მუსლიმთა რელიგიური და ზნეობრივი ცხოვრების ხარისხს განსაზღვრავს ორი საპირისპირო კატეგორიის ცოდნა და მათი გათვალისწინება. ესენია ჰალალი და ჰარამი. პირველი („ჰალალ“ – „თავისუფალი“) ნიშნავს იმას, რაც ნებადართულია, ანუ აკრძალული არ არის, მეორე („ჰარამ“ – „აკრძალული“) – იმას, რაც რჯულისაგან (ალლაჰისაგან) ნებადართული არ არის და, მაშასადამე, აკრძალულია. მაგრამ იმას, თუ რა დოზით და რა სიმკაცრითაა აკრძალული და რა სასჯელი ელოდება ამა თუ იმ ჰარამის ჩამდენს, აზუსტებს და აკანონებს ფიკჰი.
მაგალითად: გარკვეულია, რომ მუსლიმ მამაკაცს შეუძლია ერთდროულად იყოლიოს ოთხი ცოლი, თუკი ამის ეკონომიური საფუძველი აქვს (ზავაჯი, პოლიგამია). დასაშვებია მუსლიმი მამაკაცის ქორწინება ქრისტიან ან იუდეველ ქალთან, მაგრამ მუსლიმი ქალი მხოლოდ ერთმორწმუნე მამაკაცს შეიძლება მითხოვდეს. დაუშვებელია უახლოეს ნათესავებს შორის ქორწინება. დღისით გარდაცვლილი იკრძალება იმავე დღეს, მზის ჩასვლამდე, ნაშუადღევს გარდაცვლილი – მეორე დღეს. სიკვდილის წინ მუსლიმი შაჰადას წარმოთქვამს, თუკი ეს შეუძლებელია, სხვამ უნდა ჩასჩურჩულოს. გარდაცვლილს სახით მექასკენ მიატრიალებენ, განბანენ და თეთრ ან მწვანე სუდარაში გაახვევენ, კითხულობენ ლოცვებსა და ასრულებენ რიტუალს (ჯაზანა). დაუშვებელია ლოცვა თვითმკვლელისა და ურწმუნოს სახელზე. მიცვალებულის მოხსენიება ხდება მე–3, მე7 და მე–40 დღეს. აკრძალულია ღვინისა და სხვა მათრობელი სასმელების სმა, ღორის ხორცის ჭამა, აზარტული თამაშობები და ბევრი სხვა.
Source: რელიგიები საქართველოში: [კრებული / რედ. ზურაბ კიკნაძე, სტილის რედ. ლევან ბრეგაძე; ფოტო: არჩილ ქიქოძე, ლევან ხერხეულიძე; გამოც. პმგ ბექა მინდიაშვილი]; საქ. სახალხო დამცველთან არსებ. ტოლერანტობის ცენტრი, საქ. სახალხო დამცვ. ბიბ-კა. - თბ., 2008.