ასახავს ერთი მხრივ, ფიქციურ, მეორე მხრივ კი, ჩვენი კულტურისა და ემპირიული რეალობისათვის „უცხო“ სამყაროს, გვაძლევს ამ უცხოსთან ურთიერთობის, მისი ადეკვატური რეცეპციის და კრიტიკული რეფლექციის საშუალებას. ამ გაგებით, სიტყვაში „ინტერკულტურული“ განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ცნება „ინტერ” („შორის“), რადგან ეთნოცენტრისტულ პოლუსებს შორის დაძაბულობის მოხსნა და დიალოგის გამართვა, განსხვავებულ კულტურათა ურთიერთგაგება არის საწინდარი, ერთმანეთზე შექმნილი კლიშე-წარმოდგენების, სტერეოტიპების და მტრის ხატის დამსხვრევისა. ინტერკულტურულ ლიტერატურათმცოდნეობას განსაკუთრებული როლი და საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება ყოფიერების ორი განსხვავებული სახის – ქრისტიანული დასავლეთისა და მუსულმანური აღმოსავლეთის პოლარიზების ელიმინაციაში. სწორედ ამიტომ, ინტერკულტურული ლიტერატურის სფეროში მოღვაწე მრავალი მეცნიერი „ინტერკულტურულის“ გაგების სხვადასხვა თეორიულ კონცეპტს გვთავაზობს, რომელთა შორის განსაკუთრებით საყურადღებოდ მიგვაჩნია ჰ. ბჰაბჰას, ე.ვ. საიდის, ი. ჰაბერმასის, ჰ.გ. გადამერის, პ. ბრენერის, თ. ადორნოს, ვ. ბენჟამენის, ნ. მეკლენბერგის და ლ. კროტცერის ჰერმენევტიკული მოდელები. ჩიკაგოს უნივერსიტეტში ინდური ლიტერატურის მკვლევარის, ჰომი ბჰაბჰას (ბრონფენი 1997: 1-29) თეორიული კონცეპციის მიხედვით, ცნება „ინტერკულტურული“ არ გულისხმობს ცალკეულ ჰომოგენურ კულტურათა შეხვედრასა და შერწყმას, რადგან, ერთი მხრივ, ყოველ ჰომოგენურ კულტურაში გვხვდება ოპოზიციურ განწყობათა და ურთიერთსაწინააღმდეგო ტენდენციათა გადაკვეთა, მეორე მხრივ კი, პოსტკოლონიალური სამყაროს წარმომადგენელთა და მიგრანტთა მთავარი თვისება და არსებობის წინაპირობა მათი ჰიბრიდულობაა.
Source: ლიტერატურათმცოდნეობის თანამედროვე პრობლემები (II საერთაშორისო სიმპოზიუმი) (ნაწილი II) - თბ, 2009 – რედ.: ირმა რატიანი