1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

რა რე რთ რი რო რუ რწ რჯ
რაბ რაგ რად რაი რამ რან რაო რას რატ რაფ რაშ რაც

რასიზმი

  1. შეიძლება განისაზღვროს მრავალგვარად. ერთ-ერთი განმარტება განიხილავს რასიზმს როგორც გააზრებულ ან გაუაზრებელ რწმენას ერთი რასის აღმატებულობის შესახებ მეორის მიმართ. უპირველეს ყოვლისა, ამ განმარტებიდან გამომდინარეობს, რომ „აღმატებულ“ რასას აქვს უფლება გამოიყენოს ძალაუფლება და დომინირებადი იყოს „დაბალი“ რასაზე და მეორე, რასიზმი განაპირობებს ინდივიდების და ჯგუფების დამოკიდებულებას და ქცევას. თუმცა აქ არსებობს პრობლემა, რომ ტერმინი „რასიზმი“ გულისხმობს სხვადასხვა „რასების“ არსებობას. ბოლო წლებში დამკვიდრდა განსაზღვრება, რომ ფაქტობრივად „რასა“ არის სოციალური კონსტრუქცია და შეუძლებელია ადამიანების კლასიფიცირება რაიმე კატეგორიის მიხედვით გარდა „ადამიანისა“. ამდენად, რასიზმი არსებობს იმისდამიუხედავად რომ „რასა“ არ არსებობს. ევროპას რასიზმს ხანგრძლივი ისტორია გააჩნია. ისტორიულად „მაღალი“ და „დაბალი“ რასებზე მსჯელობა მიმდინარეობს ბიოლოგიური განსხვავებების საფუძველზე. დარვინის ევოლუციის თეორია ეხება ადამიანებს, რათა მოხდეს მათი კლასიფიცირება „რასის“ მიხედვით. კოლონიალიზმი, როდესაც ევროპული ერები ეწეოდნენ სხვა ერების ექსპლოატაციას შესაძლებელი გახდა ფართოდ გავრცელებული სოციალური დარვინიზმის და სხვა მსგავსი „რასისტული“ თეორიების მიღების შედეგად. „თეთრკანიანის“ ტვირთი გულისხმობდა კოლონიური ევროპის „მოვალეობას“ მოეხდინა სხვა ხალხების „ცივილიზება“. მონობა, რასიზმის მეორე გავრცელებული პრაქტიკა ევროპელ მწარმოებლებსა და მთავრობაში XIX საუკუნის ბოლომდე ასევე ეფუძნებოდა რწმენას რომ მონები მიეკუთვნებოდნენ „დაბალ რასას“. დღესდღეობით რასისტები აქცენტს უფრო მეტად აკეთებენ კულტურულ განსხვავებებზე, ვიდრე ბიოლოგიურ არასრულფასოვნებაზე. კულტუროლოგიური რასიზმი ეფუძნება რწმენას, რომ არსებობს კულტურათა იერარქიები ან ზოგიერთი კულტურების, ტრადიციების, წეს-ჩვეულებების და ისტორიების შეუთავსებლობას. უცხოელების ან უმცირესობების იზოლაცია ან დისკრიმინაცია მართლდება „შეუთავსებელი კულტურების“, რელიგიების ან „ცივილიზაციების“ უცილობელი შენარჩუნების სახელით. ძალაუფლება და მისი არასწორად გამოყენება მჭიდროდ არის დაკავშირებული რასიზმთან. რასიზმს ერთსა და იმავე დროს განსაზღვრავენ ძალაუფლების მფლობელები და ის კი განსაზღვრავს ძალაუფლებრივ ურთიერთობას მოძალადესა და მსხვერპლს შორის. რასიზმის მსვერპლნი უმწეო მდგომარეობაში არიან. პრეკონცეფციები ან უარყოფითი მსჯელობა სხვა პიროვნებებისა და ჯგუფების მიმართ (ამ პიროვნებებისა და