XX საუკუნის უაღრესად ავტორიტეტული ღვთისმეტყველი დაიბადა 1903 წლის 25 მაისს პეტერბურგში, ცნობილი ფილოსოფოსის ნიკოლაი ლოსკის ოჯახში. ჭაბუკობის წლებში გამოამჟღავნა ინტერესი ფილოსოფიის, პატრისტიკისა და ევროპული შუა საუკუნეების ისტორიისა და კულტურისადმი.
1920 წელს შევიდა პეტერბურგის უნივერსიტეტში, მაგრამ 1922 წელს იძულებული გახდა ოჯახთან ერთად ემიგრაციაში წასულიყო. თავდაპირველად, ვლ. ლოსკი ცხოვრობდა პრაღაში, სადაც მეცადინეობდა სახელგანთქმული ბიზანტინოლოგისა და ხელოვნებათმცოდნის ნ. კონდაკოვის სემინარზე, ხოლო შემდეგ გადავიდა პარიზში, სადაც იგი რამდენიმე წლის განმავლობაში შეისწავლიდა შუა საუკუნეების ისტორიასა და ფილოსოფიას, მაგრამ უკვე 20-იანი წლების მიწურულს მთელი მისი ყურადღება საღვთისმეტყველო და საეკლესიო პრობლემატიკაზე იქნა კონცენტრირებული.
1928 წელს ვლ. ლოსკი ხდება წევრი პარიზში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქიასთან არსებული საძმოსი, რომლის მიზანი იყო საფრანგეთში მართლმადიდებლობის გავრცელება. ამავე პერიოდში იწყება მისი საღვთისმეტყველო შრომების გამოქვეყნება.
II მსოფლიო ომისა და გერმანიის არმიის მიერ საფრანგეთის ოკუპაციის წლებში ვლ. ლოსკი მონაწილეობდა ფრანგულ წინააღმდეგობის მოძრაობაში, თუმცა საღვთისმეტყველო გამოკვლევებზე მუშაობა და პედაგოგიური მოღვაწეობა არ შეუწყვეტია.
ომის შემდგომ პერიოდში იგი აქტიურ მონაწილეობას იღებდა საღვთისმეტყველო და ფილოსოფიურ კონფერენციებში, იმჟამად დაწყებულ დიალოგში მართლმადიდებელ ეკლესიასა და კათოლიკე ეკლესიას შორის, განაგრძობდა პედაგოგიურ მოღვაწეობას.
1956 წელს ვლ. ლოსკი 34 წლის განშორების შემდეგ ეწვია რუსეთს.
გარდაიცვალა პარიზში, 1958 წლის 7 თებერვალს, გრიგოლ ღვთისმეტყველის ხსენების დღეს.
Source: სარწმუნოების სიმბოლოს განმარტება. თარგმნა ზაზა კვერცხიშვილმა//ემაოსი 2006 №1(6)