ის ეკლესია ქ. თბილისში, სოლოლაკში, ახოსპირელის ქუჩაზე მდებარეობს. ამ ეკლესიაში წმ. გევორგის ნაწილია დასვენებული. ეკლესია მანდენოვების, ბასტამოვებისა და ბაშინჯიაღელოვების ოჯახების შემოწირულობებით აიგო. ძველ თბილისში მუღნის სურბ გევორგის ეკლესია სომხური კულტურის ერთგვარ ცენტრს წარმოადგენდა. ჩვენს დრომდე იმ ეპოქის ძვირფასმა ხელნაწერებმა და წიგნებმა მოაღწია. მათ შორის ყველაზე ძველი 1447 წლის ახალი აღთქმაა. 1789 წ. აშენდა ეკლესიის სამრეკლო. 1795 წ. სპარსებმა ეკლესია დააყაჩაღეს, მაგრამ ტერ (მამა) გრიგორის ძალისხმევით, რომელიც ეკლესიის უფროსი მღვდელი იყო, შესაძლებელი გახდა ეკლესიის გარკვეული სიმდიდრის დაცვა. საბჭოთა ხელისუფლების პერიოდში, 1980 წლამდე, ეკლესიაში სახალხო ხელოვნების მუზეუმი იყო. შემდეგ ყველა ექსპონატი სხვა შენობაში გადაიტანეს, ეკლესია კი ავარიულ მდგომარეობაში დარჩა და ნელ-ნელა ინგრევა. ეკლესიის ეზოში განისვენებენ სომხური სათვისტომოს წარმომადგენლები და სასულიერო პირები.
Source: სოლიდარობა. – 2006. – №1 – რედ.: ნინო ცინცაძე