1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ვა ვე ვი ვო ვუ
ვაი ვაკ ვალ ვან ვარ ვაუ ვაშ ვაჭ ვაჰ

ვაჰაბიზმი

  1. სუნიტური ისლამის ერთ-ერთი მიმდინარეობას, ახლოს მდგომ სკოლის იდეებთან, რომელსაც ჩვენი საზოგადოება იცნობს ვაჰაბიზმის სახელწოდებით, XVIII საუკუნის შუა პერიოდში დღევანდელი საუდის არაბეთის ტერიტორიაზე მოღვაწე თეოლოგმა მუჰამედ იბნ აბდ-ალ-ვაჰაბმა დაუდო სათავე. მან და მისმა მიმდევრებმა უკიდურესობამდე განავითარეს XIV საუკუნის რელიგიური მოღვაწის, იბნ ტეიმის იდეები ისლამის გაწმენდისა და რეტროგრადული განახლების შესახებ. არავითარი წმინდა ადგილები და წმინდანები, რიტუალების მაქსიმალური გაუბრალოება და ძველი (მუჰამედის დროინდელი) ისლამური ,,უმა-თემის” წესებით ცხოვრება - ეს იყო მთავარი საფუძვლები აბდ ალ-ვაჰაბის ქადაგებისა, რომლის მიმდევრები თავის თავს სულაც არ უწოდებენ ,,ვაჰაბიტებს”, არამედ-ჭეშმარიტ მუსლიმანებს, რწმენით გაერთიანებულებს (,,ალ-მუვაჰიდენ”). ვაჰაბიტური იდეოლოგიის ძირითად ცნებას წარმოადგენს პრინციპი ერთმორწმუნეობის შესახებ. მხოლოდ ალაჰია ღირსი თაყვანისცემის და, აქედან გამომდინარე, არ არსებობენ წმინდა ადგილები და წმინდანები - ამტკიცებენ ვაჰაბიტები. ყურანი უნდა იყოს ყველა მუსლიმანისათვის ამოსავალი წერტილი. ასევეა უარყოფილი მუჰამედის კულტი, რადგანაც ხალხსა და ღმერთს შორის არავითარი შუამავალი არ უნდა არსებობდეს. სამაგიეროდ ვაჰაბიზმი აღიარებს მხოლოდ ერთღმერთიანობას (ანუ ,,ტავხიდ”-ს), რომლის მიხედვითაც მხოლოდ ალაჰია თაყვანისცემის სიმბოლო. ,,ტავხიდის” საფუძველია ცნება ,,ლა ილაჰა ილლალლაჰი”, ანუ არავინ არსებობს ღირსი თაყვანისცემისა ალაჰის გარდა. ვაჰაბიტური ერთ-ერთი სალიტერატურო-სახელმძღვანელო წყაროს მიხედვით, რომელიც გავრცელდა ჩრდილოეთ კავკასიაში და წარმოადგენდა ამ რელიგიური მიმდევრებისათვის განკუთვნილ კონსპექტს. პირდაპირაა აღიარებული შემდეგი: ,,..მუსულმანმა უნდა მიიღოს ისლამის სწავლება, რომელიც ასახულია წმინდა ყურანში - ალაჰის სიტყვაში და სუნაში - წინასწარმეტყველ მუჰამედის გამონათქვამებში. ისლამი ყველა ამქვეყნიურ და იმქვეყნიურ კითხევბზე სცემს პასუხს. უზენაესი ალაჰი არ მიიღებს არცერთ სხვა რელიგიას და სხვა კონსტიტუციას შარიათის გარდა. მშვიდობა და დღეგრძელობა იმას, ვინც მისდევს ჭეშმარიტ გზას და მისდევს წინასწარმეტყველის ქადაგებებს. თითოეული მუსლიმანი ვალდებულია თავის ცხოვრება ააწყოს ყურანისა და სუნის მიხედვით. ისლამი მოუწოდეებს თავის მქადაგებლებს მიიღონ ცოდნა და განათლება. ისლამი სცნობს სამართლიანი