L. margo - საზღვარი, კიდე, მარგინალის - საზღვარზე მყოფი გამოიყენება სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებებში, ფილოსოფიაში პიროვნების ან ჯგუფის ზღვრული მდგომარეობის აღსანიშნავად ძირითადი სოციალური ერთობლიობის მიმართ. ის განსაზღვრული, როგორც წესი, დაბალი სოციალური სტატუსის აღმნიშვნელია. მარგინალური პიროვნება უმცირესობას მიეკუთვნება, რომელიც იმყოფება სოციალური სტრუქტურის საზღვარზე ან მის გარეთ; ის ეწევა ზოგადმიღებული ნორმებისგან განსხვავებულ ცხოვრების წესს და იზიარებს განსხვავებულ ღირებულებებს. მარგინალობის ცნებას სოციოლოგიურის გარდა ონტოლოგიური განზომილებაც აქვს, რამდენადაც გამოხატავს ისეთ მდგომარეობას, რომელიც სპეციფიკური თვისებებით ხასიათდება. ეს არის საზღვარზე ყოფნის უნარი, ძალა ზღვრული პოზიციის წარმოჩენისა.
Source: სემიოტიკა – 2009 – №5 – მთ. რედ.: ცირა ბარბაქაძე – რედ.: თამარ ბერეკაშვილი