კომიტეტის შემადგენლობაში შედიან დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ექსპერტები - იურისტები, მედიკოსები, პენიტენციალურ დაწესებულებათა თანამშრომლები და პოლიტიკოსები. კომიტეტს აქვს უფლება დაუბრკოლებლად შევიდეს თავისუფლების აღკვეთის ადგილებში (ციხეებში, პოლიციის განყოფილებებში, სამხედრო ნაწილების შესაბამის დაწესებულებებში, ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში), რათა გაეცნოს იქ მყოფ პირთა მდგომარეობას. კომიტეტს შეუძლია აგრეთვე მიმართოს ინფორმაციისათვის ნებისმიერ პირს ან არასამთავრობო ორგანიზაციას. კომიტეტი ახორციელებს გეგმიურ ან საგანგებო ვიზიტებს ევროსაბჭოს ქვეყნებში, რომელთა მიხედვით აწვდის შესაბამის მთავრობას მოხსენებას, რომელიც შეიცავს კომენტარებსა და რეკომენდაციებს. კომიტეტს შეუძლია აგრეთვე გამოთქვას სურვილი მიიღოს სახელმწიფოსაგან დამატებითი ინფორმაცია. მოხსენებასთან დაკავშირებით მოცემულ სახელმწიფოს სთავაზობენ 6 თვის განმავლობაში მოამზადოს პასუხები წინასწარი ფორმით, ხოლო 12 თვის განმავლობაში - ვრცელი ფორმით. კომიტეტის მოხსენებაც და სახელმწიფოს პასუხები კონფიდენციალურია, მაგრამ, როგორც წესი, სახელმწიფოები ახდენენ ამ მასალების გამოქვეყნებას.
Source: ნალბანდოვი ა. საქართველოს ევროსაბჭოში გაერთიანების რეალური მნიშვნელობა,– ფრიდრიხ ებერტის ფონდი,
წამების საწინააღმდეგო კომიტეტი არის ექსპერტთა ორგანო, რომლის წევრობის კანდიდატებს წარადგენენ კონვენციის მონაწილე ქვეყნები და მათ ამტკიცებს ევროპის საბჭოს მინისტრთა კაბინეტი. მასში გაერთიანებულნი არიან მაღალზნეობრივი და პრინციპული ადამიანები, რომელთაც აქვთ დიდი პროფესიული გამოცდილება ან განსაკუთრებული ავტორიტეტით სარგებლობენ ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში. კომიტეტის წევრები სხვადასხვა პროფესიის ადამიანები არიან, თუმცა მათ შორის იურისტები და ექიმები ჭარბობენ. წამების საწინააღმდეგო კომიტეტი ,,წამებისა და არაადამიანური თუ დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელის თავიდან აცილების შესახებ” ევროპული კონვენციის საფუძველზე ჩამოყალიბდა.
Source: ადამიანის უფლებები და პოლიციური პრაქტიკა. [თბ. : ALPE], 2005.,
„წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური თუ დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელის წინააღმდეგ“ ევროპული კონვენციის საფუძველზე ჩამოყალიბდა წამების საწინააღმდეგო კომიტეტი. ეს კომიტეტი ღებულობს პერიოდულ ანგარიშებს კონვენციის ხელისმომწერი სახელმწიფოებისგან და ამოწმებს ინფორმაციას, რომელიც შეიცავს დასაბუთებულ მინიშნებებს იმასთან დაკავშირებით, რომ კონვენციის ხელისმომწერი ამა თუ იმ სახელმწიფოს ტერიტორიაზე სისტემატურად აქვს ადგილი წამების შემთხვევებს.
