1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

სა სგ სე სვ სთ სი სკ სლ სმ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სწ სხ
საა საბ საგ სად საე სავ საზ სათ საი საკ სალ სამ სან საო საპ სარ სას სატ საუ საფ საქ საღ საყ საშ საჩ საც საძ საწ სახ საჯ საჰ

სამოქალაქო საზოგადოება

  1. ცნების შინაარსი მოიცავს არასახელმწიფოებრივი ურთიერთობების მთელს ერთობლიობას - ეკონომიკურს, სოციალურს, კულტურულს (მათ შორის რელიგიურსაც). სამოქალაქო საზოგადოება არის ინდივიდუუმების სპონტანური თვითმმართველობისა და მოქალაქეთა მიერ ნებაყოფილობით ჩამოყალიბებული ასოციაციების და ორგანიზაციების სფერო, რომელიც კანონით დაცულია მის მოღვაწეობაში სახელმწიფოს მხრიდან პირდაპირი ჩარევის და თვითნებური რეგლამენტაციისაგან. სამოქალაქო საზოგადოებასი მოქმედებენ ინდივიდუუმები, სოციალური ჯგუფები, სპეციალური ინტერესების ჯგუფები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ერთობაზე დაფუძნებული ორგანიზაციები და ელიტალური ჯგუფები, რომლებსაც აქვთ უნარი და საშუალება გავლენა მოახდინონ როგორც საზოგადოებაზე ისევე ხელისუფლებაზე. სამოქალაქ საზოგადოება არსებობს იმ ინტერესთა მრავალფეროვნების ფორმით, რომელთა არსებობის უფლებას ეს საზოგადოება ცნობს. ეს არის გაგებათა მრავალგვარობის, ანუ მრავალი ჭეშმარიტების არსებობის სფერო - სამყარო, სადაც ყოველ „მეს“ თავისი ჭეშმარიტების ძიების პოვნისა და დამკვიდრების უფლება აქვს და ამ უფლების არსებობას საზოგადოება ეთანხმება. ეს ზოგადი შეთანხმება საშუალება იძლევა შეიქმნას საერთო ინტერესთა ასოციაციები და გამაშუალედებელი ინსტიტუტთა მრავალსაფეხურიანი მდიდარი სტრუქტურები.
    Source: სამოქალაქო საზოგადოება: ფონდ ევრაზიის გრანტის C97-0124 საფუძველზე / [რედ.: ლევან ბერძენიშვილი და გიგა ბოკერია] ; სამოქალაქო განვითარების საერთაშ. ცენტრი - თბ., 1998
  2. ორგანიზებული საზოგადოებრივი ცხოვრების სფერო, რომელიც ნებაყოფლობითია, თვითწარმოქმნადია, თვითგანვითარებადია, სახელმწიფოსგან ავტონომიურია და შეკრულია საკანონმდებლო წესრიგით ან გაზიარებულ წესთა ერთობლიობით.
    Source: Larry Diamond, Toward Demokratik Consolidation, Journal of Democracy, V.5, №3, 1994
  3. კანტისათვის ის სფეროა, სადაც ადამიანი სხვა ადამიანებთან ურთიერთობაში თავის თავს რეალიზაციას უკეთებს. სამოქალაქო საზოგადოების სამართლებრივი კონსტრუქცია (სტრუქტურა) აგებულია შემდეგ პრინციპებზე:
    ა) საზოგადოების ყოველი წევრის, როგორც ადამიანის თავისუფლებაზე;
    ბ) საზოგადოების წევრთა თანასწორობაზე;
    გ) საზოგადოების თითოეული წევრის, როგორც მოქალაქის დამოუკიდებლობაზე.
    პირველი პრინციპი უზრუნველყოფს ადამიანისათვის დამოუკიდებლობის პრაქტიკულ სტატუსს (Status libertatis), რაც ნიშნავს, რომ თითოეული ცხოვრების მიზნის არჩევაში თავისუფალია; არავის აქვს უფლება ჩაერიოს ადამიანის პირად ცხოვრებაში; მეორე უზრუნველყოფს ადამიანის სამოქალაქო სტატუსს (status civitatis) - ადამიანის უფლება, მიიზიდოს კანონი და სახელმწიფო მისი პირადი დამოუკიდებლობის დასაცავად, და ბოლოს, მესამე პრინციპი უზრუნველყოფს ადამიანის პოლიტიკურ სტატუსს (status politicus) - პოლიტიკურ ცხოვრებაში დემოკრატიული ნორმის რეალიზაციისათვის აქტიურ მონაწილეობას.
