1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ლა ლგ ლე ლი ლო ლტ ლუ
ლუთ ლუი ლუკ ლუმ ლუნ ლუს ლუც

ლუთერანიზმი

1517 წელს ვიტენბერგის უნივერსიტეტის პროფესორის მარტინ ლუთერის მიერ ქალაქის ეკლესიის კარებზე გამოკრულმა ოთხმოცდათხუთმეტმა თეზისმა, საფუძველი ჩაუყარა ახალ მიმდინარეობას ქრისტიანულ რელიგიაში - პროტესტანტიზმს, რომელმაც გერმანიასა და სკანდინავიაში ლუთერანიზმის სახელი მიიღო. გერმანელი ხალხისათვის ეს არა მარტო რელიგიური რეფორმა, არამედ ეროვნული მოძრაობის ტოლფასი მოვლენა იყო, რომელსაც გერმანული არისტოკრატიის დიდმა ნაწილმაც დაუჭირა მხარი. ლუთერი რიმელმაც თავისი მოძღვრება, ძირითადად პავლე მოციქულის რომაელთა მიმართ ეპისტოლეს საფუძველზე ააგო, და რომელმაც პირველად თარგმნა წმინდა წერილი ლათინურიდან გერმანულად, წინა პლანზე წამოსწია რწმენის ფაქტორი, ხოლო გონებრივი, აზრობრივი მომენტი მეორეხარისხოვნად მიიჩნია. იგი საერთოდ უარყოფდა ყოველგვარ სქოლასტიკას. მისი აზრით, სადაც გონება და სწავლა გაერეოდა, იქ რწმენა იკარგებოდა. ლუთერი აკრიტიკებდა კათოლიკური ეკლესიის წოდებრივ-იერარქიულ სტრუქტურას, პომპეზურ რიტუალებს და დოგმატურ-სქოლასტიკურ სისტემას, რომლის მიხედვითაც, ადამიანის ურთიერთობა ღმერთთან, მხოლოდ პაპისა და სამღვდელოების შუამავლობით იყო დასაშვები. ლუთერი გმობდა ინდულგენციებით ვაჭრობას, როგორც სამარცხვინო ფაქტს ყოველი ქრისტიანისათვის, რომელიც მდიდარს საშუალებას აძლევდა ფულით გამოესყიდა ცოდვები, უქონელი კი ამის საშუალებას მოკლებული იყო. ლუთერისათვის ყველაფრის საწყისს შინაგანი რწმენა წარმოადგენდა, რომლის თანახმად, თითოეულ ადამიანში არის ღვთის მადლი, ადამიანს შეუძლია პირდაპირი, უშუალო კავშირი ჰქონდეს ღმერთთან და ყველას შეუძლია თავის თავის მღვდელი იყოს, რადგან ჭეშმარიტად მორწმუნე ქრისტიანი ისევე ძლიერია, როგორც თავად იესო ქრისტე. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ვიფიქროთ, რომ მარტინ ლუთერი ნამდვილად პირველადი სარწმუნეობის ერთგული მიმდევარი და ხალხზე მზრუნველი ადამიანია, რომ არა ორი საჩოთირო მომენტი: ლუთერი სასტიკად დაუპირისპირდა სახალხო მოძრაობას ტომას მიუნცერის (ეს უკანასკნელი ლუთერს თავის სულიერ მამად და მასწავლებლად თვლიდა) მეთაურობით, რომელიც არა მარტო რომის დიქტატის, არამედ ადგილობრივი ფეოდალური ელიტის წინააღმდეგაც იყო მიმართული; იგი აშკარად მოუწოდებდა მეამბოხე გლეხობის დაუნდობელი გაჟლეტისაკენ და საერთოდ, ლუთერისათვის კატეგორიულად მიუღებელი იყო ადამიანთა უფლებრივ თანასწორობაზე საუბარიც კი. და მეორე, ცნობილია ლუთერის სრული შეურიგებლობა ნებისმიერი განსხვავებული აზრის მიმართ, თანამორწმუნეებისგანაც კი; და ეს იმ დროს, როდესაც თვითონ კათოლიკურ დოგმატიზმს ებრძოდა. აღსანიშნავია ჰეგელის მოსაზრება იმაზე, რომ ცხოვრებისა და აზროვნების ლუთერისეული წესი პრაქტიკულად არაფრით განსხვავდება ჩვეულებრივი ბურჟუას ცხოვრებისა და აზროვნების წესისაგან. ყოველივე ამის შემდეგ ძნელია ბოლომდე ირწმუნო ლუთერის მისწრაფება უზენაესი ჭეშმარიტებისაკენ და ეჭვი არ შეგეპაროს მის გულწრფელობაში.
Source: დურმიშიძე ნ, ტორონჯაძე ი, მსოფლიო პოლიტიკის ცივილიზაციური ასპექტების როლი თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობებში და საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ზოგიერთი პრობლემა,–ფრიგრიხ ებერტის ფონდი
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9