1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ძა ძვ ძი ძმ ძუ
ძალ ძარ ძაღ

ძალადობრივი დანაშაული

პიროვნების სიცოცხლის, ჯანმრთელობის, თავისუფლებისა და, აგრეთვე, საზოგადოებრივი მორალის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების ერთობლიობა. ძალადობრივი დანაშაულების საფუძველს წარმოადგენს პიროვნების ან საზოგადოებრივი მორალის წინააღმდეგ განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო თავდასხმა, რომელიც ფიზიკური ძალის, ან მისი გამოყენების მუქარის (განზრახი მკვლელობა, განზრახი სხეულის დაზიანება, ძარცვა, ყაჩაღობა, გაუპატიურება და სხვა) მეშვეობით ხორციელდება. ძალადობრივი დანაშაულის შესწავლის მნიშვნელობა მდგომარეობს პიროვნების, როგორც თავდასხმის ობიექტის, უმაღლეს საზოგადოებრივ ღირებულებაში. ამ თვალსაზრისით, ძალადობრივი დანაშაულობა დანაშაულობის ყველაზე უფრო საშიშ ნაწილს წარმოადგენს. სწორედ ამ გარემოების ხაზგასმის სურვილით იყო გამოწვეული ის, რომ ახალ ქართულ სისხლის სამართლის კოდექსში მისი კერძო ნაწილი პიროვნების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებების თავით იხსნება. ამ ბოლო ხანს თავისი გავრცელება ჰპოვა ძალადობრივი დანაშაულობის ერთ-ერთმა ყველაზე უფრო საშიშმა ფორმამ - პოლიტიკურმა ტერორიზმმა. ძალადობრივი დანაშაულის ასევე ერთ-ერთ საშიშ ფორმას წარმოადგენს ეთნიკურ პრობლემებთან დაკავშირებული დანაშაულები. აქ ყველაზე უფრო საშიშ დანაშაულად გენოციდი გვევლინება - დანაშაული, რომელიც ნაციონალური ნიშნის მიხედვით მოსახლეობის დევნასა და მის ფიზიკურ განადგურებაში გამოიხატება. ძალადობრივ დანაშაულობას ახასიათებს რიგი თავისებურებებისა, რომლებიც მისი გამომჟღავნების სფეროზეა დამოკიდებული. საერთოდ, საყოფაცხოვრებო და თავისუფალი დროის სფეროში ჩადენილი ძალადობრივი დანაშაულები სიტუაციურობით ხასიათდება, რაც არ შეიძლება ითქვას მათ გამომჟღავნებაზე ეკონომიკური ურთიერთობებისა და პოლიტიკურ სფეროში. აქ, პირიქით, ჭარბობს ძალადობრივი აქციების გულდასმით მომზადება, რაც ზრდის ასეთი დანაშაულების საშიშროების ხარისხს. ძალადობრივი დანაშაულობის შიგნით არსებული განსხვავებების შესაბამისად, არსებობს, თავისებურებები როგორც ძალადობითი დანაშაულების ჩადენის ფაქტების, ასევე ამ დანაშაულებების კონკრეტული ჩამდენი პირების გამოვლინებასთან დაკავშირებით. ასე მაგალითად, საყოფაცხოვრებო და თავისუფალი დროის სფეროში ჩადენილი დანაშაულები, თუ მათ არ გამოუწვევიათ რაიმე მძიმე შედეგის დადგომა (სიკვდილი, სხეულის მძიმე დაზიანება), ძალზე ხშირად სამართალდამცავი ორგანოების ყურადღების გარეთ რჩებიან. მეორე მხრივ, ეკონომიკისა და პოლიტიკის სფეროში ჩადენილი ძალადობრივი დანაშაულები თითქმის ყოველთვის რეგისტრირდება, მაგრამ მათი კონკრეტული ჩამდენი პირების გამოვლენა ძალზე იშვიათად ხდება, მათი მოქმედებების კონსპირაციის მაღალი დონისა და დანაშაულებრივი ჯგუფების რთული იერარქიული ორგანიზაციის შედეგად.
Source: გოძიაშვილი ირაკლი. თანამდებობრივი დანაშაულობის ფორმირებისა და თავიდან აცილების აქტუალური საკითხები // ალმანახი №13, [სისხლის სამართალის კრიმინოლოგიის პრობლემები],– საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. 2000.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9