(1829 - 1908) ურბანისტული მისიის ინიციატორი და „ფილანთროპიული ქალაქის დამაარსებელი“ ივანე ილიას ძე სერგიევი, შემდგომ ცნობილი, როგორც წმ. იოანე კრონშტადტელი, 1855 წლის 12 ნოემბერს იგი ეკურთხა მღვდლად კრონშტადტში, წმ. ანდრიას სახელობის რელიგიურ სათვისტომოში. იქ მან 53 წელი იმსახურა და მთელი თავისი გული და სული მიუძღვნა მორწმუნე საზოგადოების კულტურულ და სულიერ ზრდას.
მას თითქმის 19 წელი დასჭირდა საქველმოქმედო შენობის შექმნისათვის საფუძვლის მოსამზადებლად. პირველი ნაბიჯი (1874 წელს) იყო რელიგიური სათვისტომოს ცენტრის (ადმინისტრაციული დაწესებულების) დაარსება, რომელიც გათვალისწინებული იყო ღარიბთა დასახმარებლად. შემდეგ მოეწყო პირველი ე. წ. „სახლი შრომის სიყვარულისა“, რომელიც გადაიქცა „ქალაქად ქალაქის შიგნით“. ის მოიცავდა სართავ ფაბრიკას და მამაკაცთა ქუდების მაწარმოებელ სახელოსნოებს, სადაც 7000-ზე მეტი ადამიანი მუშაობდა.
იოანეს დაწესებულებამ დააარსა უფასო სახალხო ბიბლიოთეკა, უფასო საბავშვო სკოლა, პროფესიული გადამზადების სკოლა სავაჭრო საქმიანობისთვის, სამკერვალო სკოლა გოგოებისთვის, ფეხსაცმლის კერვის შემსწავლელი კურსები, ხელოვნებათა შემსწავლელი სტუდია, საბავშვო ბიბლიოთეკა და საკვირაო სკოლა. საზოგადოებისთვის სახალხო ლექციები და კონფერენციები ეწყობოდა.
იოანე კრონშტადტელის „ფილანთროპიული ქალაქი“ მოიცავდა საქველმოქმედო საცხოვრებელ დაწესებულებებსაც: ობოლთა თავშესაფარს, ცენტრს სკოლამდელი ასაკის ბავშვების მოსავლელად, ბავშვებისათვის გათვალისწინებულ არდადეგების ცენტრს ქალაქგარეთ, ღარიბ ქალთა თავშესაფარს, მოგზაურთა ღამის თავშესაფარს.
მოგვიანებით მნიშვნელოვანი სიახლე წმ. იოანეს მიერ ადმინისტრირებული „ფილანთროპიული ქალაქისათვის“ გახდა ის, რომ ქველმოქმედების განაწილებამ ზუსტი მიზანმიმართულებაც შეიძინა და დახმარების აღმოჩენამდე თითოეული ადამიანის საჭიროების საკმაოდ ზედმიწევნითი შეფასება ხდებოდა.
წმ. იოანე კრონშტდატელი 1908 წელს 79 წლის ასაკში გარდაიცვალა და რუსეთში ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი რელიგიური მოღვაწის ხსოვნა დატოვა. მან აჩვენა ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორაა შესაძლებელი მოყვასის დახმარება და ამ დახმარების მრავალმხრივ განვრცობა. წმ. იოანე კრონშტადტელი მოიხსენიება ყოველ 20 დეკემბერს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ.
Source: მორწმუნე ადამიანები: სამართლიანი ადამიანები / [ბიოგრაფიათა ავტ.: მარსელინ ბლაჯი, მარისელ ბულაი, ადინა პატრიკი [და სხვ.] ; მთ. რედ. დანუტ მანასტირეანუ, თეოლ. რედ.: კორნელ კადარი [და სხვ.], ლიტ. რედ. ოვიდიუ ბისოგი, ქართ. ვერსიის რედ. ნანა დანელია ; ილ. ქრისტი ბანდი]. - თბ. : გრიფონი, 2011. - 84გვ. : სურ. ; 20სმ.. - ISBN: 978-9941-0-3119-9[MFN: 142610]