1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

თა თე თვ თო თუ
თავ თაი თაკ თალ თამ თან თარ თაყ

თალიბანი

,,თალიბანი” შუა აღმოსავლეთის ,,რაინდთა ორდენი”: გზა წარსულიდან. უახლოესი ისტორიის ერთ-ერთი ავღანური ლეგენდის თანახმად, სავაჭრო ქარავანი, რომელიც ასრულებდა ჰუმანიტარულ მისიას, პაკისტანის ქ. კვეტადან თურქმენული კუშკისაკენ მიემართებოდა. ქ. ყანდაგართან ისინი სამხრეთ პუშტუნური ტომის ერთ-ერთმა ბელადმა დააყაჩაღა, რაც მას ძალზე ძვირად დაუჯდა. სამხრეთ აღმოსავლეთში არსებული ისლამური სკოლების (მედრესეების) სტუდენტებმა სულ მალე აღკვეთეს ეს ყაჩაღობა და ,,ღირსეულად” დასაჯეს მომხდურნი. ასე შეიქმნა სამხედრო-პოლიტიკური მოძრაობა ,,თალიბანი” (სტუდენტი), რომლის სათავეში პაკისტანში არსებული მედრესეების სტუდენტობა აღმოჩნდა (უფრო სწორად, ავღანელ ლტოლვილთა შვილები, რომლებიც საბჭოთა ექსპანსიას ამ ქვეყანაში გაექცნენ). ორი წლის განმავლობაში ,,თალიბებმა” მოახერხეს ბრწყინვალე სამხედრო გამარჯვებების მოპოვება და მთავარი ქალაქების დაკავება: ყანდაგარი, გერათი, ჯელალაბადი და 1996 წლის სექტემბერში - თვით დედაქალაქი ქაბული. მათი ძალა თანდათან შესამჩნევი ხდებოდა, რაც გამოიხატა მძიმე არტილერიისა და საბრძოლო ავიაციის აქტიურად გამოყენებაში (უკანასკნელად ავიაცია გამოიყენებოდა 1990-91 წლებში, სამოქალაქო ომებში იგი, ფაქტიურად არ მოქმედებდა). ,,თალიბანის” წინააღმდეგ აღდგნენ ყოფილი ,,პეშავარის” ლიდერები, რომელთაც დაემატათ გენერალი დუსტუმი (რუსული და უზბეკური ზურგით), ხალილი და ნაწილობრივ, მთიელ ბადახშანელ ისმაილიტთა ლიდერი აგა ხანი. სამაგიეროდ, ,,თალიბანს” ზურგს უმაგრებდა პაკისტანი და საუდის არაბეთი (გარკვეულწილად საუბარი იყო ამერიკის მონაწილეობაზეც,). მიუხედავად ასეთი მძლავრი კოალიციისა, თალიბებმა 1997-98 წლებში შეძლეს წარმატებული საომარი ოპერაციების ჩატარება. მათ ორჯერ დაიკავეს ქ. მაზარი-შარიფი (პირველად 1997 წ. ზაფხულში, მეორედ - ზუსტად ერთი წლის შემდეგ); მოახერხეს მიახლოვება უზბეკეთის და ფაქტიურად, ტაჯიკეთის საზღვრებთან, ანუ დსთ-ს სამხრეთ საზღვრებთან, რასაც მოჰყვა დსთ-ს ფარგლებში ,,ანტითალიბური” პაქტის დაფუძნება 1998 წლის მაისში: უზბეკეთის, ტაჯიკეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის და რუსეთის მონაწილეობით (თურქმენეთმა თალიბებთან თავიდანვე კარგი მეზობლური ურთიერთობები ააგო). ამას შემდგომში მოჰყვა სამხედრო-პოლიტიკური ალიანსის გაფორმება 2001 წლის 25 მაისს ერევანში დსთ-ს კოლექტიური უსაფრთხოების პაქტის დაარსების სახით, რომელსაც დაემატა ბელორუსია და სომხეთი. პაქტის დაარსების ერთ-ერთ ძირითად ამოცანას წარმოადგენდა ბრძოლა ტერორიზმთან და ისლამურ რადიკალზიმთან, სადაც სწორედ თალიბანის მოძრაობა მოიაზრებოდა. ამას დაემატა ასევე ე.