ჯგუფების შესახებ მნიშვნელოვანი ცოდნის ან გამოცდილების გარეშე) ასევე დაკავშირებულია რასიზმთან. ამგვარად, რასიზმი შეიძლება გაგებულ იქნას როგორც პრეკონცეფციების პრაქტიკული განხორციელება რეალურ ქმედებაში ან მოპყრობის ფორმად სხვების მიმართ მათი მხრიდან, ვისაც გააჩნია შესაბამისი ძალაუფლება და აქედან გამომდინარე შესწევს უნარი განახორციელოს ეს ქმედებები. რასიზმის შედეგები როგორც ისტორიული ასევე თანამედროვე მაგალითების მიხედვით არის დამანგრეველი როგორც მსხვერპლისათვის ასევე საზოგადოებისათვის სადაც ამ უსამართლობას აქვს ადგილი. რასიმზი იყო მასობრივი განადგურების, გენოციდის და ჩაგვრის სათავეებთან. მან განაპირობა უმრავლესობების დამორჩილება ერთი მუჭა უმცირესობის კაპრიზებისადმი, რომლებიც ფლობდნენ სიმდიდრეს და ძალაუფლებას. თუმცა უკვე მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული ამ უსამართლობების აღმოსაფხვრელად, მაგრამ იზოლაციის ფარული და ნაკლებად ფარული ფორმები დღეს კვლავ არსებობს. ისინი ვინც აღქმულია „განსხვავებულად” ან „უცხოდ” აწყდებიან? თავისუფლებისა და გადაადგილების შეზღუდვებს, აშკარა აგრესიას, შეურაცყოფას ან სოციალურ გაუცხოებას.
  2. ზოგადად შედგება ქცევის, სიტყვების ან ქმდებისაგან, რომელიც ანიჭებს ან ართმევს პრივილეგიებს ადამიანებს მათი კანის ფერის, კულტურის ან ეთნიკური წარმომავლობის ნიადაგზე. მისი ფორული ფორმები ისევე საზიანოა, როგორც მისი აშკარა გამოხატულება.
    Source: ბრანდერი პატრიცია. კომპასი : სახელმძღვ. ადამიანის უფლებათა განათლ. სფეროში ახალგაზრდების მონაწილეობით / ავტ.: პატრიცია ბრანდერი, რუი გომესი, ელლი კინი და სხვ. ; [მთარგმნ.: მაკა წულუკიძე, ტატა პატარაია ; რედ.: პატრიცია ბრანდერი და სხვ., ქართ. გამოც. რედ.: გიორგი კენჭოშვილი] ; მხატვ.: პანჩო - [თბ.], 2004
  3. რწმენა იმაში, რომ არსებობს ორივე სქესის ადამიანთა რაღაც ჯგუფები განსაკუთრებული (ჩვეულებრივ ფიზიკური) მახასიათებელი თვისებებით, რომლებიც აქცევენ მათ პრივილეგიურ ან არასრულფასოვან ადამიანებად სხვებთან მიმართებაში. რასიზმის გამოვლინება შეიძლება იყოს არა მხოლოდ აშკარა, როგორიცაა, მაგალითად, ადამიანებთან ურთიერთობა მათი რასის ან კანის ფერის მიხედვით, არამედ ფარულიც, - როცა საზოგადოება რომელიმე თავის ჯგუფთან მიმართებაში სისტემატიურად ხელმძღვანელობს რაიმე დისკრიმინაციული აზრით. რასისტული ქცევა წარმოშობს რასობრივ დისკრიმინაციას მისი აშკარა ნეგატიური შედეგებით - იმ პირთა უბრალო უგულვებელყოფიდან ან იგნორირებიდან, ვინც ითვლება სხვაგვარ ან უმდაბლეს არსებად, უფრო ნათლად გამოხატულ ფორმებამდე, რაც ვლინდება დაშინებაში, ექსპლუატაციაში ან შეზღუდვაში.
