1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მა მგ მდ მე მთ მი მკ მმ მნ მო მრ მს მტ მუ მყ მშ მც მძ მწ მხ
მუდ მულ მუნ მურ მუს მუტ მუქ მუღ მუშ მუჰ

მუნიზმი

ლიტერატურაში ეს მიმდინარეობა რამდენიმე თვითსახელწოდებითაა ცნობილი: „ერთობის მოძრაობა“, „სულიწმინდის ასოციაცია მსოფლიოს ქრისტიანთა ერთიანობისათვის“, ანუ, შემოკლებით, „ერთობის ეკლესია“, „ქალთა ფედერაცია მშვიდობისათვის მთელ მსოფლიოში“ და სხვ.
ამ სახელწოდებათა მიღმა მოიაზრება სინკრეტულ-სპირიტუალური მოძრაობა, რომელიც კორეაში ჩაისახა, ამერიკაში ჩამოყალიბდა და მსოფლიოს ყველა კონტინენტზე გავრცელდა. მისი ფუძემდებელია მუნი, რომელსაც მიმდევრები ასე მოიხსენიებენ – ღირსი სან მიუნგ მუნი. მის მიერ შემუშავებულ თეორიასა და პრაქტიკას ზოგადად მუნიზმს, მიმდევრებს კი „მუნიტებს“ უწოდებენ. სან მიუნგ მუნი 1920 წელს სამხრეთ კორეაში დაიბადა. მისი მამა პრესვიტერიანელი პასტორი იყო, რომელიც შვილს პასტორად (მღვდლად) ამზადებდა, მაგრამ მან სხვა ყაიდის რელიგიური და სპირიტუალური გატაცებები გამოავლინა. იგი 16 წლის იყო, როდესაც თავის თავში ქარიზმატული ლიდერის ძალა (ქარიზმა) აღმოაჩინა. 25 წლისამ საპროგრამო ტრაქტატი დაწერა და დაიწყო მტკიცება, რომ ის მესიაა, რომ მას იესო ქრისტე, ბუდა და სხვა დიდი წინასწარმეტყველები გამოეცხადნენ და უთხრეს, ჩვენი საქმე ბოლომდე მიიყვანეო. ამის გამო მან ნათლობისეული სახელი სან სენ შეიცვალა და დაირქვა სან მიუნგი, რაც „მანათობელ ურჩხულს“ ნიშნავს. 1954 წელს სან მიუნგმა სეულში „ერთობის ეკლესია“ დააარსა. 1972 წელს მუნი ამერიკაში გადასახლდა. მან იქ მიმდევართა დიდი კოლექტივი შემოიკრიბა და მნიშვნელოვანი კაპიტალი დააგროვა, თუმცა იგი 1982 წელს ამერიკაში გადასახადთა გადაუხდელობის ბრალდებით დააპატიმრეს და წელიწადნახევრიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ამის მიუხედავად, მუნი თავისი მოძღვრების მსოფლიო მასშტაბით გავრცელებას შეუდგა. 1992 წელს მან თავისი თავი ახალი კაცობრიობის მამად და მესამე ადამად (იესო ქრისტეს შემდეგ) გამოაცხადა, ხოლო თავისი ცოლი – კაცობრიობის დედად და მესამე ევად (მარიამ ღვთისმშობლის შემდეგ). მან ნიუიორკის ერთ უბანში მასობრივი ქორწინება მოაწყო და 2075 წყვილი ერთდროულად დააქორწინა. ახალდაქორწინებულები ერთმანეთს პირველად შეხვდნენ: „ახალი მესიის“, მუნის, კურთხევით ერთნაირ კაბებში გამოწყობილ სარძლოთა არმია საქმროთა არმიას მისთხოვდა.
ღირსი სან მიუნგ მუნი მსოფლიოში მოგზაურობას და ინტენსიურ მოღვაწეობას დღესაც განაგრძობს, თუმცა მას, რამდენიმე ქვეყანაში შესვლის უფლება წართმეული აქვს.
Source: რელიგიები საქართველოში: [კრებული / რედ. ზურაბ კიკნაძე, სტილის რედ. ლევან ბრეგაძე; ფოტო: არჩილ ქიქოძე, ლევან ხერხეულიძე; გამოც. პმგ ბექა მინდიაშვილი]; საქ. სახალხო დამცველთან არსებ. ტოლერანტობის ცენტრი, საქ. სახალხო დამცვ. ბიბ-კა. - თბ., 2008.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9