    Source: თოფჩიშვილი რევაზ, სამართლის ევოლუცია და ადამიანის უფლებები //ალმანახი №9, [საერთაშორისო სამართალი],– საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია,–თბ.,– 1999
  4. წარმოადგენს შუალედურ ავტონომიურ ორგანიზაციას, ერთი მხრივ, სახელმწიფო ინსტიტუტს, მეორე მხრივ კი, ინდივიდებსა და სოციალურ ჯგუფებს შორის. ის მოიცავს ნებაყოფლობითი ორგანიზაციებისა და მოძრაობების ფართო სპექტრს, რომელთაც სხვადასხვა სოციალური ინტერესები აქვთ და სხვადასხვა ტიპის ქმედებებს ახორციელებენ. სამოქალაქო საზოგადოების წიაღში მყოფი ჯგუფები, როგორებიცაა: აკადემიური ინსტიტუტები, ადამიანის უფლებათა დამცველი და პოლიტიკურ საკითხებზე ორიენტირებული არასამთავრობო ორგანიზაციები, აქტიურ გავლენას ახდენენ უსაფრთხოების სექტორში მიღებულ გადაწყვეტილებებზე.
    Source: სესიაშვილი ირაკლი. ჯარი და დემოკრატია : პერსპექტივები ქართული ჯარის დემოკრატიზაციის გზაზე / [სარედ კოლ.: ირაკლი სესიაშვილი, შალვა თადუმაძე (ავტ.), კახაბერ კაციტაძე, ია გამყრელიძე (რედ.)] - [თბ.: ასოციაცია "სამართალი და თავისუფლება"], 2006
  5. თანამედროვეობის ერთ-ერთ მიღწევად ითვლება რომელშიაც თავისუფლების სამართლებრივ ფარგლებს ადგენს სოციუმში არსებულ ფასეულობათა ბალანსი, იმის გათვალისწინებით, რომ ყველას თანაბარი ძალაუფლება (ძალა-უფლება), ზემოქმედების მექანიზმი ან თუნდ ნება გააჩნია და, შესაბამისად, მათი ინტერესებიც ერთნაირად არის გათვალისწინებული, თუმცა იგივე სამოქალაქო საზოგადოებაში არ არსებობს ძალთა სასურველი ბალანსი და ვისაც მეტი ძალაუფლება აქვს ან უბრალოდ მეტად აქტიურია, მისი ინტერესებიც უფრო გათვალისწინებულია და რაც უფრო მეტია ძალაუფლება მით მეტად არის იგი დაცული (ხშირ შემთხვევაში სამართლებრივად დაცული). ეს ნორმალური მოვლენაა და იგი ხშირად კანონის ძალითაცაა გამოხატული.
    Source: მათიაშვილი ზ. თავისუფლება თუ კანონი //ალმანახი #18, -საქართველოსახალგაზრდაიურისტთა ასოციაცია,-2003
  6. ცნებაში სხვადასხვა ავტორები მისი არსებობის არეალს განსხვავებული გეოგრაფიული და დროითი საზღვრებით შემოფარგლავენ. ერთის მხრივ, შეიძლება შევხვდეთ გამოთქმას „სამოქალაქო საზოგადოება ირანში“, მეორეს მხრივ, მეცნიერთა ნაწილი (გელნერი) ამტკიცებს, რომ სამოქალაქო საზოგადოება არსებობს მხოლოდ დასავლურ ინდივიდუალისტურ საზოგადოებებში, სავარაუდოდ 1945 წლის შემდეგ, სხვები კი მიუთითებენ ამ ტერმინის გამოყენებაზე ჯერ კიდევ ძველ საბერძნეთში. ასე მაგალითად, არისტოტელესათვის სამოქალაქო საზოგადოება იგივე იყო, რაც „პოლიტიკური ერთობა“, ან „პოლიტიკური საზოგადოება“. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 212 წელს ჩვ. წელთ. აღრ. კარაკალას იმპერატორობის დროს, რომის იმპერიაში შემოღებულ იქნა მოქალაქეობის ცნება. რომის მოქალაქეობა ადამიანის თავისუფლების სინონიმად გამოიყენებოდა და სამოქალაქო უფლებები მხოლოდ რომის მოქალაქეებს მიენიჭებოდათ. შესაძლებელია მოცემული ისტორიული ფრაგმენტი წარმოადგენდეს კიდეც დღევანდელი „სამოქალაქო საზოგადოების“ თეორიის საფუძველს, რომელსაც უდავოდ წმიდა იურიდიული ბუნება გააჩნია. თუმცა, კამათი ამ შემთხვევაშიც შეიძლება, რადგანაც მოქალაქეობა ხომ პირის პოლიტიკურ - სამართლებრივ კავშირს გულისხმობს სახელმწიფოსთან. თანამედროვე დეფინიციები სამოქალაქო საზოგადოებას აქცევენ ორ პოლუსს - კერძო საკუთრებასა და სახელმწიფოს შორის. კერძო საკუთრება ამ შემთხვევაში განიხილება, როგორც ბუნებრივი თავისუფლების რეალიზება, როგორც კაცობრიობის ემანსიპაცია და განთავისუფლება პიროვნული დამოკიდებულებისგან. კერძო საკუთრება აქ წარმოდგება პიროვნული უფლებების, უნივერსალური თანასწორობისა და სხვების უფლებათა პატივისცემის მატერიალურ საფუძვლად. სამოქალაქო საზოგადოების თეორიასთან დაკავშირებით გელნერი დასძენს, რომ „თანამედროვე დასავლურ სამყაროში ახალმა ეკონომიკურმა მოწყობამ, შრომის დანაწილებამ და საკონტრაქტო ეკონომიკურმა ურთიერთობებმა შეასუსტეს ტრადიციების წარმომავლობისა და ზნე-ჩვეულებების როლი ადამიანის ცხოვრებაში. ადამიანი გახდა „მოდულური“ რას ნიშნავს ეს? როგორც ავეჯი ან სათამაშო კონსტრუქტორი შეიძლება იოლად შეერთდეს სურვილისამებრ სხვადასხვა კომბინაციების გამოყენებით, ასევე თანამედროვე ადამიანს გააჩნია უნარი გაერთიანდეს სხვადასხვა ასოციაციებში, მონაწილეობა მიიღოს ამა თუ იმ ინსტიტუტების ფუნქციონირებაში”. თანამედროვე სამოქალაქო საზოგადოება აახლოებს ერისა თუ ეთნოსის განმასხვავებელ ნიშნებს, ხოლო შემდეგ კი ახდენს მათ იდენტიფიკაციას.
    Source: კულტურათაშორისი კომუნიკაციები № 3, – რედ.: ინდირა ძაგანია, – [გამომცემლობა „უნივერსალი“]. – თბ.,–2008
  7. ტერმინი სხვადასხვაგვარად შეიძლება გავიგოთ. ჩვენს სიტყვათხმარებაში ეს ტერმინი ხშირად უიგივდება არასამთავრობო ორგანიზაციათა ერთობლიობას. ეს მისი ყველაზე უფრო ვიწრო გაგებაა, რომელიც მსოფლიოში დაახლოებით 1990-იანი წლებიდან გავრცელდა. პოლიტიკურ და სოციალურ თეორიაში მიღებულია უფრო ფართე განსაზღვრება, რომელიც უკავშირდება ამ ცნების წარმოშობას კლასიკურ ლიბერალურ თეორიაში ისეთ მოაზროვნეებთან, როგორებიც არიან ჯონ ლოკი თუ ადამ ფერგიუსონი. ამ განსაკუთრებით ზოგადი ფორმით სამოქალაქო საზოგადოება განსხვავდება ,,ბუნებითი საზოგადოებისაგან”, სადაც ადამიანები ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე მოქმედებენ. საზოგადოების „სამოქალაქო“ ხასიათი ამ გაგებით უკავშირდება იმ შეზღუდვებს, რომლებსაც ადამიანები ნებაყოფლობით უწესებენ თავს, რათა მათი ცხოვრება უფრო უსაფრთხო და პროდუქტიული, მოუთოკავი ძალადობისაგან თავისუფალი, სხვა სიტყვებით, ცივილიზებული იყოს (ინგლისური ტერმინი civil society ნათლად აჩვენებს მის შინაარსში ,,ცივილურობასა” თუ ,,ცივილიზებულობასთან” კავშირს). ამ აზრით, სამოქალაქო საზოგადოების ცნება ახლოს დგას ლიბერალური სახელმწიფოს ცნებასთან, რომელიც „საზოგადოებრივი ხელშეკრულების“, ანუ ადამიანთა ნებაყოფლობითი შეთანხმების პრინციპზეა აგებული. დღეს ეს ტერმინი ამ გაგებით აღარ იხმარება, მაგრამ აქ მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ ის იმთავითვე დაუკავშირდა ლიბერალურ მსოფლმხედველობას და ეს კავშირი არასოდეს დაუკარგავს. ლიბერალური მსოფლმხედველობის ძირითადი არსი კი ისაა, რომ ადამიანთა ნებისმიერი გაერთიანება (მათ შორის სახელმწიფო) იმდენადაა კანონიერი, რამდენადაც ის ნებაყოფლობითია - ანუ თვით ადამიანთა სურვილს ემყარება. სამოქალაქო საზოგადოების ზოგადი პრინციპიც ადამიანთა ნებაყოფლობითი გაერთიანებაა. დღეს სამოქალაქო საზოგადოების ცნებაში უფრო ხშირად მოიაზრებენ სოციალური ურთიერთობის და აქტივობის იმ ფორმებს, რომლებიც არ ხვდება ოჯახის, ბიზნესის და სახელმწიფოს სფეროებში. სამოქალაქო საზოგადოება არ თავსდება ოჯახის სფეროში, რადგან ოჯახი პიროვნულ და ბუნებით კავშირებს ეყრდნობა. სამოქალაქო საზოგადოება საჯარო სივრცეშია, ანუ ის სცდება ახლობლურ-პიროვნული ურთიერთობის საზღვრებს. მეორე მხრივ, ამ საჯარო სივრცეშიც მას მიჯნავენ სოციალური ურთიერთობისა და აქტივობის ორი სფეროსგან, რაც თავდაპირველ, ლოკისეულ განსაზღვრებაში მოხვდებოდა: ეს არის სახელმწიფო, ანუ იმ ინსტიტუტთა ერთობლიობა, რომლებიც სახელმწიფო ძალაუფლებას ახორციელებს, და სამეწარმეო სფერო (ბიზნესი), სადაც ადამიანები მოგების მიღების მიზნით ერთიანდებიან. მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ სამოქალაქო საზოგადოების სრული გამიჯვნა ამ ორი სფეროსაგან საკმაოდ რთულია: რჩება მნიშვნელოვანი გადაკვეთის სფეროები. სამოქალაქო საზოგადოებასა და სახელმწიფო ძალაუფლებას ერთმანეთთან აკავშირებს პოლიტიკური პარტიები: ეს ორგანიზაციები იქმნება იმისათვის, რომ ადამიანთა გარკვეული გაერთიანება სახელმწიფო ძალაუფლების ბერკეტებს დაეუფლოს, მაგრამ თავისი ბუნებით პოლიტიკური პარტიები სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებია. ბიზნესისა და სამოქალაქო საზოგადოების გადაკვეთაზე არსებობს ისეთი მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ინსტიტუტი, როგორიცაა მასობრივი ინფორმაციის საშუალებები ანუ მედია. მედია, როგორც წესი, მოგებაზეა ორიენტირებული, ანუ ბიზნესია. მაგრამ ყველაზე მეტად სწორედ მედიის მეშვეობით ხდება საზოგადოებრივი ინტერესებისა და ღირებულებების არტიკულირება და გავრცელება, მათ გარშემო საზოგადოებრივი ჯგუფების მობილიზაცია - ანუ ის, რაც სამოქალაქო საზოგადოების გულისგულია. ამიტომ, მედიას ხშირად მაინც სამოქალაქო საზოგადოების ნაწილადაც მოიაზრებენ. არსებობს სხვა საზოგადოებრივი მოქმედი პირები, რომლებიც ფორმალურად სამოქალაქო საზოგადოების ფართე ცნებაში ხვდებიან, მაგრამ მის შიგნით განსაკუთრებული ადგილი უკავიათ. ასეთია, მაგალითად, რელიგიურ რწმენაზე დამყარებული, კონფესიური ორგანიზაციები თუ ეკლესიები. მათი განსაკუთრებულობის ძირითადი მიზეზი ისაა, რომ თავად ისინი შეიძლება ენთუზიაზმით არ შეხვდნენ სამოქალაქო საზოგადოების სისტემაში მათ მოაზრებას. სამოქალაქო საზოგადოების ცნება, როგორც აღვნიშნეთ, ლიბერალური ტრადიციიდან მოდის, რომლის მიმართ ზოგიერთ რელიგიურ ორგანიზაციას შეიძლება გაორებული ან სულაც ნეგატიური დამოკიდებულება ჰქონდეს. სამოქალაქო საზოგადოების სისტემაში ერთგვარად განზე დგას პროფკავშირებიც: ეს არის დაქირავებულ მუშაკთა ეკონომიკური ინტერესების გამომხატველი ორგანიზაციები. ისინი, ჩვეულებრივ, გამოდიან, როგორც ბიზნესის (ან, თუ დამქირავებელი სახელმწიფოა, სახელწიფოს) ოპონენტები, ამიტომ მათი