    Source: ბავშვის უფლებები : [კრებული / თარგმნეს სვეტლანა ლოგუამ და სხვ.] - თბ. : საია, 2000
  4. არ არსებობს „რასიზმის“ საყოველთაოდ აღირებული განსაზღვრება. რასიზმი შეიძლება დახასიათდეს, როგორც შეგნებული ან გაუაზრებელი რწმენა ერთი რასის თანდაყოლილ უპირატესობაში მეორესთან შედარებით, ან იმგვარი მოპყრობა და ქმედებათა ისეთი სისტემა, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოებაში რასობრივ იერარქიაზე დამყარებული წესრიგის დამკვიდრებას, რომლის სათავეშიც იმყოფება ერთი ჯგუფი, როგორც უფლის ნების გამომხატველი.
    ტერმინი „რასიზმი“ დიდ კამათს იწვევს, ვინაიდან იგი სხვადასხვა რასების არსებობის ვარაუდს ემყარება, რაც თანამედროვე მსოფლიოში რასიზმის რეალური მნიშვნელობის დამახინჯებაა. დღესდღეობით „რასა“ სოციალურ კონსტრუქციად განიხილება და აქცენტი უფრო კულტურულ განსხვავებებზე კეთდება, ვიდრე ბიოლოგიურ ნიშნებზე. აქედან გამომდინარე, უკვე შეგვიძლია ვილაპარაკოთ „კულტურულ რასიზმზე“, რომელიც სავარაუდოდ თანამედროვე რასისტთა მსოფლმხედველობისა და ქმედებების გაცილებით სრულფასოვანი აღწერაა. რასიზმი, როგორც აზროვნების მიმართულება თავისთავად ზიანის მომტანია, თუმცა არ ექვემდებარება კანონისმიერ შეზღუდვას მანამ, სანამ კონკრეტულ ქმედებებში არ გადაიზრდება. ეს ნიშნავს რომ მხოლოდ რასისტული შეხედულებები, როგორც ასეთი, არ წარმოადგენს ადამიანის უფლებათა დარღვევას. აზრისა და რწმენის თავისუფლება ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა და აბსოლუტური ხასიათისაა, ანუ არ ექვემდებარება შეზღუდვას. მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა მოსაზრება დისკრიმინაციულ პოლიტიკაში ან ჯგუფების კულტურულ გამიჯვნაში აისახება შეგვიძლია ვილაპარაკოთ დისკრიმინაციულ ქმედებაზე ან რასობრივ დისკრიმინაციაზე, რომელიც კანონით ისჯება.
    რასიზმი სხვადასხვა დონეზე არსებობს, რაც დამოკიდებულია მსხვერპლსა და რასისტს შორის ურთიერთობასა და გამოყენებულ ძალაუფლებაზე:
    • პერსონალური დონე (ვინმეს დამოკიდებულება, მოსაზრება, მრწამსი);
    • ინტერპერსონალური დონე (ქცევა სხვების მიმართ);
    • კულტურული დონე (ღირებულებები და საზოგადოებრივი ქცევის წესები);
    • ინსტიტუციური დონე (კანონები, ჩვეულებები, ტრადიციები).
    რასიზმისა და რასობრივი დისკრიმინაციის ინსტიტუციური ფორმის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი იყო სამხრეთ აფრიკაში არსებული აპართეიდის სისტემა, რომლის კანონმდებლობა სტრუქტურირებულად ახდენდა შავკანიანთა და თეთრკანიანთა სეგრეგაციას.
    Source: ნარინდოშვილი, მალხაზ, ადამიანის უფლებები / [ავტ. მალხაზ ნარინდოშვილი; რედ. გიორგი მელაძე] - [თბ.]: თავისუფლების ინ-ტი, [2005] - 119გვ.; 20სმ. - ISBN 99940-885-1-3: [ფ.ა.][MFN: 30981]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9