1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ჰა ჰე ჰი ჰო ჰრ ჰუ
ჰეგ ჰედ ჰეი ჰეკ ჰელ ჰემ ჰერ ჰეტ ჰეჯ

ჰეტერონორმატიულობა

  1. E. heteronormativity
    ქვიარ თეორიაში მოცემული ცნება, რომელიც აღნიშნავს ჰეტეროსექსუალობისთვის პრივილეგიის მინიჭებას და დაშვებას, რომ ჰეტეროსექსუალობა ერთადერთი ბუნებრივი და ნორმალური სექსუალობაა.
    Source: შესავალი ლგბტ ფსიქოლოგიაში/[რედ.: შორენა გაბუნია, ირაკლი ვაჭარაძე; არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობა“]. - თბ., 2013. - 408 გვ.; 20 სმ. - განმარტებითი ლექსიკონი: გვ. 384-408.
  2. ტერმინი სათავეს ქვიარ თეორიიდან იღებს და პირველად იგი 1991 წელს ამერიკელმა სოციოლოგმა მაიკლ ვორნერმა გამოიყენა. ჰეტერონორმატიულობა სოციალურ ინსტიტუტებსა და ურთიერთობებში სექსუალობის შესახებ გარკვეული რწმენების, შეხედულებების გამყარებას მოიაზრებს. ამ შეხედულებების თანახმად, სექსი მხოლოდ „პენისი ვაგინაში“ აქტია, ოჯახი - ჰეტეროსექსუალი წყვილისგან და მათი ბავშვებისგან შედგება, ხოლო ქორწინების მიზანი - გამრავლებაა, ამიტომაც, ქორწინება მხოლოდ ჰეტერო წყვილებს შორისაა დასაშვები. აქედან გამომდინარე, ჰეტეროსექსუალობა სექსუალობის ერთადერთ, „ბუნებრივ“ ფორმად აღიქმება. ჰეტერო-ნორმატიულობა შეიძლება ასევე განვიხილოთ, როგორც პრაქტიკებისა და ინსტიტუტების ერთობლიობა, რომელიც ნორმატიული ჰეტეროსექსუალობის ლეგიტიმაციას ახდენს, აყენებს მას პრივილეგირებულ მდგომარეობაში, ხოლო მისი „განსხეულება“ ჰეტერო-სექსუალური ურთიერთობების საშუალებით ხდება (Cohen, 2005).
    მიუხედავად ამისა, ჰეტეროსექსუალობა არ არის არსებითად ჰეტერონორმატიული. ქალსა და მამაკაცს შორის სექსუალური და არა მხოლოდ სექსუალური ურთიერთობების ფორმამ შესაძლოა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს ჭეშმარიტებად აღიარებულ ჰეტერონორმატიული ვარაუდები, როგორც, მაგალითად, ეს „ქვიარ ჰეტეროსექსუალებმა“ გააკეთეს (Thomas, 200). შესაბამისად, შესაძლებელია, პირიქითაც მოხდეს. არაჰეტეროსექსუალური ურთიერთობების ზოგიერთი ფორმა, შესაძლოა, ჰეტერონორმატიულობასთან შესაბამისობაში მოდიოდეს. თუმცა, ჰეტერნორმატიულობა მხოლოდ სექსუალურ პრაქტიკათა ერთობლიობა არაა. იგი უფრო მეტად „იმ საშუალებათა ერთობლიობაა, სადაც ჰეტეროსექსუალური პრივილეგია სოციალურ ურთიერთობებში ფარულად და ყოვლისმომცველად განსაზღვრავს ყოველდღიურ ცხოვრებას“ (Jackson, 2006). ამიტომაც, ლგბტქ ადამიანები უფრო ინტეგრირებულნი არიან საზოგადოებაში, როცა მათი ცხოვრების წესი ნორმალიზებულ ჰეტეროსექსულობას სარკისებურად ასახავს (თუ მაგალითად, მათი გარეგნობა საყოველთაოდ მიღებულ სტანდარტებს აკმაყოფილებს, მათი ურთიერობა კი რომანტიკული, მონოგამიური და ერთგულებით გამსჭვალულია). ასე რომ, უბრალოდ აქცენტის გაკეთება ჰეტეროსექსისტურ პრაქტიკებზე საკმარისი არაა. ჰეტეროსექსუალობა, პირველ რიგში, გენდერული ნორმების გასაძლიერებლად და ქცევის შესაზღუდავად ფუნქციონირებს, რაც ყველაზე ნათლად აჩვენებს იმას, თუ როგორ ხდება ლგბტქ სექსუალობების მარგინალიზება ჰეტერონორმატიულობის მიერ.