გზით მოპოვებულ სიმდიდრეს. ისლამი სამართლიანობის რელიგიაა. ალაჰს უყვარს სამართლიანი ხალხი. ისლამი ჯიჰადის და ცხოვრების რელიგიაა. ისლამი მოუწოდებს ყველა მის მიმდევარს არ დაინანოს თავისი ქონება, ძალისხმევა და სიცოცხელც კი ისლამის გამარჯვებისათვის. ისლამი უარყოფს პრაგმატიზმს და იმ იდეების შემოტანას, რომლებიც ამახინჯებენ სიწმინდესა და სილამაზეს, კერძოდ სხვადასხვა სახის ბიდ”ებს (სიახლეებს) და ცრუწმენებს.” ამ მხრივ, ვაჰაბიტები ეყრდნობიან მუჰამედის შემდეგ სიტყვებს: ,,ყოველი, ვინც შემოიტანს ჩვენში რაღაც ახალს და ჩვენთვის მიუღებელს, განდეგილ იქნება ჩვენგან” (ალ-ბუხარ მუსლიმის ხადისი) და ასევე პრინციპს, რომ ყოველი ბიდ”ა რელიგიაში არის აკრძალული. ვაჰაბიზმის მიმდევრები მიიჩნევენ, რომ მუნაფიკიები დიდ ზიანს აყენებენ ისლამს, რადგანაც მათ მიიჩნევენ ჭეშმარიტ მუსლიმანებად, თუმცა სინამდცილეში არიან ამ რელიგიის მტრები. ისინი გამოხატავენ მტრულ განწყობას ისლამის მიმართ სხვდასხვა ფორმებით, ხოლო არაკეთილსინდისიერი მუსულმანები აღნიშნულ ფორმებს ღებულობენ ცოდნისა და რეფორმების სახით. მუნაფიკიის 6 სახე არსებობს: ალაჰის წარგზავნილის ცრუ მესიად გამოცხადება; წინასწარმეტყველი მუჰამედისადმი ზიზღის გამოხატვა; სუნისადმი ზიზღის გამოხატვა; ისლამის დაცემისადმი სიხარულის გამოხატვა; სუნის უგულებელყოფა; შარიათისა და ისლამის დამარცხება. ამავე დროს ვაჰაბიზმის ქვაკუთხედი დებულებაა - ,,საღვრთო ომი” ყველა ურჯულოსა და ,,გზააცდენილი მუსლიმანის” წინააღმდეგ (მათი აზრით ჯიჰადი ეა არის პირველ რიგში შეიარაღებული ბრძოლა). თავის მხრივ ვაჰაბიტები ჯიჰადს ყოფენ ოთხ ტიპად: ,,ჯიჰადი შაიტანის წინააღმდეგ.” ეს პრცესი ხორციელდება ეშმაკის მიერ მოწოდებული ცდუნებებისაგან უარის თქმით; ჯიჰადი სულის (ანუ მტრის იდეოლოგიის) წინააღმდეგ; ჯიჰადი ურჯულოების წინააღმდეგ (კიაფირების); ჯიჰადი მუნაფიკიების წინააღმდეგ. ვაჰაბიზმის იდეოლოგია აღიარებს ჯიჰადს, როგორც ისლამის მეექვსე პრინციპს, წინა ხუთ აღიარებულ პრინციპთან ერთად: სარწმუნოება (შაჰადა), ლოცვა (სალიატი), მარხვა (საუმი), გადასახადი ღარიბი მუსლიმანებისათვის (ზაკიატი) და მექაში სალოცავი ადგილების მონახულება (ხაჯი). ვაჰაბიზმი სასტიკად კრძალავს ხაჯის ჩატარებას მუჰამედის საფლავთან, რადგანაც პურიტანელი მუსუსლმანებისათვის არსებობს მხოლოდ სამი წმინდა ადგილი: მექა, მედინა საუდის არაბეთში და ალ-აქსას მეჩეთი იერუსალიმში. რაც შეეხება მუჰემედის საფლავს, ის თითქოსდა არ არის აღნიშული არც ყურანში და არც ხადისებში. ამამვე კონტექსტში უარყოფილ იქნა მოლა, წმინდანები, წმინდა ადგილები. ვაჰაბიტებმა რეალურად განახორციელეს წმინდა ადგილების დარბევის ფაქტი, როდესაც 1806 წელს აიღეს ქ. მექა და დაარბიეს სალოცავები, არ შეეხნენ მხოლოდ ქა”ბას, სამაგიეროდ შებილწეს მედინაში აიშას სახლი, სადაც სამი დიდი ადამიანის განსასვენებელი იყო, სადაც ერთმანეთის გვერდით ესვენა მუჰამედი, აბუ ბექრი, ომარი. 