1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მა მგ მდ მე მთ მი მკ მმ მნ მო მრ მს მტ მუ მყ მშ მც მძ მწ მხ
მაგ მავ მაზ მათ მაი მაკ მალ მამ მან მაჟ მარ მას მატ მაუ მაფ მაქ მაღ მაყ მაჩ მაძ მაჰ

მალაკნები

  1. მალაკნები – რუსეთში აღმოცენებული რელიგიური მოძრაობა და ეთნოგრაფიული ჯგუფია; ექსტაზურ-მისტიკური და, ამასთანავე, ბიბლიურ-რაციონალური მიმართულება; ჩამოყალიბდა დუხობორების (იხ.) წრეში, მათთან დაპირისპირების შედეგად. დამაარსებელი – სემიონ უკლეინი (XVIII–XIX სს.).
    ცობილია, აგრეთვე სახელით „სულიერი ქრისტიანების საზოგადოებათა კავშირი“, ანდა – „სულიერი ქრისტიანები“. გამოირჩევა ბიბლიის ტექსტის სიმბოლური და ალეგორიული გააზრებითა და ებრაული და მუსლიმური წარმომავლობის საწესჩვეულებო თავისებურებებით. სიტყვა „მალაკანს“ სხვადასხვანაირად განმარტავენ. ერთი თვალსაზრისით, უკლეინის მიმდევრებს ასე იმიტომ ეწოდათ, რომ ისინი მარხვის დროს რძეს სვამდნენ. ე.ი. „მალაკანი“ მომდინარეობს სიტყვისაგან „მოლოკო“ (რუს.). მეორენი ამ სახელს მდინარე მოლოჩნაიასთან აკავშირებენ, რომლის ნაპირებზე მალაკნების დიდი ნაწილი სახლობდა. სხვა ეტიმოლოგიის თანახმად, ასეთი სახელდების მიზეზი მალაკანთა მცირერიცხოვნებაა. თავად მალაკნები თავიანთ თავს და მოძღვრებას „სუფთა სულიერ რძეს“ ადარებენ და თვლიან, რომ ეს მათი თვითსახელწოდებაა, დაფუძნებული პეტრე მოციქულის სიტყვებზე: თქვენ, „როგორც ახალშობილმა ყრმებმა, ინატრეთ სულიერი სუფთა რძე, რათა იმით გაიზარდოთ ხსნისათვის“ (1 კორ. 3:2; ებრ. 5:12; 1 პეტრე 2:2). მალაკანთა პირველი სპეციფიკური ნიშანი, რითაც მათ საზოგადოების ყურადღება მიიპყრეს და მძაფრი რეაქცია გამოიწვიეს, ნათლისღების რიტუალზე (წყლით ნათლობაზე) უარის თქმა იყო. ამ და ბევრი სხვა მიზეზის გამო დუხობორებსა და მალაკნებს, წარმოშობითა და ცხოვრების სტილის მიხედვით მონათესავე ხალხს, მართლმადიდებელმა ეკლესიამ და მთავრობამ იმთავითვე სექტის კვალიფიკაცია მიანიჭეს და მათ წინააღმდეგ რეპრესიულ ზომებს მიმართეს. აშკარა დევნა XIX საუკუნის დამდეგს დაიწყო და თითქმის მთელ საუკუნეს გასტანა. დევნის ერთ–ერთი ძირითადი საფუძველი ის იყო, რომ დუხობორები და მალაკნები იმპერატორს ღვთისგან ცხებულ მეფედ არ აღიარებდნენ, თუმცა მას მორჩილებას უცხადებდნენ და მის მიმართ ლოცვებსაც აღავლენდნენ, მაგრამ მთავრობის გულის მოგებას ვერ ახერხებდნენ, რადგან მათი მოძღვრება და პრაქტიკა პაციფიზმით გამოირჩეოდა და ბევრი არმიაში სამსახურზეც უარს ამბობდა.
