1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ობ ოგ ოვ ოზ ოთ ოი ოკ ოლ ომ ონ ოპ ორ ოს ოფ ოქ ოჩ ოხ ოჯ
ორგ ორდ ორთ ორი ორმ ორპ ორს ორტ ორჰ

ორმოცდაათიანელები

ქრისტიანული სარწმუნოების ერთ-ერთი პროტესტანტული მიმართულება – თავისუფალი (არატრადიციული) ეკლესია, რომელიც ცნობილია სხვა სახელითაც: სახარებისეული რწმენის ქრისტიანები, ევანგელისტები, ევანგელისტ-ორმოცდაათიანელები. საზოგადოებები (ეკლესიები), რომლებიც ამ სახელწოდებების ქვეშ მოიაზრება, ორგანიზაციული თვალსაზრისით ზოგჯერ ერთმანეთისაგან დამოუკიდებლები არიან. მათი საერთო და არსებითი ნიშნებია: წმინდა სულის ცხოველმყოფელ ძალასა და მოქმედებაზე ყურადღების გამორჩეულად გამახვილება და ქარიზმატული განწყობილება (რელიგიური ანთებულება), რასაც ხშირად თან ახლავს წინასწარმეტყველება, „ენებით ლაპარაკი“ და კურნება. ფესვებით დაკავშირებულია მოციქულთა დროინდელ ეკლესიასა და ტრადიციასთან, რომელიც XVIII საუკუნის ევროპასა და ამერიკაში, ე.წ. სულიწმინდისეული მიმდინარეობის ანუ, რელიგიურ-სპირიტუალური მოძრაობის სახით აღორძინდა („გამოღვიძება“ და „ინსპირაცია“). წარმოიშვა ამერიკის შეერთებულ შტატებში XIX–XX საუკუნეების მიჯნაზე. დაარსების ოფიციალურ თარიღად 1906 წლის 14 აპრილი ითვლება. ჩამოყალიბდა როგორც მისიონერული ეკლესია. წამოაყენა ინტერნაციონალური ევანგელიზაციის დიდი პროგრამა, რის შედეგადაც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში სწრაფად გავრცელდა. XX საუკუნის 60იანი წლების დამდეგს ორად გაიყო: ერთ მხარეს ტრადიციული მიმართულების ორმოცდაათიანელები აღმოჩნდნენ, მეორე მხარეს კი – ქარიზმატები. ორივე მიმართულება დღეისათვის მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე მზარდ ეკლესიად ითვლება. მიმდევრების საერთო რაოდენობა, უკანასკნელი მონაცემების მიხედვით, 600 მილიონს უახლოვდება. საქართველოში ცნობილია XX საუკუნის 20-იანი წლებიდან.ამ კონფესიის არსებითი ნიშანი თვით სახელწოდებაშია აღბეჭდილი – ორმოცდაათი ანუ, ბერძნ., პენტეკოსტე, რაც 50-ე დღის სასწაულზე მიგვითითებს. იგულისხმება სულთმოფენობა, რომელიც იესო ქრისტეს აღდგომიდან 50-ე დღეს მოხდა. ამ დროს მოციქულებზე გადმოვიდა წმინდა სული და მათ უცხო ენებზე ლაპარაკი დაიწყეს (საქ. 2:18). ამის გამო ორმოცდაათიანელთა ეკლესიას (პენტეკოსტელებს) ბევრგან სულიწმინდის მოფენის ეკლესია ეწოდება.
Source: რელიგიები საქართველოში: [კრებული / რედ. ზურაბ კიკნაძე, სტილის რედ. ლევან ბრეგაძე; ფოტო: არჩილ ქიქოძე, ლევან ხერხეულიძე; გამოც. პმგ ბექა მინდიაშვილი]; საქ. სახალხო დამცველთან არსებ. ტოლერანტობის ცენტრი, საქ. სახალხო დამცვ. ბიბ-კა. - თბ., 2008.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9