ადამიანის უფლებათა ევროპის კონვენციის მე-9 (1) მუხლის თანახმად, „ყველას აქვს აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლება“, თუმცა ცნებები „აზრი, სინდისი და რელიგია“ არ არის განსაზღვრული და არც „თავისუფლების“ ნათელი დეფინიციაა მოცემული ამ მუხლში. როგორც გაეროს კონტექსტში აღინიშნა, გასაოცარია, რომ, მიუხედავად რელიგიისადმი სახელმწიფოთა განსხვავებული დამოკიდებულებისა, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის შემუშავებისას აზრთა სხვადასხვაობა არ გამოუწვევია იმ ფუნდამენტურ პრინციპს, რომლის თანახმადაც „ყველას აქვს აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლება“.99 იმავეს თქმა შეიძლება ადამიანის უფლებათა ევროპის კონვენციის ხსენებულ მუხლზეც.
Source: პაპუაშვილი ნუგზარ მსოფლიო რელიგიები საქართველოში / [რედ.: სოზარ სუბარი] - თბ. : თავისუფლების ინ-ტი, 2002