    ჰეტერონორმატიულობის სოციალურად წარმოების ერთ-ერთი უმთავრესი გზა ჰეტეროსექსუალობის ინსტიტუციონალიზაციაზე გადის. 1980 წელს ამერიკელმა ლესბოსელმა ფემინისტმა ადრიან რიჩმა კლასიკური სტატია „სავალდებულო ჰეტერსოექსუალობა და ლესბოსური ყოფა“ დაწერა. ამ სტატიით ნათელი მოეფინა იმას, თუ როგორ იქცევა ჰეტეროსექსუალობის ინსტიტუციონალიზაცია ნორმად და ბუნებრიობად (ამასთანავე, როგორ ხდება სექსუალობის სხვა ფორმების მარგინალიზაცია). რიჩის თანახმად, ჰეტეროსექსუალობა ინსტიტუტია, რომელიც მხოლოდ მამაკაცთა ინტერესებს ემსახურება და სრულიად არაბუნებრივია ქალთა უმრავლესობისთვის. იგი ამტკიცებდა, რომ ქალებს მოტყუებით თავს ახვევენ ჰეტეროსექსუალობას რომანტიკის, მამაკაცის სხეულის ეროტიზაციის, გაუპატიურებისა და ლესბოსური ურთიერთობების ცენზურის გზით. შესაბამისად, ჰეტეროსექსუალობა აუცილებლობად განიხილება, ისე, რომ ქალის სოციალური, ემოციური და სექსუალური საჭიროებები დაქვემდებარებულია, რაც უზრუნველყოფს ქალის სხეულისადმი მამაკაცის პრივილეგირებულ სექსუალურ და ემოციურ ხელმისაწვდომობას. მიუხედავად იმისა, რომ ლგბტქ ადამიანები დღეს უფრო მეტად ხილვადნი არიან, ვიდრე მაშინ, როცა რიჩმა ეს სტატია დაწერა, ჰეტეროსექსუალობის წახალისება-დაჯილდოება ახლაც მსგავსი ფორმით მიმდინარეობს, რაც ხელს უწყობს და განაპირობებს სექსუალობების სხვა ფორმების მარგინალიზებას.
    დიდი ძალისხმევა არაა საჭირო ყოველდღიურ ცხოვრებაში ჰეტერონორმატიულობის მაგალითების მოსაყვანად. ნორმატიული ჰეტეროსექსუალობის იმიჯები ყველგან და ყოველთვის გვხვდება - მედიაში, რეკლამებში, წიგნებში. ნებისმიერი არაჰეტეროსექსუალისთვის ყოველი გასაუბრება ახალ ნაცნობთან გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობას გულისხმობს - გააკეთოს თუ არა ამ ადამიანთან ქამინგაუთი, რადგან საუბარი ქორწინების, ოჯახის ან თუნდაც ყოველდღიური ცხოვრების შესახებ მუდმივად მოიაზრებს იმას, რომ პარტნიორი საწინააღმდეგო სქესისაა. შესაბამისად, ჰეტერონორმატიულობა ნიშნავს იმასაც, რომ არ არსებობს სოციალური იმპერატივი (ან საჭიროება) იმისთვის, რომ იდენტიფიცირება მოახდინო ან ქამინგაუთი გააკეთო, როგორც ჰეტეროსექსუალმა.
    Source: შესავალი ლგბტ ჟურნალისტიკაში/[ავტ. შორენა გაბუნია; რედ. ირაკლი ვაჭარაძე; არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობა“]. - თბ., 2013. - 319 გვ.; 20 სმ.. - დანართები: გვ. 145-316. - განმარტ. ლექსიკონი: გვ. 3-34
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9