1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მა მგ მდ მე მთ მი მკ მმ მნ მო მრ მს მტ მუ მყ მშ მც მძ მწ მხ
მაგ მავ მაზ მათ მაი მაკ მალ მამ მან მაჟ მარ მას მატ მაუ მაფ მაქ მაღ მაყ მაჩ მაძ მაჰ

მარგინალური კულტურა

კულტურული მარგინალობის პრობლემის შესწავლა დაიწყო ამერიკულ სოციოლოგიაში XX საუკუნის 20-იან წლებში, როცა ჩიკაგოს სკოლის წარმომადგენლის რობერტ ე. პარკის მიერ შემოთავაზებულ იქნა ტერმინი „მარგინალური პიროვნება“ – იმიგრანტთა კულტურული სტატუსისა და თვითშეგნების აღსანიშნავად. 30-იან წლებში ე. სთოუნკვისტმა საგანგებო გამოკვლევები მიუძღვნა კულტურული მარგინალობის საკითხებს ეთნიკურ უმცირესობათა მაგალითზე, რომლებიც მარგინალურ მდგომარეობაში არიან როგორც დომინირებად კულტურასთან (რომელშიც სრულად არ არიან ჩართული), ისე მათთვის მშობლიურ, საწყის კულტურასთან მიმართებაში. შემდგომში დიდი ყურადღება ექცეოდა მარგინალური სუბკულტურების (ეთნიკური, კონფესიური და სხვ.) შესწავლას.
დღეისათვის სამეცნიერო ლიტერატურაში აქტიურად გამოიყენება „მარგინალური კულტურის“ ცნება, თუმცა მისი შინაარსი მკაფიოდ განსაზღვრული არ არის. ხშირად მას განიხილავენ მარგინალური ინდივიდის ან სუბკულტურის ანალოგიით. ასეთ შემთხვევაში ტერმინი ნეგატიურ დატვირთვას იძენს; აქცენტი კეთდება მარგინალური კულტურის „გაორებულ“, „კულტურათშორის“ ხასიათზე, კულტურული თვითიდენტიფიკაციის პროცესის სირთულეზე, თვითშემეცნების მთლიანობის დარღვევაზე, აქედან გამომდინარე, შინაგან დისკომფორტსა და მის შესაბამის ქცევის ფორმებზე, ფასეულობით და ნორმატულ ამბივალენტურობაზე, სტრუქტურულ მახასიათებელთა ეკლექტურობაზე. მარგინალურობა მიიჩნევა გარდამავალ მდგომარეობად კულტურისათვის, რომელიც მთავრდება კულტურული სახის გამოკვეთითა და კულტურული თვითიდენტიფიკაციის პრობლემის გადაჭრით, თუმცა არსებობს სხვაგვარი თვალსაზრისიც. მარგინალობა გაიაზრება არა ამა თუ იმ ჯგუფის „ფიქსირებულ“ მახასიათებლად, არამედ ურთიერთობათა გარკვეულ ტიპად, რომელიც გულისხმობს განსაზღვრულ დამოკიდებულებას ამა თუ იმ კულტურის ფასეულობებისადმი.
„მარგინალური კულტურის“ ცნება განსაკუთრებით საინტერესოა ცივილიზაციათა მიჯნებზე მცხოვრები ხალხებისა და ქვეყნებისათვის, რომლებიც ცალსახად ვერ განსაზღვრავენ თავიანთ ცივილიზაციურ კუთვნილებას და რომელთა კულტურის სახის აღსანიშნავად გამოიყენება, აგრეთვე, „განაპირულობის“, „პერიფერიულობისა“ და სხვა ცნებები.
Source: ჩიქოვანი, ნინო რელიგია და კულტურა სამხრეთ კავკასიაში : სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / ნინო ჩიქოვანი ; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა]. - თბ. : სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006. - 116გვ. ; 29სმ.. - (სოციალურ მეცნიერებათა სერია). - რეზ. ინგლ. ენ.. - ბიბლიოგრ. ტექსტ. შენიშვნ.. - ISBN: 99940-871-2-6 : [ფ.ა.][MFN: 29986]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9