არის ცნობილი ებრაელი ისტორიკოსი. იგი იუდეველთა სასულიერო წრეს ეკუთვნოდა.
იგი, ძე მატათიასი, ჩ.წ. 37 წელს იერუსალიმში დაიბადა. მიიღო ბრწყინვალე სასულიერო და საერო განათლება; დაეუფლა როგორც ბიბლიასა და ბიბლიურ, უფრო სწორედ, – ძველი აღთქმის იუდეურ ტრადიციას, ისე ბერძნულ-რომაულ კულტურას: ანტიკური ცივილიზაციის მიღწევებს მეცნიერების სხვადასხვა დარგში.
იოსები ებრაელი ხალხის ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში ადრიდანვე ჩაება და 66-73 წლების ანტირომაული აჯანყების ინიციატორთა და ორგანიზატორთა გვერდით დადგა; იგი გალილეის ფრონტის მხედართმთავრად დაინიშნა, მაგრამ მოულოდნელად, აჯანყების დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ (67 წ.), რომაელების მხარეზე გადავიდა და, იმპერიის მმართველი დინასტიის – ფლავიუსების – პატივისცემისა თუ მათი გულის მოგების მიზნით, ფლავიუსი დაირქვა.
ტიტესა და ვესპასიანეს მიერ იერუსალიმის აღებისა და ისრაელის მთავარი სიწმინდის – იერუსალიმის ტაძრის დაქცევის დროს (70 წ.) ის იმპერიის მთავარსარდლის ბანაკში თარჯიმნის მოვალეობას ასრულებდა. აჯანყების დამარცხების შემდეგ იგი რომში გადასახლდა, იქაური მოქალაქეობა მიიღო და ფლავიუსთა ისტორიოგრაფად დაინიშნა. გარდაიცვალა 95 წლის ახლო ხანს (100 წლამდე).
იოსებ ფლავიუსის შრომებიდან ცნობილია შემდეგი:
1. „იუდეველთა ომი;
2. „იუდეველთა სიძველენი“;
3. „ავტობიოგრაფია“, ანუ იგივე „თვითაპოლოგია“;
4. „აპიონის წინააღმდეგ“ ანუ პოლემიკა ეგვიპტელ მწერალთან – აპიონთან – ებრაელი ხალხისა და მათი რელიგიის წინააღმდეგ წამოყენებული ბრალდებების გასაქარწლებლად.
Source: ნუგზარ პაპუაშვილი. იოსებ ფლავიუსი და მისი ცნობები იესოზე, იოანესა და იაკობზე ქართულ თარგმანში//ემაოსი 2005 №1(4)