1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მა მგ მდ მე მთ მი მკ მმ მნ მო მრ მს მტ მუ მყ მშ მც მძ მწ მხ
მუდ მულ მუნ მურ მუს მუტ მუქ მუღ მუშ მუჰ

მუსლიმთა ხუთი მცნება

„ხუთი ბურჯი“ (რუქნ) და ჯიჰადი. მუსლიმთა რწმენისმიერ ცხოვრებას, ანუ ისლამურ სათნოებას „ხუთი ბურჯი“ განსაზღვრავს:
1. ერთადერთ ღმერთად ალაჰის აღიარება – შაჰადა („მოწმობა“). ესაა რიტუალური და ყველაზე ტევადი ფორმულა, რომელიც ისლამის ორ მთავარ თეზისს გამოხატავს.
2. ყოველდღიური ხუთგზისი ლოცვა – სალათი (არაბ. ალსალათ, სპარს. ნამაზი). ყოველ ასეთ (წესისმიერ) ლოცვას წინ უძღვის განბანვა (ვუდუ). ლოცვა შესაფერის პირობებში სრულდება – ნოხზე დადგომით და დაჩოქებით, პირით მექისაკენ (კიბლა). ლოცვის ყოველდღიური ციკლი ასეთია: ფაჯრი – სრულდება განთიადზე, ზუჰრი – შუადღისას, ასრი – მზის ჩასვლამდე, მაღრიბ – მზის ჩასვლის ჩემდეგ და, მეხუთე, იშა – ღამით, ძილის წინ.
3. მოწყალება – ზაქათი (სიტყვა–სიტყვით: განწმენდა, გასუფთავება). ყურანის თანახმად (2:211, 216219 და სხვ.), მორწმუნე ვალდებულია, მოწყალება გაიღოს და გაჭირვებულებს დაეხმაროს. მუსლიმთა თვალსაზრისით, ყველა ამქვეყნიური სიკეთე (ფული, ქონება, დიდკაცობა) უწმინდურია. მათი მოპოვება და გამოყენება ნებადართულია მხოლოდ განწმენდისა და ღმერთისათვის ნაწილობრივი დაბრუნების პირობით. ვინც უპოვარს ხელს უმართავს, ის საკუთარ სულს ასუფთავებს. ზაქათის სინონიმია სადაკა.
4. სავალდებულო მარხვა – საუმი. ესაა მუსლიმთა კალენდრის მეცხრე თვე. გადმოცემის თანახმად, ალაჰმა სწორედ ამ თვეში შთააგონა მუჰამადს წინასწარმეტყველისა და მოციქულის მისია და ყურანის პირველი გამოცხადებაც მიმადლა. მარხვა მორწმუნე მუსლიმს სულისა და გონების მობილიზაციას ავალდებულებს. მან დღის საათებში ყოველგვარი ფიზიკური სიამოვნებისაგან თავი უნდა შეიკავოს – ჭამისაგან, სმისაგან და ინტიმური ცხოვრებისაგან. ამ აკრძალვებისაგან იგი თავისუფლდება მზის ჩასვლის შემდეგ. თუმცა მორწმუნეს ღამის საათებშიც მხოლოდ სიკეთის ქმნა მართებს. მარხვა 30 დღეს გრძელდება და სამდღიანი ზეიმით მთავრდება.
5. მომლოცველობა – ჰაჯი. ზოგადი აზრით, ჰაჯი ნიშნავს პილიგრიმობას (წმ. ადგილების მოლოცვას), მაგრამ ამ სიტყვას (ალჰაჯჯ) კონკრეტული შინაარსი აქვს და მექაში პილიგრიმობას გულისხმობს. ყურანის თანახმად, მექაში მოგზაურობა და ქააბას მონახულება სავალდებულოა ყველა მუსლიმისათვის, ვისაც ეს ძალუძს (3:9091 და სხვ.). ეს აქტი მორწმუნემ ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა განახორციელოს. ვინც ამას ავადმყოფობის გამო ვერ ახერხებს, შეუძლია, წარმომადგენელი გააგზავნოს. ჰაჯისაგან მხოლოდ ფსიქიკური პრობლემების მქონე, უპოვარი და მონა თავისუფლდებიან. ჰაჯი მთვარის კალენდრის უკანასკნელ თვეში სრულდება. მორწმუნეს პილიგრიმობის უფლება ყოველთვის აქვს, მაგრამ ალჰაჯჯი მხოლოდ წელიწადის აღნიშნულ მონაკვეთში უნდა შესრულდეს.
Source: რელიგიები საქართველოში: [კრებული / რედ. ზურაბ კიკნაძე, სტილის რედ. ლევან ბრეგაძე; ფოტო: არჩილ ქიქოძე, ლევან ხერხეულიძე; გამოც. პმგ ბექა მინდიაშვილი]; საქ. სახალხო დამცველთან არსებ. ტოლერანტობის ცენტრი, საქ. სახალხო დამცვ. ბიბ-კა. - თბ., 2008.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9