1745 წელს ერთ-ერთი საამიროს, კერძოდ, დირიას ემირმა მუჰამედ ბენ საუდმა საგანგებო პაქტიც კი გააფორმა მუჰამედ აბდ-ალ-ვაჰაბთან. მისი იდეოლოგია ბენ საუდმა წარმატებით გამოიყენა საგარეო პოლიტიკაშიც; შემოერთებულ იქნა ნეჯდი და ჰიჯახი (მხარეები არაბეთის ნახევარკუნძულზე), დაარსდა საუდის არაბეთი, თავიდან იქნა აცილებული დიდი ბრიტანეთისადმი დამორჩილება. საუდიანთა დინასტიამ შეინარჩუნა ქვეყნის დამოუკიდებლობა და მუჰამედ იბნ აბდ-ალ ვაჰაბის მიერ დაარსებული რელიგიური მიმდინარეობა სახელმწიფო იდეოლოგია გახდა. უნდა აღინიშნოს ის გარემოებაც, რომ დღევანდელი ვაჰაბიზმის რელიგიური მოძრაობის ერთგვარ პოლიტიკურ ბაზისს ასევე შეადგენს პანისლამიზმის ცნობილი დოქტრინა. სადღეისოდ აბდ-ალ-ვაჰაბის დოგმატიკა ასევე აღიარებულია სახელმწიფო დონეზე გაერთიანებულ არაბთა საამიროში, კატარში, ბახრეინში, ნაწილობრივ კუვეიტში და იორდანიაში. დღევანდელ ეტაპზე გამოიკვეთა ვაჰაბიზმის მიმდინარეობის რამდენიმე მიმართულება, რომელთა კლასიფიკაცია პირობითად შემდეგი ნიშან-თვისებების მიხედვით შეიძლება ჩამოყალიბდეს: 1. ,,ტრადიციული”, ანუ კლასიკური მიმართულება - მისი კრედო განისაზღვრება ძირითადში საგარეო პოლოტიკის ორი მთავარი პრინციპით: ისლამური სოლიდარობით და არაბული ერთიანობით. 2. ,,მოდერნისტული” მიმართულება - უფრო ადაპტირებულია დღევანდელი სამყაროს ეკონომიკურ რეალიებთან და წარმოადგენს ლიბერალური შინაარსის მატარებელ ისლამის ნაირსახეობას. მისი გეოგრაფიული არეალი ვრცელდება სპარსეთის ყურეზე და მოიცავს აქ მდებარე განვითარებული მუსლიმანურ სახელმწიფოებს (კერძოდ, კატარი, ქუვეითი, ომანი და ა.შ.). 3. ,,ფუნდამენტალისტური” მიმართულება - გამოირჩევა მაღალი დონის აგრესიულობით და სამხედრო ორიენტაციის მაღალი მაჩვენებლით. მისი ძირითად კრედოს შეადგენს ე.წ. ,,სუფთა ისლამის ექსპორტის” პრინციპი. მოცემული მიმართულების გეოპოლიტიკურ არეალს წარმოადგენს ისლამური სამყაროს მარგინალური ტიპის სახელმწიფოები, მაგალითად, სუდანი, ავღანეთი (თუმცა ვაჰაბიზმი არ არის ოფიციალურად დაფიქსირებული, როგორც მოძრაობა თალიბანის იდეოლოგია, რეალობაში ასეთი ტენდენცია აშკარად სახეზეა) და ა.შ.
