1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

შა შე შვ შთ ში შლ შნ შო შრ შტ შუ
შტა

შტაინერი რუდოლფ

ანთროპოსოფიის დამაარსებელი. მისი თეორიისა და პრაქტიკის მიმდევრებს შტაინერელებსაც ეძახიან. რუდოლფ შტაინერი ავსტრიაში, ქ. კრალევიჩში (უნგრეთის საზღვართან), 1861 წლის 25 თებერვალს დაიბადა. მამა რკინიგზის სადგურის უფროსად მსახურობდა და იმდენი შესაძლებლობა ჰქონდა, რომ შვილებისათვის სათანადო განათლება მიეცა, მაგრამ აკადემიური ცოდნის წყურვილი მხოლოდ რუდოლფმა გამოამჟღავნა.1879-1883 წლებში რ. შტაინერი ვენის ტექნიკურ ინსტიტუტსა და, პარალელურად (თავისუფალი მსმენელის სტატუსით), უნივერსიტეტში სწავლობს. ისმენს ლექციებს ფიზიკა-მათემატიკაში, ბიოლოგიასა და ფილოსოფიაში და მიდის დასკვნამდე, რომ მატერიალური სამყაროს კანონზომიერებანი ზეგრძნობადი სამყაროს კანონზომიერებათა გამოვლინებაა. 1883 წელს მან როსტოკის უნივერსიტეტში დაიცვა დისერტაცია თემაზე „შემეცნების თეორიის ძირითადი საკითხები“ და ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი მოიპოვა. 1884–1899 წლებში რ. შტაინერი ინტენსიურ სამეცნიერო-საგამომცემლო და პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა.იმავე წლიდან დოქტ. შტაინერის ცხოვრებასა და მსოფლმხედველობაში გარდატეხა მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ შტაინერს ზეგრძნობადი სამყაროს არსებობაში ეჭვი არასდროს შეჰპარვია, რელიგიის მიმართ მას კრიტიკულად დისტანციური დამოკიდებულება ჰქონდა. იყო ნიცშეანელი და თვლიდა, რომ „ღმერთი მოკვდა“. 1900 წელს იგი თეოსოფიურ საზოგადოებას და მის პრეზიდენტს, ანი ბეზანტს, დაუახლოვდა და ბერლინის ერთ-ერთ კლუბში ქრისტიანული მისტიკის შესახებ ყოველკვირეული ლექციების კითხვა დაიწყო („ქრისტიანობა, როგორც მისტიკური აქტი“). ეს იყო ვრცელი კურსი, რომელზე მუშაობის დროსაც შტაინერი ქრისტიანობას რწმენით ეზიარა. ამ მომენტს მან ავტობიოგრაფიაში „ღრმა შემოტრიალება“ დაარქვა.1902 წელს დოქტ. შტაინერი ოფიციალურად გახდა თეოსოფიური საზოგადოების ადიარის ფრთის წევრი და გერმანული სექციის ხელმძღვანელი, მაგრამ ქრისტოლოგიის საკითხში (ძირითადად) მას ამ საზოგადოებასთან რამდენიმე წლის შემდეგ კონფლიქტი მოუვიდა. მან ირწმუნა ბიბლია და ქრისტეს ღვთაებრიობა. მისთვის მიუღებელი აღმოჩნდა თეოსოფების ხედვა, რომ ქრისტე ერთ-ერთი (და არა ერთადერთი) ავატარაა ეს იყო მთავარი მიზეზი, რის საფუძველზეც რუდოლფ შტაინერი აღნიშნულ საზოგადოებას 1912 წელს გამოეყო და 1913 წელს „საყოველთაო ანთროპოსოფიული საზოგადოება“ დააარსა. ამ წელს თეოსოფიური საზოგადოების გერმანული სექცია 2500 წევრმა დატოვა – ისინი ანთროპოსოფიულ საზოგადოებაში შევიდნენ. პირველი სექცია კიოლნში ჩამოყალიბდა.ამის შემდეგ შტაინერი ხელოვნებითა და არქიტექტურით დაინტერესდა. 1910-1913 წლებში მიუნხენში მისი ოთხი მისტიკური დრამა დაიდგა, ხოლო ქ. დორნახში (შვეიცარია), სადაც ის გადასახლდა და დამკვიდრდა, 1922 წელს საკუთარი პროექტითა და ინჟინერიით ხის სახლი (გოეთეანუმი ანუ გოეთეანელთა სახლი) ააგო. იქ ანთროპოსოფიული საზოგადოების ცენტრი და სკოლა განთავსდა, მაგრამ შენობა მომდევნო წელს ხანძარმა იმსხვერპლა. მის ადგილზე მან ახალი, უფრო დიდი, ერთობ ორიგინალური სტილის ბეტონის სახლის მშენებლობა წამოიწყო, მაგრამ დამთავრებას ვერ მოესწრო (დაასრულეს 1928 წ.). ეს ნაგებობა, გოეთეანუმი, არქიტექტურულ შედევრადაა მიჩნეული. 1914-1922 წლებში ლექციების წასაკითხად შტაინერმა დასავლეთ ევროპის ბევრ ქალაქში იმოგზაურა. იგი ომის საწინააღმდეგო მოწოდებით გამოდიოდა და ამ პოზიციას ანთროპოსოფიის პრინციპებით ამყარებდა. მის საჯარო გამოსვლებს იმდენი მსმენელი ესწრებდა, რომ წესრიგის დასამყარებლად ხშირად პოლიციას იძახებდნენ.
რუდოლფ შტაინერი 1925 წლის 30 მარტს რამდენიმეთვიანი მძიმე ავადმყოფობის შემდეგ დორნახში გარდაიცვალა. დაკრძალულია იქვე, გოეთეანუმის ბაღში. დიაგნოზი და გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ცნობილი არ არის (ზოგიერთი ანთროპოსოფი მოწამვლას ასახელებს).
Source: რელიგიები საქართველოში: [კრებული / რედ. ზურაბ კიკნაძე, სტილის რედ. ლევან ბრეგაძე; ფოტო: არჩილ ქიქოძე, ლევან ხერხეულიძე; გამოც. პმგ ბექა მინდიაშვილი]; საქ. სახალხო დამცველთან არსებ. ტოლერანტობის ცენტრი, საქ. სახალხო დამცვ. ბიბ-კა. - თბ., 2008.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9