    პირველი ოფიციალური დოკუმენტი, რომელმაც მალაკნების დევნას ლეგიტიმური სტატუსი შესძინა, არის 1830 წლის 20 ოქტომბრის დადგენილება, რომელიც უმაღლესმა სამთავრობო კრებამ გამოიტანა. მასში დუხობორები და მალაკნები, ხატთამებრძოლები, გაიუდევებულები, ე.ი. სუბოტნიკები და სხვები გამოცხადებული არიან ქვეყნისა და ეკლესიისათვის „განსაკუთრებით მავნე ერეტიკოსებად“. ამის გამო ამ დოკუმენტმა ჩამოთვლილი „სექტების“ მიმდევართა დეპორტაციას ხელფეხი გაუხსნა. აღნიშნულ დადგენილებას დაემატა იმპერატორ ნიკოლოზ I–ის დეკრეტი, რომელიც დუხობორებისა და მალაკნების კავკასიაში გადასახლებას ითვალისწინებდა. გაიმართა სასამართლოები. ვინც მართლმადიდებელ ეკლესიაში დაბრუნებაზე უარს იტყოდა, მას სასჯელი ემუქრებოდა. მალაკნები, დუხობორებისაგან განსხვავებით, აღიარებენ ბიბლიის ავტორიტეტს, მაგრამ ყველაფერს, ბიბლიის ტექსტსაც და საეკლესიო საიდუმლოებებსაც, სიმბოლურად და ალეგორიულად მოიაზრებენ.
    Source: რელიგიები საქართველოში: [კრებული / რედ. ზურაბ კიკნაძე, სტილის რედ. ლევან ბრეგაძე; ფოტო: არჩილ ქიქოძე, ლევან ხერხეულიძე; გამოც. პმგ ბექა მინდიაშვილი]; საქ. სახალხო დამცველთან არსებ. ტოლერანტობის ცენტრი, საქ. სახალხო დამცვ. ბიბ-კა. - თბ., 2008.
  2. სიტყვა ,,მალაკანს’’ სხვადასხვაგვარად განმარტავენ. ერთნი ამბობენ: ,,მალაკანი’’ იმიტომ ეწოდათ, რომ მარხვის დროს, საეკლესიო ტრადიციას რომ დაპირისპირებოდნენ, რძეს სვამდნენ (ე.ი. ,,მალაკანი’’ ანუ ,,მოლოკანი’’ მომდინარეობს სიტყვიდან ,,მოლოკო’’). სხვანი კი მდინარე მოლოჩნაიასთან აკავშირებენ, რომლის ნაპირებზეც პირველი მალაკნების დიდი ნაწილი სახლობდა. შესაძლებელია, მათ ეს სახელი დაცინვით შეერქვათ, რადგან ისინი მაგარი სასმელების სასტიკი წინააღმდეგნი არიან. იმასაც ამბობენ, მალაკნები თავიანთ მოძღვრებას ,,სუფთა სულიერ რძეს’’ ადარებდნენო. საქართველოში მცხოვრები მალაკნების მსჯელობის თანახმად, მათ ეს სახელი რიცხობრივი სიმცირის გამო შეარქვეს. დუხობორებისაგან განსხვავებით, აღიარებენ ბიბლიის ავტორიტეტს, მაგრამ ყველაფერს, ბიბლიის ტექსტსაც და საეკლესიო საიდუმლოებებსაც, სიმბოლურად გებულობენ. მაგალითად, ერთარსება-სამება, მათი აზრით, შემდეგნაირად უნდა გავიაზროთ: მამაღმერთი არის მეხსიერება, ძეღმერთი - გონება და სულიწმიდა - ნება. ასევე თავისებურად ესმით მათ ქრისტეს განკაცების ფაქტი: ქრისტე მოევლინა ქვეყანას, რათა ეხსნა იგი მოძღვრებით და არა თავისი თავის ნებაყოფლობითი შეწირვით. აღდგომის საიდუმლოს ისინი იაზრებენ არა რეალურ ფაქტად, არამედ ქრისტეს მცნებათა აღდგინებად მის მიმდევართა შორის. მათ, დუხობორების მსგავსად, წყლით ნათლისღება მიაჩნიათ ზედმეტად. აღიარებენ მხოლოდ ამ საიდუმლოს სულიერ მხარეს. ისინი ნათლობას უწოდებენ მოძღვრების აღქმას, ზიარებას - უფლის სიტყვის შთანერგვას. მორწმუნეთა საბოლოო მიზნად კი სულიერ აღორძინებას რაცხენ.
    Source: პაპუაშვილი ნუგზარ მსოფლიო რელიგიები საქართველოში / [რედ.: სოზარ სუბარი] - თბ.: თავისუფლების ინ-ტი, 2002
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9