1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

გა გე გვ გი გლ გნ გო გრ გუ
გეგ გეი გელ გენ გეო გერ გეუ

გენდერი

  1. E. Gender - სქესი (უფრო ხშირად გულისხმობს გრამატიკულ სქესს)
    L. genus - გვარი
    ტერმინი „გენდერი” აღნიშნავს ქალებისა და მამაკაცების სოციალურად კონსტრუირებულ როლებს რომელიც მიეწერებათ მათ სქესობრივი ნიშნის მიხედვით. ამდენად გენდერული როლები დამოკიდებულია კონკრეტულ სოციო-ეკონომიკურ, პოლიტიკურ და კულტუროლოგიურ კონტექსტზე და განიცდის სხვადასხვა ფაქტორების გავლენას რასის, ეთნიკურობის, კლასის, სექსუალური ორიენტაციის და ასაკის მიხედვით. გენდერული როლების შესწავლა ხდება და ფართოდ განსხვავდება თითოეული კულტურის ფარგლებში და კულტურებს შორის. პიროვნების ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებით გენდერული როლები შეიძლება შეიცვალოს.
    Source: ბრანდერი პატრიცია. კომპასი : სახელმძღვ. ადამიანის უფლებათა განათლ. სფეროში ახალგაზრდების მონაწილეობით / ავტ.: პატრიცია ბრანდერი, რუი გომესი, ელლი კინი და სხვ. ; [მთარგმნ.: მაკა წულუკიძე, ტატა პატარაია ; რედ.: პატრიცია ბრანდერი და სხვ., ქართ. გამოც. რედ.: გიორგი კენჭოშვილი] ; მხატვ.: პანჩო - [თბ.], 2004,

  2. ეს ტერმინი იხმარება სოციალურ მეცნიერებებში ადამიანის სქესობრივი კუთვნილების სოციო-კულტურული ასტექტის აღსანიშნავად. გენდერი არის სქესობრივი განსხვავების სოციალური ორგანიზაცია; ანუ არის ქცევის კულტუროლოგიური მახასიათებელი, რომელიც დადგენილია საზოგადოებაში და შეესატყვისება მოცემულ სქესს კონკრეტულ კულტურულ დროსა და სივრცეში. ინგლისურ ენაში Sexs-ი ნიშნავს სქესს, ხოლო Gender - შეიძლება განვიხილოთ როგორც „სოციო-სქესი“. ორივე ცნება გამოიყენება საზოგადოების ჰორიზონტალური სოციო-სქესობრივი სტრატიფიკაცისათვის და განსხვავდება ვერტიკალური - კლასობრივი, წოდებრივი და სხვ. სტრატიფიკაციისაგან. Sexs-ი აღნიშნავს ბიოლოგიურ სქესს და აჯამებს ბიოლოგიური განსხვავებებს ქალსა და მამაკაცს შორის; გენდერი - სოციალური კონსტრუქციაა, რომელიც აღნიშნავს ქცევის თავისებურებებს და სოციალურ სტრატეგიას. ზოგიერთი მკვლევარი თვლის, რომ Sexs-ი და გენდერი ადამიანის ცხოვრების სხვადასხვა პოლუსზე იმყოფებიან. სქესი სასტარტო პოზიციაა რომლითაც ადამიანი იბადება; მას ბიოლოგიური ფაქტორები განაპირობებენ. ესენია: ჰორმონალური სისტემა, ბიო-ქიმიური პროცესების მიმდინარეობის თავისებურება, გინეკოლოგიური და ანატომიური განსხვავება და სხვ. გენდერი სხვაგვარი კონსტრუქციაა - ეს არის ადამიანის სქესობრივი კუთვნილების მიხედვით საზოგადოებაში მისი სოციალიზაციის ერთგვარი დასკვნითი კონსტრუქცია. სწორედ გენდერი და არა სქესი განსაზრვრავს ქალის და მამაკაცის ფსიქოლოგიურ ნიშნებს, შესაძლებლობებს, მოღვაწეობის სფეროს, პროფესიას, საქმიანობას და ემყარება აღზრდის სისტემას, ტრადიციას და წეს-ჩვეულებებს, სამართლებრივსა და ესთეტიკურ ნორმებს.

