ძველი სომხითის ნაწილი - ავანგარდი ქართლისა, ანუ „მეწინავე დროშა“, მდ. მაშავერის და ხრამის ბასეინებს შეიცავდა (ორბელიშვილების გავლენა ლორესა და ტაშირის პროვინციებზედაც გადადიოდა). - ეს არის ისტორიული და ენერგიული პროვინცია, მდიდარი რკინის, სპილენძის, ვერცხლის, ლაჟვარდის მადნებით, სამკურნალოწყლებით, ტყიანი, ნადირიანი, ფრინვლიანი, ვენახოვანი, ხილიანი. აქ დაიბადა სულხან ორბელიანი 1658წ. 4 ნოემბერს (ახალი სტილით). აქ გაიღვიძა მისმა გენიამ ტანძიის ჭანდრების ქვეშ, „ყვავილოვან და წყაროიან“ მდელოებში ბავშმა, მომავალმა ლექსიკოგრაფმა, გაიგო პირველად ის სახელები, რომელიც შემდეგ მის კაპიტალურს ლექსიკონში შევიდა (20.000 სახელწოდება; 30.000 სიტყვა).
Source: ლეონიძე, გიორგი. სულხან-საბა ორბელიანი/[მხატვ.: ვაჟა ორბელაძე]; ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი. - თბ.: ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრის გამ-ბა, 2004. - 180გვ.; 19სმ.. - (საბა, 2). - ISBN: 99928-0-814-4 :