1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

რა რე რთ რი რო რუ რწ რჯ
რეა რეგ რედ რეე რევ რეზ რეი რეკ რელ რენ რეპ რეჟ რეს რეფ რეც

რელიგიათა კლასიფიკაცია

არსებობს მრავალი თეორია, თუ როგორ უნდა მოხდეს რელიგიათა კლასიფიცირება; შეიძლება თუ არა ქრისტიანობისა და ჰარე კრიშნას მოძღვრების დახასიათებისას იდენტური ტერმინების გამოყენება? საუკეთესო გამოსავალს ამ შემთხვევაში წარმოადგენს რელიგიათა კლასიფიცირება მათი მიმდევრების მიერ მინიჭებული სახელწოდებების შესაბამისად: პროტესტანტული, მართლმადიდებელი, კათოლიკური, იუდაისტური, მუსლიმური და ა. შ. თუმცა სოციოლოგიაში მიღებულია ასევე რელიგიათა კლასიფიცირების სისტემა პრიმიტიულიდან თანამედროვე მოძღვრებებამდე ევოლუციის მიხედვით. ეს სისტემა მე-19 საუკუნის ბოლოს ჩამოყალიბდა. მეოცე საუკუნის დასაწყისში იგი მკაცრად იქნა გაკრიტიკებული, სოციოლოგიაში კი აღიარება მოიპოვა რობერტ ბელახის მიერ წარმოდგენილმა ახალმა თეორიამ. ბელახმა წარსულისა და თანამედროვე რელიგიათა კლასიფიცირებაში გამოყო ხუთი კატეგორია: 1) პრიმიტიული: მაგალითად, ავსტრალიური; სიმბოლოთა სისტემა — ადამიანთა და საგანთა საგვარეულო მითური გამოსახვა; რელიგიური ქცევა — იდენტიფიკაცია, საგვარეულო გამოსახულებებზე ისტორიათა “კვლავწარმოება”; რელიგიის ორგანიზაცია — ეკლესიის არარსებობა, რელიგიისა და საზოგადოების ერთიანობა; სოციალური მნიშვნელობა — სოციალური სოლიდარობის განმტკიცება. 2) არქაული: მაგალითად, პოლინეზიური და აფრიკული; სიმბოლოთა სისტემა — ძლევამოსილი მითური არსებები (ღმერთების მსგავსი); რელიგიური ქცევა — თაყვანისცემა და მსხვერპლშეწირვა; რელიგიის ორგანიზაცია — განსხვავებული კულტები; სოციალური მნიშვნელობა — სოციალური კონფორმიზმის მოთხოვნა. 3) ისტორიული: მაგალითად, ძველებრაული; სიმბოლოთა სისტემა — კავშირის გაწყვეტა ბუნებრივსა და ზებუნებრივს შორის; რელიგიური ქცევა — სულის ხსნა კეთილი საქმეების საფუძველზე, თავისუფალი ნების კონცეფცია; რელიგიის ორგანიზაცია — ეკლესიები: რელიგიური ორგანიზაციების გამოყოფა საზოგადოების სხვა ასპექტებისგან; სოციალური მნიშვნელობა — დაძაბულობა რელიგიასა და საზოგადოებას შორის. 4) ადრეული მოდერნისტული: მაგალითად, რეფორმაციის ეპოქის პროტესტანტიზმი; სიმბოლოთა სისტემა — პირდაპირი კავშირი ზებუნებრივ ძალასა და ინდივიდს შორის; რელიგიური ქცევა — მთლიანად მოიცავს ცხოვრებას, რწმენის კონცეფცია; რელიგიის ორგანიზაცია — ნებაყოფლობითი წევრობა რელიგიურ ერთობაში; სოციალური მნიშვნელობა — ძირეული ცვლილება სოციალურ სისტემებში. 5) მოდერნისტული: მაგალითად, თანამედროვე რელიგიები; სიმბოლოთა სისტემა — პიროვნება და მისი ვალდებულება; რელიგიური ქცევა — პიროვნული ეთიკური პრინციპების ძიება; რელიგიის ორგანიზაცია — გარკვეულწილად ეკლესიის წევრობა, თუმცა უმთავრესად პირადი პასუხისმგებლობა; სოციალური მნიშვნელობა — საზოგადოების კულტურისა და პიროვნული ღირებულებების შესაძლო მუდმივი სრულყოფა.
Source: პაპუაშვილი ნუგზარ მსოფლიო რელიგიები საქართველოში / [რედ.: სოზარ სუბარი] - თბ. : თავისუფლების ინ-ტი, 2002
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9