1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ხა ხე ხი ხო ხს ხუ
ხაბ ხაზ ხალ ხან ხარ ხას ხატ

ხარიჯიტები

(არაბ. „გამოსულები“, „ამბოხებულები“), ანუ ისინი, ვინც ალის გადაუდგნენ. ისლამის ისტორიაში ყველაზე ძველი რელიგიურპოლიტიკური პარტიის მიმდევრები არიან. ამ პარტიამ (12 ათასმა მეომარმა) 657 წ. პროტესტი გამოუცხადა ალის, რადგან მან სირიის გამგებლის, მუავიას, წინააღმდეგ გადამწყვეტ ბრძოლაზე გადასვლა ვერ გაბედა და სამედიატორო სასამართლოს დათანხმდა. ისინი, სარდლის უმოქმედობით შეურაცხყოფილნი, შეიკრიბნენ სოფელ ჰარურასთან (აქედან მოდის მათი თავდაპირველი სახელწოდება „ჰარურიტები“), გაწყვიტეს კავშირი ალისთან, მოკლეს იგი და ისლამში ახალი მიმართულება შექმნეს. ხარიჯიტებმა თეოკრატიული სახელმწიფოს პრინციპები დაამუშავეს. ისინი აღიარებდნენ რელიგიური თემისა და სახელმწიფოს მეთაურის არჩევითობის პრინციპს და, ამასთანავე, კანდიდატის წარმომავლობას არავითარ მნიშვნელობას არ ანიჭებდნენ (იმამად მონის არჩევაც შეიძლებოდა). პრეტენდენტობის აუცილებელ პირობას ყურანისა და სუნას მითითებათა შესრულება, ადამიანებისადმი სამართლიანი დამოკიდებულება და ტირანიის წინააღმდეგ იარაღით ბრძოლის უნარი წარმოადგენდა. ისინი ისლამის სიწმინდის დამცველებად გამოდიოდნენ და რელიგიურ მოვალეობათა მკაცრად დაცვას მოითხოვდნენ. ამიტომ მათ ხშირად „ისლამის პურიტანებსაც“ უწოდებენ. ხარიჯიტები რჯულგანდგომილთა მიმართ ყოვლად უშეღავათონი იყვნენ და ასეთი ადამიანების სიკვდილით დასჯა მათ რელიგიური მოვალეობის დონეზე აჰყავდათ.
ხარიჯიტთა მოძრაობა ადრევე დანაწევრდა. შეიქმნა სამი მიმართულება: აზრაკიტები (ამირა ალაზრაკის მიმდევრები), იბადიტები (აბდალაჰ ბ. იბადის მიმდევრები) და სუფრიტები (სუფრის ძის, ზიად ბ. ასფარის, მიმდევრები). მათ შორის ხშირად დიდი უთანხმოება იყო, რამაც ეს მოძრაობა დაასუსტა და წარმოშობიდან ორისამი საუკუნის შემდეგ იგი ისტორიის ასპარეზიდან გაქრა.
Source: რელიგიები საქართველოში: [კრებული / რედ. ზურაბ კიკნაძე, სტილის რედ. ლევან ბრეგაძე; ფოტო: არჩილ ქიქოძე, ლევან ხერხეულიძე; გამოც. პმგ ბექა მინდიაშვილი]; საქ. სახალხო დამცველთან არსებ. ტოლერანტობის ცენტრი, საქ. სახალხო დამცვ. ბიბ-კა. - თბ., 2008.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9