ინტერესები მათ სწორედ ბიზნესის თუ სახელმწიფოს სფეროსთან აბამს. გარდა ამისა, სამოქალაქო საზოგადოების ცნებაში შედის სხვადასხვა სახის კერძო გაერთიანება, რომელიც მხოლოდ მისი წევრების ინტერესების გარშემო არსებობს და შეიძლება არ ცდილობდეს რაიმე გავლენის მოხდენას საზოგადოებრივ გარემოზე: ასეთია, მაგალითად, სხვადასხვა კლუბი ინტერესების მიხედვით. ეს არ ნიშნავს, რომ ამ აბზაცში ჩამოთვლილი საზოგადოებრივი მოქმედი პირები თავს არ იაზრებდნენ ფართედ გაგებული სამოქალაქო საზოგადოების ნაწილებად და ურთიერთობაში არ შედიოდნენ მასთან - მაგრამ ეს არ არის აუცილებელი მათი ფუნქციონირებისათვის. სამოქალაქო საზოგადოების ცნების შემოსასაზღვრელად მნიშვნელოვანია ღირებულებითი განზომილებაც. თუმცა სამოქალაქო საზოგადოების ცნების აღმოცენება ლიბერალურ მსოფლმხედველობას უკავშირდება, ადამიანები შეიძლება ნებაყოფლობით გაერთიანდნენ სრულიად არალიბერალური მიზნებისა თუ ღირებულებების გარშემოც. შეიძლება თუ არა, ვთქვათ, ფაშისტური, ულტრამემარცხენე, რელიგიურ-ფუნდამენალისტური, ძალადობაზე ორიენტირებული ჯგუფები სამოქალაქო საზოგადოების ცნებაში შემოვიყვანოთ? ამ კითხვაზე ცალსახა პასუხი არ არსებობს. ზოგიერთი ავტორი ხმარობს ცნებას „არასამოქალაქო საზოგადოება“ ისეთი გაერთიანებების აღსანიშნავად, რომლებიც სამოქალაქო ანუ ლიბერალურ ღირებულებებს უპირისპირდება. ასეთი გამიჯვნა სრულიად ბუნებრივი ჩანს, მაგრამ ის მთელ რიგ პრაქტიკულ პრობლემებს ქმნის. არალიბერალური გაერთიანებებიც სამოქალაქო საზოგადოების ველში არსებობენ და ხშირად სრულიად აკმაყოფილებენ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის ფორმალურ მოთხოვნებს. მეტიც, მათი საქმიანობის დიდი ნაწილი შეიძლება ძალიან ჰგავდეს ლიბერალური ორიენტაციის ორგანიზაციების საქმიანობას. მაგალითად, რასისტული ამერიკული ორგანიზაცია კუ-კლუქს-კლანი, ან დღევანდელი ისლამურ-ტერორისტული ორგანიზაციები ჰეზბოლა ან ჰამასი, გარდა ძალადობრივ-ტერორისტული აქტებისა, ცნობილი არიან ან იყვნენ სოციალური საქმიანობით, რომლებიც საკმაოდ სასარგებლო იყო მათი სამიზნე ჯგუფებისთვის. ეს მაინც ზღვრული შემთხვევებია: მაგრამ კონკრეტულად სად უნდა გაივლოს ზღვარი ,,სამოქალაქო” და ,,არასამოქალაქო” გაერთიანებებს შორის და ვინ უნდა გაავლოს ის? აქ რომელიმე სოციალური ჯგუფის მიერ იდეოლოგიური ცენზურის განხორციელების საფრთხეც ჩნდება.
    Source: ნოდია გია სამოქალაქო საზოგადოების განვითარება საქართველოში: მიღწევები და გამოწვევები: სტრატეგიის განაცხადი / გია ნოდია; მშვიდ., დემოკრ. და განვით. კავკ. ინ-ტი, სამოქ. ინტერესების დაცვის პროგრამა - თბ., 2005
  8. ავტონომიური ასოციაციებისა და ჯგუფების არეალი, რომელსაც აყალიბებენ კერძო მოქალაქეები და რომელიც სარგებლობს მთავრობისგან დამოუკიდებლობით; სამოქალაქო საზოგადოება მოიცავს ბიზნესებს, კლუბებს, ოჯახებსა და ა.შ.
    Source: პოლიტიკური იდეოლოგიები: შესავალი კურსი / ენდრიუ ჰეივუდი; [მთარგმნ.: თამარ ბაკურაძე და სხვ.; რედ.: ლაშა ბერაია, ზეინაბ სარაძე]. - მე-3 გამოც.. - თბ.: ლოგოს პრესი, 2004. - 432გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9