წ. ,,შანხაის ხუთეულის” დაარსება, სადაც უკვე ჩინეთიც გამოჩნდა, როგორც ანტითალიბური მოძრაობის აქტიური სუბიექტი (იგივე ურუმჩელი ისლმისტი სეპარატისტების გამო, რომელსაც ასევე ზურგს უმაგრებდნენ თალიბები). ფაქტიურად, საბრძოლო მოქმედებათა ხაზი ნელ-ნელა ჩრდილოეთისაკენ მიიწევდა და ბრძოლები სულ უფრო პერმანენტულ ხასიათს ღებულობდნენ (ძირითადში, დაპირისპირებულ მხარეებს შორის ,,გამყოფი” ხაზი ანტიტერორისტული კამპანიის დაწყებამდე იყო ქ. ფაიზაბადი). დაკავებულ ტერიტორიებზე თალიბებმა დაამყარეს შარიათის კანონებზე დაფუძნებული სასტიკი ისლამური წესრიგი (მაგალითად, აიკრძალა ყოველგვარი ანტიისლამური ცხოვრების წესი, მ.შ. ტელევიზია). მათი მთავარი ორგანოა ე.წ. ,,ყანდაგარის ექვსეული”, ანუ ექვსი უმაღლესი მულათა საბჭო. მოძრაობის სულიერ ლიდერად ითვლებოდა მულა ომარი და თალიბების სახელმწიფოს პრეზიდენტი კი იყო მულა მუჰამად რაბანი. მოძრაობა აკონტროლებდა სტრატეგიულ მაგისტრალს: ქაბული-ჯელალაბადი-პეშავარის გზას. თალიბანის მთავრობას არ გააჩნდა დიდი საერთაშორისო აღიარება, პაკისტანის, საუდის არაბეთის და გაერთიანებულ არაბთა საემიროების აღიარების გარდა, რომელთაც თავის დროზე დაემატა თვით აუღიარებელი იჩქერიის ისლამური რესპუბლიკაც. თუმცა იგივე 2001 წელს განხორციელებული ვანდალური აქციის, ბუდის ისტორიული მონუმენტის დანგრევითა და მთლიანად მოსპობით, თალიბებმა მთელი საერთაშორისო საზოგადოება გადაიკიდეს. მნიშვნელოვანი მომენტია ისიც, რომ თალიბებს მკაცრი დისციპლინა ჰქონდათ, კერძოდ, უსიტყვოდ სრულდებოდა ომარის ყველა ბრძანება და დირექტივა. იდეოლოგიაში პრიორიტეტი მიენიჭებოდა ე.წ. ,,წმინდა ისლამის” (სალაფიზმი) ანუ ყურანის უშუალო ინტერპრეტირების პოლიტიკას და მის განხორციელებას. თავისი ფორმით მოძრაობის სახელმწიფოებრივი იერარქიული მოდელი ძალიან წააგავდა ირანული ისლამური სახელმწიფოს მოდელს, ხოლო შინაარსის მხრივ, საუდის არაბეთისას. გარდა ამისა, მკაფიოდ შეინიშნებოდა მაღალი დონის იდეოლოგიური და ბიუროკრატიული მექანიზმის მართვის დონე. მოძრაობას გააჩნდა ძლიერი ფინანსური ზურგი (მარტო რამდენიმე კოალიციის საველე მეთაურს ქრთამის სახით თალიბებმა 1998 წ. გადასცეს 2-დან 25 მილიონამდე აშშ დოლარი). თალიბების შეიარაღებული ძალები შეიქმნა რეგულარული არმიის შესაბამისად და, ფაქტიურად, წარმოადგენდა პაკისტანური და ,,რევოლუციური ავღანური არმიების” გაერთიანებულ მოდელს (თუმცა ნომინალურად სულ სხვა სისტემას წარმოადგენდა). ეს გარემოება არ არის მოულოდნელი, თუ გავიხსენებთ იმ ფაქტს, რომ თალიბანის ხელმძღვანელობის უმრავლესობას შეადგენდნენ ავღანეთის ყოფილი სახალხო დემოკრატიული პარტიის, ,,ხალკის” ფრაქციის წევრები. ამის შესახებ შეიძლება ვიმსჯელოთ, თუ გადავხედავთ თალიბანის მაღალი ეშელონის რამდენიმე წევრის მოკლე დოსიეს.
Source: მაისაია ვახტანგ. თანამედროვე ისლამის როლი მსოფლიო გეოპოლიტიკაში: (რეგიონული პროცესების მაგალითზე), – ფრიდრიხ ებერტის ფონდი
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9