Source: ადამიანის უფლებები და მათი დაცვა საერთაშორისო კანონმდებლობით : [ბუკლეტი პოლიციის თანამშრომელთათვის / მომზადებულია რალფ ქროშოუს მიერ] - [თბ.], 2002
წამების საწინაღმდეგო კომიტეტმა თავისი ვალდებულებების შესრულება დაიწყო 1988 წლის 1 იანვარს მას შემდეგ, რაც 1987 წლის 26 იანვარს ძალაში შევიდა 1984 წლის კონვენცია წამების წინააღმდეგ. კომიტეტი შედგება „სანიმუშო მორალურ თვისებათა მქონე ათი ექსპერტისგან, რომელთა კომპეტენცია აღიარებულია ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში და რომლებიც პირადად გაწევენ სამსახურს“ (მუხლი 17). წევრები მსახურობენ ოთხი წლის განმავლობაში, ხოლო მათი ნახევარი გადაირჩევა ყოველ ორ წელიწადში ერთხელ. კომიტეტი იკრიბება წელიწადში ორჯერ ჟენევაში, ხოლო სამდივნო სამსახურს მათ უწევს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის გაერო-ს ოფისი. კომიტეტს მინიჭებული აქვს შემოწმების და გამოკვლევის ფართო ძალაუფლება კონვენციის პრაქტიკაში ეფექტიანი გამოყენების კონტროლის მიზნით. კომიტეტი მრავალი სხვადასხვა საშუალებით მოქმედებს, მათ შორისაა პერიოდული ანგარიშები, ინდივიდუალური საჩივრები და გამოძიება. კომიტეტი იხილავს ხელშეკრულების მონაწილე სახელმწიფოების პერიოდულ ანგარიშებს, რომლებიც მას წარედგინება ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ (მუხლი 19). კომიტეტს შეიძლება წარედგინოს სახელმწიფოთაშორისი საჩივარი, თუ ორივე სახელმწიფოს აღიარებული აქვს კომიტეტის კომპეტენცია ამ საკითხში 21-ე მუხლის თანახმად. თავდაპირველად სახელმწიფოებმა უნდა სცადონ პრობლემის ერთმანეთში მოგვარება. წარუმატებლობის შემთხვევაში ნებისმიერ სახელმწიფოს შეუძლია მიმართოს კომიტეტს. კომიტეტს შეუძლია სახელმწიფოებისთვის დახმარების გაწევა საკითხის მეგობრულად გადაწყვეტაში, თუმცა თვითონაც აყალიბებს საკუთარ ვერსიას აღმოჩენილ ფაქტებზე დაყრდნობით. თუ შეუძლებელი გახდება მეგობრული გადაწყვეტილების მიღება, მაშინ კომიტეტი შესაბამის სახელმწიფოებს წარუდგენს ანგარიშს თავის შენიშვნებთან და რჩევებთან ერთად. კომიტეტს ასევე შეიძლება წარედგინოს ინდივიდუალური საჩივრები იმ სახელმწიფოების წინააღმდეგ, რომლებმაც თანხმობა განაცხადეს 22-ე მუხლში მოცემულ პროცედურაზე. ინდივიდუალური საჩივრები განიხილება დახურულ შეხვედრებზე. ისევე, როგორც შეთანხმების მონიტორინგით დაკავებული სხვა უწყებების შემთხვევაში, ინდივიდებმა ჯერ უნდა ამოწურონ ქვეყანაში არსებული ყველა საშუალება (თუმცა ეს მოთხოვნა არ გამოიყენება, თუ საშუალებათა გამოყენება უმიზეზოდ ხანგრძლივი პროცედურაა ან თავიდანვე ჩანს, რომ იგი არაფერ სარგებელს არ მოუტანს დაზარალებულს (მუხლი 22 (5) (ბ)). კონვენციის ნებისმიერი დარღვევის ბუნებიდან გამომდინარე, კომიტეტმა, ასევე, გამოკვლევის მიმდინარეობისას შეიძლება მოითხოვოს გარანტიები დაზარალებულისთვის მიყენებული გამოუსწორებელი ზიანის აღსაკვეთად. კომიტეტის საგამოძიებო უფლებამოსილება მოცემულია მე-20 მუხლში. აღნიშნული უფლებამოსილება განასხვავებს წამების საწინააღმდეგო კომიტეტს გაერო-ს იმ კომიტეტებისგან, რომლებსაც მოქმედების წამოწყების მცირე უფლებამოსილება აქვს. ეს იმ სერიოზულობის გამოხატულებაა, რომლითაც საერთაშორისო საზოგადოება ეკიდება წამების საკითხს. კომიტეტი იღებს სანდო ინფორმაციას რომელიმე სახელმწიფოში წამების მეთოდის სისტემატური გამოყენების თაობაზე, ხოლო შემდეგ იწვევს შესაბამის სახელმწიფოს გამოძიებაში მონაწილეობის მისაღებად. პროცედურა დამოკიდებულია სახელმწიფოს თანამშრომლობაზე და შეიძლება ვიზიტსაც კი მოიცავდეს ამ სახელმწიფოში. ამგვარი მოქმედებები კონფიდენციალურია, თუმცა კომიტეტი და სახელმწიფო შეიძლება შეთანხმდნენ საქმის მოკლე შინაარსის კომიტეტის წლიურ ანგარიშში შეტანზე.
Source: სმიტი რონა კ. ადამიანის საერთაშორისო უფლებები: სახელმღვანელო. [მეორე გამოცემა]–რედ. გიორგი ჯოხაძე თარგმანი: მანანა კობიაშვილი,–ოქსფორდის უნივერსიტეტის გამომცემლობა, – „სეზანი“.