1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

პა პე პი პლ პნ პო პრ პტ პუ
პრა პრე პრი პრო პრუ

პროტესტანტიზმი და რეფორმაცია

რეფორმაცია და პროტესტანტობა, ფაქტობრივად, ერთი და იგივე მოვლენებია. ორივეს არსებითი ნიშანი ტრადიციათა გადაფასება და შეცვლაა, მაგრამ მათ შორის გარკვეული სხვაობაცაა. რეფორმაცია, ძირითადად, ეკლესიის პრაქტიკის (ღვთისმსახურების) და კანონიკური წყობის რეკონსტრუქციას გულისხმობს, პროტესტანტობა – თეორიების, თვით დოგმატების, ცვალებადობასაც. ერთიც და მეორეც ლათინური სიტყვებია: „რეფორმატიო“ გარდაქმნას ნიშნავს, „პროტესტარი“ – დაწუნებას, საწინააღმდეგო აზრის გამოთქმას. თითოეულის ხასიათი და ბუნება სახელწოდებებშიც ჩანს: რეფორმატორი მიზნად ძველის გარდაქმნას ისახავს, პროტესტანტი კი არსებულსა და ტრადიციულს უპირისპირდება. რეფორმაცია საღვთო გადმოცემას, როგორც რწმენის ერთერთ წყაროს, ე.ი. ეკლესიის ავტორიტეტს პრინციპში (გლობალურად) არ უარყოფს, პროტესტანტობა კი სწორედ საღვთო გადმოცემის, ეკლესიის მამებისა და კრებების ავტორიტეტის გაუფასურებას აცხადებს. რელიგიური ფაქტორების გარდა, რეფორმაცია პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ ასპექტებსაც მოიცავს.პროტესტანტიზმი იზიარებს საერთო ქრისტიანულ მოძღვრებას ღმერთის არსების, მისი სამბუნებოვნების, სულის უკვდავების, სამოთხისა და ჯოჯოხეთის შესახებ (თუმცა ამავე დროს უარყოფს კათოლოკურ სწავლებას განსაწმენდელზე). პროტესტანტული მოძრაობისათვის ამოსავალია შემდეგი ოთხი პუნქტი: 1. მხოლოდ რწმენით (sola fide) ცხონდება ადამიანი და არა კეთილი საქმეებით (რომლებსაც შეიძლება ანგარებაც ედოს საფუძვლად), 2. მხოლოდ მადლით (sola gratia) მოიპოვება ხსნა და არა საკუთარი ქმედებებით, 3. მხოლოდ ქრისტე (solus Christus) არის მორწმუნეთა ავტორიტეტი და არა ეკლესია, 4. მხოლოდ წმიდა წერილი (sola scriptura) არის ქრისტიანული რწმენის საფუძველი და არა საეკლესიო ტრადიცია.პროტესტანტიზმი თავიდანვე, XVI საუკუნიდანვე, სამი მიმდინარეობის სახით მოგვევლინა. მათი დამაარსებლები არიან: მარტინ ლუთერი (1483–1546), ულრიხ ცვინგლი (1484–1531) და ჟან კალვინი (1509–1564). რეფორმაციის მამებს ბევრი საერთო და ბევრი განსხვავებული მოსაზრება ჰქონდათ. საერთოა, მაგალითად, იმის აღიარება, რომ ყოველ ადამიანს შეუძლია ინდივიდუალურად შეიტყოს ბიბლიიდან, რა და როგორ უნდა სწამდეს, ეკლესიის მამათა ავტორიტეტის გათვალისწინება აქ აუცილებელი არაა.
ლუთერის მოძღვრებამ გერმანიაში, სკანდინავიურ და ბალტიისპირეთის ქვეყნებში, ჟან კალვინისამ შვეიცარიაში, შოტლანდიაში, ნიდერლანდებში, საფრანგეთსა და ინგლისში გაიდგა ფესვი. ულრიხ ცვინგლის გავლენის არეალი კი, ძირითადად, შვეიცარიით შემოიფარგლა.
Source: რელიგიები საქართველოში : [კრებული / რედ. ზურაბ კიკნაძე, სტილის რედ. ლევან ბრეგაძე ; ფოტო: არჩილ ქიქოძე, ლევან ხერხეულიძე ; გამოც. პმგ ბექა მინდიაშვილი] ; საქ. სახალხო დამცველთან არსებ. ტოლერანტობის ცენტრი, საქ. სახალხო დამცვ. ბიბ-კა. - თბ., 2008.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9