულნი გახდნენ ამიერკავკასიის სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ოლქებში დასახლებულიყვნენ. ურარტული ლურსმული წყაროები მათ ეტიუნების სახელით მოიხსენიებენ. მკვლევართა ერთი ნაწილი „ეტიუნებს“ ანტიკური წყაროების „უტიებთან“ („ჳტიებთან“) აიგივებს.
იმ ავტორებს, რომლებიც კავკასიის ალბანელების ისტორიის, გეოგრაფიის, ენისა და კულტურის საკითხებს სწავლობდნენ, გამოთქმული აქვთ სხვადასხვა მოსაზრებანი: უდიები ალბანელების შთამომავლები არიან (ა. იანოვსკი, ა. კრიმსკი, ა. ბოლტუნოვა, ი. მეშჩანინოვი, ზ. იამპოლსკი, გ. მელიქიშვილი, კ. ტრევერი, ფ. მამედოვა), უდიების სამშობლო ჰერეთია (მ. ჯანაშვილი), უდიები ნოეს შთამომავლები არიან (მ. ნეშუმაშვილი), უდიები ცხოვრობდნენ მტკვრის მარცხენა და მარჯვენა ნაპირებზე ალაზნის შესართავთან (კ. ტრევერი), უდიები ცხოვრობდნენ მდ. არაქსის სამხრეთით, ირანის აზერბაიჯანში, ე.ი. იქ, სადაც შუმერულ-აქადური წყაროების მიხედვით ლოკალიზდებიან კუტიები. I საუკუნეში უტიებმა ჩრდილოეთით გადაინაცვლეს და არაქსმა გაყო მათი მიწები – ოტენა (ძირიდან „ოტ“-„უტ“) ატროპატენასაგან. II საუკუნეში უტიები მდინარე მტკვართან აღმოჩნდნენ (ი. ალიევი).

Source: ეთნოსები საქართველოში: [კრებული / რედ. მერაბ ბასილაია, სტილის რედ. ლევან ბრეგაძე; ფოტო: არჩილ ქიქოძე, ლევან ხერხეულიძე; პმგ გამოც. ბექა მინდიაშვილი]; საქ. სახალხო დამცვ. არსებ ტოლერანტობის ცენტრი, საქ. სახალხო დამცველის ბიბ-კა . - თბ., 2008. - 310გვ. : ფოტ., ნახ.; 27სმ.. - შენიშვნები: გვ. 295. - ISBN: 978-9941-0-0901-3(ორივე ტ.), ISBN: 978-9941-0-0902-7(2 ტ.)[MFN: 134340
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9