ამ კონცეფციის ძირითადი მიზანია შემუშავდეს მოდელი ისეთი დასახლებისა, რომელიც, ერთი მხრივ, იქნება განახლებადი ენერგიის წყაროებით უზრუნველყოფილი, ხოლო მეორე მხრივ, მოსახლეობას შესთავაზებს დასაქმებისა და თვითდასაქმების მრავალ შესაძლებლობას: უმუშევრობის დონე დასახლებაში ნულის ტოლი უნდა იყოს. რასაკვირველია:
1. დასახლება უნდა იყოს თვითდაფინანსებადი და მოგებიანი;
2. გარდა დასაქმებისა ენერგეტიკაში და სოციალურ სფეროში (გამგეობა, მუნიციპალური სამსახურები, ჯანდაცვის სამსახური, ბაგა-ბაღი, სკოლა, სპორტი, დასვენების კერძო საწარმოები და სხვ.), უნდა განვითარდეს მხოლოდ ადგილობრივი რესურსების გადამუშავებაზე მიმართული საქმიანობა;
3. საცხოვრებელი სახლებისა და სამრეწველო სიმძლავრეების გასხვისება უნდა განხორციელდეს იაფი კრედიტების პირობებით;
4. შესაბამისად, დასახლების ცენტრალიზებული მმართველობა თანდათანობით, კრედიტების დაფარვის პროპორციულად, უნდა შეიცვალოს არჩეული ადგილობრივი ხელისუფლებითა და არჩეული ბიზნესების მენეჯმენტით, მაგალითად, ფრანგული კოლექტიური ფერმების მოდელით.
ვინაიდან კონცეფციამ უნდა გამოავლინოს მდგრადი განვითარების ახალი ფილოსოფია და გარემოსთან მეგობრული ცხოვრების სტილი, საცდელი პროექტისთვის საკმარისია 2 500 მაცხოვრებლისთვის დასახლების აშენება.
Source: საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამა / ა. თვალჭრელიძე, ა. სილაგაძე, გ. ქეშელაშვილი, დ. გეგია; [რედ.: ვლადიმერ პაპავა [და სხვ.]]; მდგრადი განვითარების საერთაშ. ფონდი-საქართველო, ფონდი ღია საზოგადოება საქართველო. - თბ.: ნეკერი, 2011. - 314გვ.: ცხრ., ნახ., ფოტ.; 20სმ.. - დანართები: გვ. 301-312. - ბიბლიოგრ. ტექსტ. შენიშვნ.. - ISBN: 978-9941-416-80-4