1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ე- ეა ებ ეგ ევ ეზ ეთ ეი ეკ ელ ემ ენ ეპ ერ ეს ეტ ეუ ეფ ექ ეჩ ეჭ
ეკლ ეკო ეკუ

ეკლესია „ვაზი“

თავისუფალი მიმართულების ეკლესია, ანუ ქრისტიანული საზოგადოებაა, რომელიც თავს არც ერთ კონფესიას არ მიაკუთვნებს; ჩამოყალიბდა, ძირითადად, ბაპტისტური ეკლესიის ბაზაზე 1996 წელს, მოქმედებს თბილისში, რეგისტრირებულია 1999 წლიდან; ხელმძღვანელი დოქტ. კონსტანტინე სარაჯიშვილი, ხუცესი – ვილი როჰერტი, რომელიც ამჟამად გერმანიაში ცხოვრობს. აქვს ოფისი საბურთალოს რაიონში, ნუცუბიძის პლატოზე. სახელწოდება აღებულია იესო ქრისტეს ფრაზიდან: „მე ვარ ვენახი ჭეშმარიტი“ (იოანე 15:1). ამდენად, ვენახი, ანუ ვაზი მაცხოვრის სიმბოლოა და ამ სახელით მოქმედი საზოგადოების წევრები და თანამდგომები თავს იესო ქრისტეს მიმდევრებად მიიჩნევენ. აღნიშნული საზოგადოება სხვა რელიგიური ორგანიზაციებისაგან იმით განსხვავდება, რომ ის თავისი წევრებისაგან მხოლოდ და მხოლოდ იესო ქრისტეს გამომსყიდველობითი მისიის აღიარებას მოითხოვს. მისი კარი ღიაა ყველასათვის, ვისაც ქრისტესადმი, როგორც მხსნელისადმი, რწმენა აქვს. დოგმატური პოზიციები და პრინციპები „ვაზის“ წევრთათვის მეორეხარისხოვანია. ამიტომ საზოგადოება „ვაზი“ ნებისმიერი აღმსარებლობის მიმდევარს აერთიანებს. მის საღვთისმსახურო შეკრებებში (ლოცვა, ქადაგება), ბიბლიის შემსწავლელ სემინარებსა და, განსაკუთრებით, კულტურულ–საგანმანათლებლო ღონისძიებებში მონაწილეობენ როგორც პროტესტანტები, მართლმადიდებლები და კათოლიკეები, ისე აგნოსტიკოსები და ათეისტებიც კი. უკანასკნელნი, ცხადია, არ ლოცულობენ, მაგრამ დებატებში სიამოვნებით ერთვებიან და სამეცნიერო-შემეცნებით მოხსენებებსაც კითხულობენ. ამ მიზნით „ვაზის“ ოფისში რეგულარულად იმართება „კაფეები“ და ეწყობა ქრისტიანული ფილმების ჩვენება.
Source: რელიგიები საქართველოში: [კრებული / რედ. ზურაბ კიკნაძე, სტილის რედ. ლევან ბრეგაძე; ფოტო: არჩილ ქიქოძე, ლევან ხერხეულიძე; გამოც. პმგ ბექა მინდიაშვილი]; საქ. სახალხო დამცველთან არსებ. ტოლერანტობის ცენტრი, საქ. სახალხო დამცვ. ბიბ-კა. - თბ., 2008.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9