ებრაელთა ყველაზე დიდი ჯგუფი ევროპელი ებრაელები – აშკენაზები – არიან. ისინი ევროპის მრავალ ქვეყანაში, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში, ლათინურ ამერიკაში, სამხრეთ აფრიკაში სახლობენ. აშკენეზთა წიაღში აღმოცენდა სალაპარაკო ებრაული ენა იდიში. ებრაელთა მეორე მნიშვნელოვან ჯგუფს სეფარადები შეადგენენ. 1492 წელს სეფარადები ესპანეთიდან განდევნეს და ისინი ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში, თურქეთსა და ბალკანეთში დასახლდნენ. მათ შეინარჩუნეს ესპანეთში შეთვისებული წეს-ჩვეულებები და ენა ლადინო, რომელიც ძველი ესპანური ენის ბაზაზე შეიქმნა. მოგვიანებით ევროპელი ებრაელების საპირწონედ აზიურ ქვეყნებში მცხოვრები ყველა ებრაელი სეფარადად იწოდა.
Source: რელიგიები საქართველოში: [კრებული/რედ. ზურაბ კიკნაძე, სტილის რედ. ლევან ბრეგაძე; ფოტო: არჩილ ქიქოძე, ლევან ხერხეულიძე; გამოც. პმგ ბექა მინდიაშვილი]; საქ. სახალხო დამცველთან არსებ. ტოლერანტობის ცენტრი, საქ. სახალხო დამცვ. ბიბ-კა. - თბ., 2008.