1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

კა კე კვ კი კლ კო კრ კუ
კაბ კად კავ კაზ კათ კაი კალ კამ კან კაპ კარ კას კატ კაუ

კათოლიკე ეკლესია

ქრისტიანული ეკლესიაა, რომელთა წევრები თავიანთ ამქვეყნიურ მეთაურად რომის ეპისკოპოსს მიიჩნევენ და მასთან სრულ ერთობაში იმყოფებიან.კათოლიკეებს სწამთ, რომ ეკლესია დაარსებულია იესო ქრისტეს მიერ და თავად მეთაურობს მას. მან დააკისრა კათოლიკე ეკლესიას კაცობრიობის ხსნა და სწორედ და მხოლოდ ამ ეკლესიაშია დაცული მხსნელ საშუალებათა მთელი სისავსე (სარწმუნოების სწორი და სრული აღიარება წმიდა წერილისა და წმიდა გადმოცემის ურყევი ერთგულებით, ყველა საიდუმლოს აღსრულება იესო ქრისტეს მიერ დაწესებულ განჩინებათა თანახმად, სამღვდელო მსახურება ხელდასხმის გზით მოციქულთა მემკვიდრეობითობის შენარჩუნებით). კათოლიკეებს მიაჩნიათ, რომ იესო ქრისტე მართავს თავის ეკლესიას რომის პაპისა და იმ ეპისკოპოსთა დასის მეშვეობით, რომლებიც პაპთან კანონიკურ თანაზიარებაში იმყოფებიან. კათოლიკეების რწმენით, იესო ქრისტემ წმიდა პეტრეს, როგორც მოციქულთა მეთაურს, მიანდო, ყოფილიყო მთელი ეკლესიის საფუძველი და მოძღვარი (შდრ. მთ. 16:1819; ინ. 21:1517), პეტრეს მსახურებას კი აგრძელებენ და ქრისტეს მეორედ მოსვლამდე გააგრძელებენ მოციქულთა მეთაურის უშუალო, უწყვეტი და კანონიერი მემკვიდრენი – რომის ეპისკოპოსები, ანუ რომის პაპები (თავად სიტყვა „პაპა“ მამას ნიშნავს), რომლებსაც კათოლიკეები ქრისტეს ამქვეყნიურ ნაცვლად მიიჩნევენ.
კათოლიკე ეკლესია ყველაზე მრავალრიცხოვანი ეკლესიაა მსოფლიოში. ამავე დროს, კათოლიკური კონფესია ყველაზე მრავალრიცხოვანია, საერთოდ, მსოფლიოში არსებულ რელიგიურ აღმსარებლობათა შორის. კათოლიკეთა რაოდენობა ერთ მილიარდ ორას მილიონ ადამიანს უახლოვდება.კათოლიკური სარწმუნოების მიხედვით, სამყარო შექმნილია ყოვლისშემძლე და ერთადერთი ღმრთის მიერ, რომელიც ღმრთაებრივი განგებულების საფუძველზე მართავს სამყაროს. ღმერთი იმდენად აღემატება თავის ყოველ ქმნილებას, რომ ღმრთაების არსი მიწიერი ადამიანისათვის მიუწვდომელ საიდუმლოდ რჩება. ღმერთი იმყოფება ყველგან, იგი სრულიად სამართლიანი და, ამავე დროს, უსაზღვროდ მოწყალეა: ღმერთი სიყვარულია. იგი ერთიანი და სამპიროვანია, ხოლო ამ პირებს (პიროვნებებს) ეწოდება მამა, ძე და სული წმიდა. ღმერთი სამებაა, ხოლო სამების სამივე პირი ერთსულოვნად მონაწილეობს ღმრთის ყოველ გარე გამოვლინებაში, მაგრამ განსხვავებულია მათი ურთიერთდამოკიდებულება: მამა შობს ძეს, სული წმიდა კი გამოდის მამისაგან და ძისაგან. ამავე დროს, მამა არის მთელი სამების წყარო – ძისა და სული წმიდის ერთადერთი საწყისი. ღმრთაებრივი ცხოვრების სისრულე ვლინდება სიყვარულით განმსჭვალულ მუდმივ ურთიერთობაში სამების წევრებს შორის.კათოლიკე ეკლესია აღიარებს წმიდანებს, რომლებიც უშუალო ახლობლობაში იმყოფებიან ღმერთთან, მაგრამ წმიდათა შორის განსაკუთრებული ადგილი განეკუთვნება ქალწულ მარიამს. წმიდა მარიამი სრულყოფილი სარწმუნოების სახეა. კათოლიკური თვალსაზრისით, ისტორიის განმავლობაში დოგმა შეიძლება განვითარდეს, თუმცა ეს სრულიადაც არ ნიშნავს, რომ მათი შინაარსი ფარდობითია. ამდენად, ეკლესიას დასაშვებად არ მიაჩნია დოგმატურ დადგენილებათა, როგორც გამოცხადების ჭეშმარიტებათა, არც გაუქმება და არც გადახედვა. კათოლიკე ეკლესიაში უმაღლესი, სრული, უშუალო, საყოველთაო და მმართველი ძალაუფლება განეკუთვნება რომის ეპისკოპოსს – პაპს ანუ უმაღლეს პონტიფექსს. პაპის სათათბირო საბჭოს წარმოადგენს კარდინალთა კოლეგია და ეპისკოპოსთა სინოდი.საეკლესიო ძალაუფლების მეორე უმაღლესი ინსტანცია კათოლიკე ეკლესიაში ეპისკოპოსთა კოლეგიაა, რომელიც თავის მსახურებას რომის პაპის ხელმძღვანელობით აღასრულებს. ეკლესიის მმართველობაში ეპისკოპოსთა კოლეგიურობა გამოიხატება ამა თუ იმ რეგიონის ეპისკოპოსთა შეკრებებში (საეპისკოპოსო კრება, სინოდი ან კონფერენცია) ანდა მსოფლიო კრებებში, რომელიც მთელ კათოლიკე ეკლესიას წარმოადგენს.
Source: რელიგიები საქართველოში: [კრებული / რედ. ზურაბ კიკნაძე, სტილის რედ. ლევან ბრეგაძე ; ფოტო: არჩილ ქიქოძე, ლევან ხერხეულიძე ; გამოც. პმგ ბექა მინდიაშვილი] ; საქ. სახალხო დამცველთან არსებ. ტოლერანტობის ცენტრი, საქ. სახალხო დამცვ. ბიბ-კა. - თბ., 2008.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9