1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

თა თე თვ თო თუ
თეზ თეთ თეი თემ თეო თერ თეტ თეფ თეშ

თეოსოფია

ბერძნული სიტყვაა (თეოს – ღმერთი, სოფია – სიბრძნე) და „ღვთის სიბრძნეს“, ღვთაებრივ სიბრძნეს ნიშნავს. მოკლე განმარტებით, თეოსოფია არის ღვთიური სიბრძნის წარმოჩენის მეცნიერება და ღვთისშემეცნების მეთოდოლოგია. ამ სახელით ღვთაებრივ სიბრძნეს და ღვთაებრივ მოძღვრებას სხვადასხვა რელიგიურ და ფილოსოფიურ სისტემაში მოიხსენიებდნენ, მაგალითად, – იუდაურ კაბალაში, ანტიკურ და ქრისტიანულ გნოსტიციზმში, ისლამურ სუფიზმში, მაგრამ თეოსოფია, როგორც დარგი, XIX საუკუნის 70-იან წლებში ჩამოყალიბდა. იგი, ძირითადად, დაფუძნებულია ინდურ რელიგიურ გარემოსა და სპირიტუალობაზე, მაგრამ ჭეშმარიტების მარცვლებს ყველგან ხედავს და „კაცთა მოდგმის საყოველთაო ძმობას“ ქადაგებს. არსებობს თეოსოფიის სხვადასხვაგვარი დეფინიცია:
1) რელიგიის ისტორიკოსებისა და ეზოთერიზმის მკვლევართა განსაზღვრებით, თეოსოფია მისტიციზმის ნაირსახეობას წარმოადგენს. იგი განსხვავდება თეოლოგიისაგან. თუკი თეოლოგია მოცემული რელიგიის საფუძვლების, როგორც ავტორიტეტის, რაციონალურ და რეფლექტურ ანალიზს ემყარება, თეოსოფიის წყარო, უპირატესად, ინდივიდუალური ზეშთაგონებანია. შესაბამისად, მისი ველი ვრცელია და ერთი კონკრეტული რელიგიის ფარგლებს სცილდება.
2) თვით თეოსოფიის, როგორც ერთ-ერთი თანამედროვე რელიგიურ-მისტიკური მიმართულების თვალთახედვით, თეოსოფია იმ ზეჭეშმარიტების გამოცხადებას წარმოადგენს, რომელიც ადამიანის შინაგან სამყაროში არსებული ღვთაებრივი ცენტრიდან გადმოიღვრება და, რომლის საფუძველზე ერთი კონკრეტული დარგი და სისტემა იქმნება. თუკი ამ სისტემის საზღვრებს გავცდებით, ძველი და ახალი დროის ბევრი მისტიკოსის, ოკულტისტისა და გნოსტიკოსის თეოსოფად გამოცხადება მოგვიწევს.
Source: რელიგიები საქართველოში: [კრებული / რედ. ზურაბ კიკნაძე, სტილის რედ. ლევან ბრეგაძე; ფოტო: არჩილ ქიქოძე, ლევან ხერხეულიძე; გამოც. პმგ ბექა მინდიაშვილი]; საქ. სახალხო დამცველთან არსებ. ტოლერანტობის ცენტრი, საქ. სახალხო დამცვ. ბიბ-კა. - თბ., 2008.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9