1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

წა წე წი წლ წმ წო წყ
წმ. წმი

წმ. მეფე დავით IV აღმაშენებელი

(1073-1125) XII საუკუნის ქართველი მეფეა, რომელიც საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა. დავითმა, როგორც დიდმა სახელმწიფო მოღვაწემ და უნიჭიერესმა მხედართმთავარმა, განსაკუთრებული ადგილი დაიკავა შუა საუკუნეების საქართველოს ისტორიაში - მის სახელთან არის დაკავშირებული ქვეყნიდან უცხოელი დამპყრობლების განდევნა (თურქ-სელჩუკების) და ქართული მიწების საბოლოო გაერთიანება ერთ ძლიერ სამეფოდ.
დავით IV სამეფო ტახტზე 1089 წელს 16 წლის ასაკში ავიდა.
ქუთაისთან ახლოს, გელათში, მის მიერ დაარსებულ მონასტერთან მან შექმნა აკადემია, რომელიც მალე იქცა ქართული კულტურის დიდ კერად.
დავითი არ იყო მხოლოდ ძლიერი მეფე ან მამაცი მეომარი. იგი იყო ქრისტიანული ზნეობის, კაცთმოყვარეობისა და ქველმოქმედების მაგალითიც. მემატიანეს, რომელიც აღწერს დავითის ცხოვრებას, აღნიშნული აქვს მისი განსაკუთრებული პიროვნული ღირსებები - უაღრესად გულუხვობა, მოწყალეობა და ქვრივ-ობლებსა და დავრდომილებზე მზრუნველობა. ვინ აღრიცხავს, - აღნიშნავს მემატიანე, - ღმერთის გარდა იმ სიკეთესა და მოწყალებას, რომენლიც გაუღია დავითს. დილით სავსე ქისის პატრონი, საღამოს ცარიელი ქისით ბრუნდებოდა „მხიარულსა სულითა და პირითა“, რომ შეძლო და იმ დღეს უპოვართ დაურიგა.
გელათის მონასტრის მახლობლად დავითმა ააშენა ქსენონი (დავრდომილთა თავშესაფარი, საავადმყოფო), სადაც შეკრიბა სხვადასხვა სენით შეპყრობილნი და დიდ მზრუნველობას იჩენდა მათდამი - ხშირად დადიოდა მოსაკითხად და მოსანახულებლად, ამხნევებდა, თავისი ხელით უმოწმებდა სამოსელსა და საგებელს, თითოეულს აძლევდა სამყოფ ოქროს.
დავითი გარდაიცვალა 1125 წლის იანვარში. დაკრძალეს მის მიერვე დაარსებულ გელათის მონასტერში.
დიდი პოლიტიკოსი, მამაცი მეომარი და სარდალი, ზნეკეთილი და კაცთმოყვარე მეფე დავითი საქართველოს ეკლესიამ წმინდანად შერაცხა, ხოლო მადლიერმა შთამომავლობამ მას „აღმაშენებელი“ უწოდა. ეკლესია მას 26 იანვარს აღნიშნავს.
Source: მორწმუნე ადამიანები: სამართლიანი ადამიანები / [ბიოგრაფიათა ავტ.: მარსელინ ბლაჯი, მარისელ ბულაი, ადინა პატრიკი [და სხვ.] ; მთ. რედ. დანუტ მანასტირეანუ, თეოლ. რედ.: კორნელ კადარი [და სხვ.], ლიტ. რედ. ოვიდიუ ბისოგი, ქართ. ვერსიის რედ. ნანა დანელია ; ილ. ქრისტი ბანდი]. - თბ. : გრიფონი, 2011. - 84გვ. : სურ. ; 20სმ.. - ISBN: 978-9941-0-3119-9[MFN: 142610]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9