    Source: მაისაია ვახტანგ. თანამედროვე ისლამის როლი მსოფლიო გეოპოლიტიკაში: (რეგიონული პროცესების მაგალითზე), – ფრიდრიხ ებერტის ფონდი
  2. სუნიტური ისლამის ერთ-ერთი განშტოება, XVIII საუკუნის შუა პერიოდში ჩამოყალიბდა არაბეთის ნახევარკუნძულზე, ნეჯდის პროვინციაში. მისი ფუძემდებელია იბნ აბდ ალ-ვაჰაბი (1703-1792), რომელმაც გაიხსენა და განავითარა დავიწყებას მიცემული XIV საუკუნის მოღვაწის – იბნ ტეიბის იდეები. ეს უკანსკნელი ქადაგებდა პირველადი, მუჰამედისდროინდელი ისლამისა და შესაბამისი საზოგადოებრივი ცხოვრების წესისაკენ, „უმა-თემისაკენ“ დაბრუნებას: ყურანი ერთადერთი წმინდა წიგნია და ჭეშმარიტმა მუსლიმმა მხოლოდ მისი მითითებების შესაბამისად უნდა იცხოვროს. ვაჰაბიზმის იდეოლოგები უარყოფდნენ წმინდა ადგილებსა და წმინდანებს - მათი აზრით, მხოლოდ ალაჰია თაყვანისცემის ღირსი. მეორე მათი მოთხოვნა იყო რიტუალების მაქსიმალური გამარტივება, ასევე სასულიერო იერარქიის აბსოლუტური გაუქმება. მუსლიმს უნდა ეცხოვრა ერთგვარი კომუნის ტიპის საზოგადოებაში, სადაც ერთადერთი სასულიერო პირი იყო მოლა.
    ვაჰაბის მოღვაწეობა გარკვეულწილად დაკავშირებულია დამპყრობთა წინააღმდეგ მიმართულ ეროვნულ მოძრაობასთან. თუმცა დასაწყისში მისი პოლიტიკური არსი იყო მსხვილ ფეოდალთა და ვაჭართა ინტერესების დასაცავად არაბთა ტომებისა და წვრილი სამთავროების გაერთიანება, ფეოდალური ანარქიისა და ტომობრივი განხეთქილების მოსპობა. XIX საუკუნის დასაწყისში თითქმის მთელი არაბეთის ნახევარკუნძული გაერთიანდა ვაჰაბიტთა ფეოდალურ სახელმწიფოდ, რომელიც ეგვიპტელთა დაპყრობის შემდეგ (1811-1821 წწ.) დაიშალა. 1821 წ. ვაჰაბიტების სახელმწიფო აღდგა ნეჯდის პროვინციის ფარგლებში და არსებობდა XIX საუკუნის უკანასკნელ მეოთხედამდე. XX საუკუნის დასაწყისში ვაჰაბიტების სახელწიფო ისევ აღსდგა იბნ-საუდის მმართველობის პერიოდში (1880-1953 წწ.). 1931 წლიდან ოფიციალურად წოდებული საუდის არაბეთის სახელმწიფო რელიგია ვაჰაბიზმია. თანამედროვე არაბეთში არსებული ვაჰაბიზმი მშვენივრად შეერწყა მმართველი ფენის ეკონომიკურ ინტერესებს რეგიონში, რაც ახლო აღმოსავლეთში ნავთობისა და შესაბამისად გავლენის სფეროს გადანაწილებასთანაა დაკავშირებული.
    ვაჰაბიზმის იდეები გავრცელდა ინდოეთში, ავღანეთში, ინდონეზიაში და აფრიკის ქვეყნებში. თუმცა აღსანიშნავია, რომ საუდის არაბეთის საზღვრებს გარეთ, განსაკუთრებით შუა აზიაში აღმოცენებული ვაჰაბიტური სექტები აბსოლუტურად სხვა სახის მოვლენაა. ამ ორგანიზაციებმა ფეხი ძირითადად სხვადასხვა ქვეყნის ყოფილ კოლონიებში მოიკიდეს, სადაც სოციალური მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო.
    Source: ჩიქოვანი, ნინო რელიგია და კულტურა სამხრეთ კავკასიაში : სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / ნინო ჩიქოვანი ; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა]. - თბ. : სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006. - 116გვ. ; 29სმ.. - (სოციალურ მეცნიერებათა სერია). - რეზ. ინგლ. ენ.. - ბიბლიოგრ. ტექსტ. შენიშვნ.. - ISBN: 99940-871-2-6 : [ფ.ა.][MFN: 29986]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9