მოძღვრება რომლის თანახმად ღმერთმა არა მარტო შექმნა ყოველივე ხილული და არახილული, არამედ უყვარს თავისი ქმნილება, ზრუნავს მასზე და გზადაგზა ეცხადება კიდეც. თეისტური რელიგიები გამოცხადების რელიგიებია. ღმერთი სამყაროს მიმართ იმანენტურიცაა და ტრანსცენდენტურიც, რის გამოც იგი ადამიანს თავისუფლებასაც ანიჭებს და, მზრუნველი მამის მსგავსად, წვრთნის და სჯის კიდეც. თეიზმის, უფრო ზუსტად, - მონოთეიზმის სრულყოფილი სახე არის ტრიადა (ერთარსება - სამების დოგმატი, ტრიადოლოგია), რაც ქრისტიანული რელიგიის განუყოფელი ნაწილია.
Source: პაპუაშვილი ნუგზარ მსოფლიო რელიგიები საქართველოში / [რედ.: სოზარ სუბარი] - თბ. : თავისუფლების ინ-ტი, 2002
დეიზმის საპირისპირო რელიგია, რომელიც აღიარებს ღმერთს – ტრანცენდენტულს (ქმნილების გარეშე მყოფს) და იმანენტურს (მასში მყოფს) იმავდროულად, ღმერთს, რომელსაც შეუძლია თავის მიერ შექმნილი წესრიგის შეცვლა (სასწაულქმედება); ღმერთს, რომელიც ცნობს თავის ქმნილებას, მითუმეტეს ადამიანს; ღმერთს, ვისთანაც ადამიანს შეუძლია ურთიერთობა; ღმერთს, რომელიც არის პიროვნება და, რომელსაც შეგიძლია მიმართო – „შენ“; ღმერთს, რომელსაც შეგიძლია მოუხმო გასაჭირში იმ იმედით, რომ მოგისმენს, ღმერთს, რომელმაც იცის ადამიანის ასავალდასავალი და კითხულობს მის ზრახვებს, და რომელსაც არაფერი დაემალება. ასეთი ღმერთისადმი რწმენის არსებობამ შესაძლებელი გახადა შექმნილიყო ფსალმუნები, სადაც ღმერთი და ადამიანი დიალოგში არიან ჩაბმულნი.
Source: რელიგიები საქართველოში : [კრებული / რედ. ზურაბ კიკნაძე, სტილის რედ. ლევან ბრეგაძე ; ფოტო: არჩილ ქიქოძე, ლევან ხერხეულიძე ; გამოც. პმგ ბექა მინდიაშვილი] ; საქ. სახალხო დამცველთან არსებ. ტოლერანტობის ცენტრი, საქ. სახალხო დამცვ. ბიბ-კა. - თბ., 2008.