  3. ტერეზა დე ლაურეტისის აზრით, გენდერი არის პროცესი, რომელიც სუბიექტს მისი სქესობრივი სხვაობების გზით აგებს, რომლებიც, თავის მხრივ, კავშირშია მის რასობრივ, ეთნიკურ, სოციალურ სხვაობებთან. გენდერის აგება სოციალურად ხდება, მისი აგების მექანოზმებს კი გენდერული ტექნოლოგიები უწოდეს.
    Source: ანთელავა ლიანა, კულტურა და გენდერი [გენდერული პრობლემატიკა საქართველოში], – ქალთა განათლებისა და ინფორმაციის საერთაშორისო ცენტრი,– თბ.,–2002,

  4. 70-იანი წლების ბოლოდან „გენდერის“ გაგება უფრო ფართოდ იქნა გამოყენებული. მრავალმა ჰუმანიტარმა ტერმინი „გენდერი“ მიიღო (ჰოფმანის შემოთავაზებით) როგორც პიროვნებათშორისი ურთიერთობების სისტემა, რომლის მეშვეობითაც იქმნება, მტკიცდება და ყალიბდება წარმოდგენა მამაკაცსა და ქალზე, როგორც სოციალური რიგი კატეგორიებზე.
    Source: ჯავახიშვილი მანანა. გენდერული კვლევები და ისტორიული მეცნიერება. [გენდერული პრობლემატიკა საქართველოში], – ქალთა განათლებისა და ინფორმაციის საერთაშორისო ცენტრი,– თბ.,–2002
  5. ცნება, რომელიც გულისხმობს კულტურით განპირობებულ შეხედულებებს ქალისა და მამაკაცის ინტელექტუალური შესაძლებლობების, მათი პიროვნული თვისებებისა და ქცევის შესახებ. გენდერი, როგორც კონსტრუქტი იქმნება საზოგადოების მიერ, როგორც ქალისა და მამაკაცის სოციალური მოდელი, რომელიც განსაზღვრავს მათ როლსა და მდგომარეობას საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში.
  6. ეწოდება სოციალური სქესს. გენდერი როგორც ტერმინი ქალთა კვლევებში გამოჩნდა სამოციანი წლების მიწურულს. იგი შემოვიდა ლათინურ ენებში გრამატიკული სქესის აღმნიშვნელი სიტყვა gender-ისგან და შეიძინა სოციალური სქესის მნიშვნელობა. გენდერის როგორც ტერმინის შემოტანა საჭირო გახდა იმიტომ, რომ ანალიზისას მკვლევრებს ერთმანეთისგან გაემიჯნათ ბიოლოგიური სქესი, რომლის მიხედვითაც ადამიანები მამრობითი ან მდედრობითი სქესის არსებებად იბადებიან (შეისაძლოა ადამიანი ორსქესიანიც დაიბადოს, რაც პლასტიკური ჩარევით რეგულირდება), სოციალური სქესისგან (გენდერისგან) ანუ საზოგადოებრივი ურთიერთობებისა და ფასეულობების სისტემისგან, რომელიც მათ ქალებად და მამაკაცებად აყალიბებს. გენდერისა და გენდერული კვლევების პოპულარიზაციას იმანაც შეუწყო ხელი, რომ იგი არ ფოკუსირდება მარტო ქალებზე, არამედ კაცებზეც, არა მხოლოდ იმიტომ, რომ მათი მდგომარეობის ქალების მგომარეობისთვის შედარების ხარჯზე მოხდეს ქალების დისკრიმინაციის დემონსტრირება, არამედ თვით მამაკაცურობის როგორც სოციალურ-კულტურული ფენომენის შესასწავლადაც. გენდერი არის სოციალური კატეგორია, რომელიც ისტორიულად არსებობს და ეპოქებისა და კონტექსტის გათვალისწინებით მუდმივ ცვლილებას განიცდის.
    Source: საბედაშვილი თამარ. ქალთა უფლებების ისტორიული ასპექტები: სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / თამარ საბედაშვილი; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ.: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006 - 112გვ.; 29სმ. - (სოციალურ მეცნიერებათა სერია) - - რეზ. ინგლ. ენ. - ბიბლიოგრ. ტექსტ. შენიშვნ. – ISBN 99940-871-0-X : [ფ.ა.]
  7. ცნება პირველად ანთროპოლოგმა გეილ რუბინმა (1975წ.) შემოიტანა მეცნიერებაში და განსაზღვრა, როგორც „შეთანხმებათა კომპლექსი, რომელიც როგორც საზოგადოებრივი მოღვაწეობის საგანი, არეგულირებს ბიოლოგიურ სქესს”. თანამედროვე კვლევებში ყველა ავტორი ეყრდნობა გენდერის, როგორც სოციალური სქესის გაგებას. სქესი დაკავშირებულია ქალსა და მამაკაცს შორის ფიზიკურ, სხეულებრივ განსხვავებებთან, ცნება „გენდერი“ კი მიუთითებს მათ ფსიქოლოგიურ, სოციალურ და კულტურულ თავისებურებებზე. თუკი სქესი ბიოლოგიურად არის დეტერმინირებული, მაშინ გენდერი არის სოციალურად და კულტურულად მოცემული. გენდერი – ეს არის სქესთაშორისი განსხვავებების სოციალური ორგანიზაცია: ქცევის კულტუროლოგიური მახასიათებელი, რომელიც შეესაბამება სქესს მოცემულ დროში და მოცემულ საზოგადოებაში; გენდერი წარმოადგენს სოციო-სქესობრივი როლების მიმართებათა სისტემის სოციალურ კონსტრუქციას. გენდერი მნიშვნელოვანწილად აპირობებს ქალებისა და მამაკაცების ფსიქიკურ თვისებებს, უნარებს, მოღვაწეობის სფეროებს, პროფესიებს და საქმიანობებს, სამართლებრივ და ეთიკურ ნორმებს“.