(† 304) წმინდანი, რომელმაც თავისი სიცოცხლე იმ ქრისტიან პატიმართა დახმარების საქმეს მიუძღვნა, რომლებიც თავიანთი მრწამსის გამო რომის იმპერიის პირობებში ციხეებში ისხდნენ.
დაიბადა რომში მესამე საუკუნეში, როდესაც იმპერიას სათავეში ედგა დომიტიანე, ცნობილი ქრისტიანების სასტიკი დევნით.
თეოდოტასთან, სამშვილიან ახალგაზრდა ქვრივთან ერთად ანასტასია მოგზაურობდა ქალაქებში და ეხმარებოდა ქრისტიანული მრწამსის გამო დაპატიმრებულ ადამიანებს. დიოკლეტიანეს ბრძანებით ანასტასია და თეოდოტა სამივე შვილითურთ დააპატიმრეს. მათ უთხრეს, რომ გაათავისუფლებდნენ, თუ უარს იტყოდნენ ქრისტიანობაზე. ქალებმა უარი განაცხადეს რწმენის შეცვლაზე, და თეოდოტა შვილებთან ერთად კოცონზე ცოცხლად დაწვეს, ხოლო ანასტასიას შიმშილით სიკვდილი მიუსაჯეს. მაგრამ აღსანიშნავია, რომ მოშიმშილე ანასტასია 60 დღის შემდეგაც კი ცოცხალი იყო.
ამის შემდეგ რომის სასამართლომ განაჩენი შეცვალა და ბრძანა ანასტასია გემზე მოეთავსებინათ სხვა პატიმრებთან ერთად და გემი ჩაეძირათ. ისტორიული ცნობების მიხედვით, როდესაც რომაელი ჯარისკაცების მიერ ღია ზღვაში მიტოვებულმა გემმა ჩაძირვა დაიწყო, მასზე მყოფ ადამიანებს წმ. თეოდოტა გამოეცხადა და გემი ნაპირზე გაიყვანა. ამ საოცრების 120-მა მოწმემ ქრისტე იწამა. გემზე მყოფნი ქრისტიანებად გემზევე მოინათლნენ ანასტასიასა და ერთერთი ქრისტიანის სახელად ეუტიქიანეს მიერ. თუმცა მალე რომაელმა ჯარისკაცებმა მათ ისევ მიაგნეს და 120-ვე მორწმუნე ქალაქ სირმიუმში (ახლანდელი მიტროვიცა, კოსოვო) კოცონზე დაწვეს.
Source: მორწმუნე ადამიანები: სამართლიანი ადამიანები / [ბიოგრაფიათა ავტ.: მარსელინ ბლაჯი, მარისელ ბულაი, ადინა პატრიკი [და სხვ.] ; მთ. რედ. დანუტ მანასტირეანუ, თეოლ. რედ.: კორნელ კადარი [და სხვ.], ლიტ. რედ. ოვიდიუ ბისოგი, ქართ. ვერსიის რედ. ნანა დანელია ; ილ. ქრისტი ბანდი]. - თბ. : გრიფონი, 2011. - 84გვ. : სურ. ; 20სმ.. - ISBN: 978-9941-0-3119-9[MFN: 142610]