(1759 - 1833) სახელგანთქმული ბრიტანელი პოლიტიკოსი და სოციალური რეფორმატორი; ქრისტიანი ფილანთროპი და მონათმფლობელობის საწინააღმდეგო მოძრაობის ლიდერი დაიბადა 1759 წელს ჩრდილოეთ ინგლისის ქალაქ იორკშირში. 1780 წელს კემბრიჯში, წმ. იოანეს კოლეჯის დამთავრების შემდეგ, მან ხელი მიჰყო პოლიტიკურ კარიერას და დამოუკიდებლად შევიდა პარლამენტში.
მე-18 საუკუნეში ინგლისში მიმდინარე სულიერი გამოფხიზლების ჟამს უილბერფორსი შეუერთდა ევანგელისტურ ეკლესიას. ამის შემდეგ უილბერფორსი აქტიურად ერთვება სოციალური მასშტაბის სხვადასხვა კამპანიაში. მან დააარსა ისეთი ორგანიზაციები, როგორიცაა საზოგადოება კრიმინალის წინააღმდეგ, „ჩვეულებათა“ რეფორმაციის საზოგადოება, საქველმოქმედო სკოლები, ეკლესიის მისიონერული საზოგადოება და ცხოველთა მიმართ სისასტიკის გამოვლინებათა პრევენციის საზოგადოება. იგი აგრეთვე მხარს უჭერდა მისიონერ მოღვაწეებს ინდოეთში და მრავალმხრივ დახმარებას უწევდა გაჭირვებულებს. 1787 წელს უილბერფორსმა მონობის საწინააღმდეგო კამპანიების გამოჩენილ ხელმძღვანელთან ტომას კლარკსონთან და იურისტ გრენვილ შარპთან ერთად დააფუძნა ჯგუფი, რომელმაც სახელი გაითქვა, როგორც კლეპჰემის სექტამ. მათ შეაგროვეს არგუმენტები მონებით ვაჭრობის შესახებ არაჰუმანურ კანონში ცვლილებების შესატანად. 30-ზე მეტი წლის განმავლობაში მრავალი თანამედროვე ყაიდის ღონისძიება და კამპანია გატარდა, ორგანიზება გაუკეთდა პეტიციებს, ბოიკოტებს, სათანადო შეხვერდებსა და სახალხოდ სიტყვით გამოსვლებს. ჯგუფმა აგრეთვე შეადგინა ე.წ. მონებით ვაჭრობის გაუქმების კომიტეტი, საქვეყნო პროპაგანდა გაუწია საკუთარ იდეებს და სიტყვით გამოვიდა ბრიტანეთის პარლამენტში. მიუხედავად იმისა, რომ უილბერფორსის მხარდამჭერთა რიცხვმა სულ უფრო იმატა და მას პრემიერ მინისტრიც კი მიემხრო, მონობის შესახებ კანონში სათანადო ცვლილებების შეტანა მაინც მიუღწეველი დარჩა.
პირველი გამარჯვება მხოლოდ 1807 წელს იქნა მიღწეული, როცა ჩარლზ ჯეიმს ფოქსის მთავრობამ მთელ ბრიტანულ იურისდიქციაში მონებით ვაჭრობა გააუქმა. უილბერფორსს და მის მეგობრებს კიდევ 26 წლის გატარება მოუწიათ მონობის საწინააღმდეგო დოკუმენტური მასალების შეგროვებასა და წლიური პეტიციების ორგანიზებაში. ბოლოს, 1833 წელს, სიკვდილამდე სამი დღით ადრე, უილიამ უილბერფორსმა შეიტყო, რომ პარლამენტმა მიიღო კანონი მთელ ბრიტანეთის იმპერიაში მონათმფლობელობის გაუქმების შესახებ.
Source: მორწმუნე ადამიანები: სამართლიანი ადამიანები / [ბიოგრაფიათა ავტ.: მარსელინ ბლაჯი, მარისელ ბულაი, ადინა პატრიკი [და სხვ.] ; მთ. რედ. დანუტ მანასტირეანუ, თეოლ. რედ.: კორნელ კადარი [და სხვ.], ლიტ. რედ. ოვიდიუ ბისოგი, ქართ. ვერსიის რედ. ნანა დანელია ; ილ. ქრისტი ბანდი]. - თბ. : გრიფონი, 2011. - 84გვ. : სურ. ; 20სმ.. - ISBN: 978-9941-0-3119-9[MFN: 142610]