1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ე- ეა ებ ეგ ევ ეზ ეთ ეი ეკ ელ ემ ენ ეპ ერ ეს ეტ ეუ ეფ ექ ეჩ ეჭ
ერგ ერე ერთ ერი ერო

ერთიანი კულტურული სივრცე

ცნებას კულტუროლოგიაში სრულიად კონკრეტული მნიშვნელობა აქვს. კერძოდ, მიჩნეულია, რომ ორი ან რამდენიმე მეზობელი კულტურა ბუნებრივ-არაცნობიერი მიბაძვის პროცესში, ან კიდევ სავსებით გააზრებულ რაციონალურ საფუძველზე, ერთმანეთისაგან ითვისებს რაღაც ელემენტებს, მოარგებს და შეუსაბამებს მათ საკუთარ მოთხოვნილებებს. საერთო ბედმა, ისტორიამ, არსებობის ერთნაირმა პირობებმა (მათ შორის, ბუნებრივ-ლანდშაფტურმა) შეიძლება განაპირობოს საერთო ნიშნების წარმოშობა; ასე იქმნება ერთ რეგიონში მდებარე კულტურების გარკვეული საერთო „ტონალობა“, „აქცენტი“. ასეთი საერთო ნიშნების არსებობა, ერთსა და იმავე დროს, ილუზორულიცაა და რეალურიც. ილუზორული – იმიტომ, რომ არ წარმოიშობა არავითარი ერთიანი, საერთო კულტურა, როგორც დამოუკიდებელი მრავალფუნქციური სისტემა. რეალობა კი ისაა, რომ ეს საერთო ნიშნები თუ ელემენტები ქმნიან ერთობის გარკვეულ ატმოსფეროს, რომელიც ზემოქმედებს სხვადასხვა კულტურის ადამიანთა ცხოვრებაზე, აიოლებს მათ თანაარსებობასა და ურთიერთგაგებას. ეს ეხება არა მარტო ერთი ცივილიზაციის ან ერთიანი კულტურული სივრცის შემადგენელ კულტურებს, არამედ, პირველ რიგში, სწორედ იმათ, რომლებიც, თუმცა სხვადასხვა ცივილიზაციას ეკუთვნიან, მაგრამ ამ ცივილიზაციათა პერიფერიაზე მდებარეობის გამო, ერთმანეთთან უფრო ახლო და მჭიდრო კონტაქტი აქვთ, ვიდრე ცივილიზაციურად მონათესავე სხვა კულტურებთან. ამრიგად, ერთიანი კულტურული სივრცე სრულიადაც არ ნიშნავს ერთიან კულტურას, ისინი ერთმანეთისაგან განსხვავდებიან, პირველ რიგში, ჰომოგენურიბა-ჰეტეროგენულობის ხარისხით. ერთიანი კულტურა მეტ-ნაკლებ ჰომოგენურობას გულისხმობს, ერთიანი კულტურული სივრცე კი ასეთ ჰომოგენურ კულტურათა ერთობლიობაა.
Source: ჩიქოვანი, ნინო რელიგია და კულტურა სამხრეთ კავკასიაში : სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / ნინო ჩიქოვანი ; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა]. - თბ. : სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006. - 116გვ. ; 29სმ.. - (სოციალურ მეცნიერებათა სერია). - რეზ. ინგლ. ენ.. - ბიბლიოგრ. ტექსტ. შენიშვნ.. - ISBN: 99940-871-2-6 : [ფ.ა.][MFN: 29986]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9