1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ია იბ იდ იე ივ იზ იკ ილ იმ ინ იო იპ ირ ის იუ იფ იჩ იძ
ინგ ინდ ინვ ინი ინკ ინო ინს ინტ ინფ ინც

ინდუიზმი

ჩვენამდე მოღწეულთა შორის ძველი აღმოსავლეთის უძველესი (ძ.წ. III ათასწლეულში აღმოცენებული) რელიგიაა, საიდანაც წარმოდგება ქვეყნის სახელწოდება ინდოეთი. ინდუიზმი ინდოეთის ნახევარკუნძულზე ჩამოყალიბდა. იგი ირანულ-სირიული და ინდოეთის ადგილობრივი კულტების შერწყმის შედეგად შეიქმნა. აბორიგენების ძველი რელიგია, რომელიც თანამედროვე მეცნიერებაში ვედების სახელითაა ცნობილი, პოლითეისტური იყო, მაგრამ ძვ.წ. II-I ათასწლეულების მიჯნაზე მონოთეიზმში გადაიზარდა, თუმცა მრავალღმერთიანობის ნიშნები შეინარჩუნა. წმ. წიგნები - ვედების ციკლი (იქმნებოდა ძვ. წ. 1800 წლიდან) და ეპიკური თხზულებანი (ძვ. წ. 700 წლიდან).
ინდუსთა წმინდა წიგნებია: 1) ვედები, რომელიც რამდენიმე წიგნს მოიცავს: ბრაჰმანა (ახსნა), არანიაკა (ტყის წიგნი), უპანიშადები (კომენტარები) და სუტრა (სიტყვასიტყვით: ძაფი, სამართი, თარგი), 2) მათ გვერდით დგას მაჰაბჰარატა (დიდი ბჰარატა) და რამაიანა, - ვრცელი პოემები, რომელთა მნიშვნელობა ინდოელთა სულიერი კულტურისათვის განუზომელია. ამას ცხადყოფს ინდოეთის რესპუბლიკის სახელი ჰინდი ენაზე - ბჰარატა. ვედების უძველესი შრე ძვ. წ. XIX საუკუნით თარიღდება, პოემებისა (ეპოპეებისა) - VIII-VII საუკუნეებით.
„მაჰაბჰარატა“ გვამცნობს ისტორიულ, ძვ. წ. XI-X საუკუნეების, ამბავს - ძალაუფლებისათვის ბრძოლას ბჰარატთა გვარის ორ შტოს - პანდავებსა და კაურავებს, ე. ი. პანდუსა და კურუს შთამომავლებს შორის. ეს იყო სასტიკი ომი, რასაც აურაცხელი მსხვერპლი მოჰყვა. სისხლმა დააფიქრა საზოგადოება და გააღვივა მშვიდობისა და სათნოების იმპულსი; შერიგების, პატიების, შეწყალების, საღმრთო ვალის (დჰარმის) შეგნება. ამ წიგნში გამორჩეული ადგილი „ბჰაგავატგიტას“ უჭირავს, რომელშიც მეეტლისა და სარდლის - კრიშნასა და არჯუნას - დიალოგია წარმოდგენილია. კრიშნა ღმერთია, მოვლენილი დედამიწაზე პანდავების ნათესავად, მეგობრად და სამხედრო მრჩევლად, მათი გამარჯვების საწინდრად. მას ამკობს ეპითეტები: ბრძენი დამრიგებელი, მეომარი, ბოროტ სულთა დამმარცხებელი, ღვთაებრივი მწყემსი. ლეგენდები მის სიყვარულზე მწყემსი გოგონებისადმი უძველესი დროიდან შესულია ინდურ ლიტერატურასა და ხელოვნებაში.
Source: რელიგიები საქართველოში: [კრებული / რედ. ზურაბ კიკნაძე, სტილის რედ. ლევან ბრეგაძე; ფოტო: არჩილ ქიქოძე, ლევან ხერხეულიძე; გამოც. პმგ ბექა მინდიაშვილი]; საქ. სახალხო დამცველთან არსებ. ტოლერანტობის ცენტრი, საქ. სახალხო დამცვ. ბიბ-კა. - თბ., 2008.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9