გენდერი აღნიშნავს სოციალური და კულტურული ნორმების ერთიანობას, რომელთა შესრულებასაც საზოგადოება მიაწერს ადამიანებს მათი ბიოლოგიური სქესიდან გამომდინარე. გენდერის ცნება სოციალურ მეცნიერებაში გამოიყენება ადამიანის სქესობრივი მიკუთვნებულობის სოციალურ-კულტურული ასპექტის გამოსახატავად.გენდერი – ეს არის გარკვეულ კულტურულ (სოციალურ, ეკონომიკურ, პოლიტიკურ და კულტურულ) კლიმატში ქალისა და მამაკაცის სოციალური როლებისა და ფუნქციის შეფასების ფსიქიკაში ასახვისა და საზოგადოების სოციალურ, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ ინსტიტუტებში ამ შეფასების შესატყვისი ასახვის ერთობლიობა. ამგვარად, ერთის მხრივ გენდერი, როგორც სოციალურ შეფასებითი მოვლენა (ფენომენი) ადამიანის ცნობიერების და არაცნობიერის ნაყოფია და ადამიანთა და საერთოდ საზოგადოების ფსიქიკაში არსებობს ფსიქიკური წარმონაქმნის, ფსიქიკური სტრუქტურის სახით, ხოლო მეორეს მხრივ, კი გენდერი, როგორც სოციალურ-შეფასებითი ფენომენის საზოგადოების სხვადასხვა ინსტიტუტებში ასახვის შედეგი, არსებობს გარე სამყაროში ობიექტური სახით, როგორც საზოგადოებრივი სისტემების მოქმედების ერთ-ერთი მექანიზმი და მათი სოციალური პროდუქტი.
  8. გამოიყენება ქალისა და მამაკაცის განსხვავებული თავისებურებებისთვის, რომელიც აქცენტს აკეთებს სოციალურ და კულტურულ ფაქტორებზე და არა ბიოლოგიურზე.
    Source: წერეთელი მზია. გენდერი-კულტურული და სოციალური კონსტრუქტი: სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / მზია წერეთელი ; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ. : სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006
  9. თანამედროვე მეცნიერებაში ტერმინი „გენდერი“ (gender), სქესის (sex) ბიოლოგიური გაგებისაგან განსხვავებით, სქესის სოციალური ფენომენისა და სოციოლოგიური დისკურსის აღსანიშნავად იხმარება. იგი საზოგადოების სოციალური სტრუქტურის ერთ-ერთი საბაზისო განზომილებაა, რომელიც სხვა კულტურულ და სოციალურ-დემოგრაფიულ მონაცემებთან ერთად (რასა, ასაკი, ეთნოსი, სტრატა) აყალიბებს სოციალურ სისტემას. ეს არის გარკვეულ კულტურაზე დაფუძნებული მამაკაცებსა და ქალებს შორის საზოგადოების ძირითად სოციალურ ინსტიტუტებში კონსტრუირებული სოციალური ურთიერთობების ფუნდამენტური მაჩვენებელი. გენდერული როლების (მამაკაცებისა და ქალების) განსაზღვრა სუბიექტურია და კონკრეტულ-ისტორიულ ხასიათს ატარებს. თითოეულ საზოგადოებას აქვს თავისი ჩვეულებები, ტრადიციები და ნორმები, რომლებიც სოციალურ-სქესობრივ როლებს განსაზღვრავს. დღეს გენდერული ურთიერთობები განიხილება როგორც მამაკაცებსა და ქალებს შორის საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში (მართვის, პოლიტიკურ, ოჯახის და სხვ.) არსებული ურთიერთობების ერთ-ერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ასპექტი.ტერმინი „გენდერი“ მომდინარეობს ბერძნული სიტყვიდან „გენოს“ – დაბადება, წარმოშობა, ჯიში, გვარი, შთამომავალი, სქესი (ფორმა Gender მიმღეობის ფორმაა). გენდერი გულისხმობს, რომ მამაკაცების, ქალების და გარემოს ურთიერთკავშირის ანალიზს, უპირველეს ყოვლისა, საფუძვლად უნდა დაედოს არა სქესის, არამედ გვარის გამოცდილება, სადაც ქალის სოციუმი მთლიანი საზოგადოებრივი სისტემის ინტეგრალურ ნაწილად განიხილება. ამასთან, სოციალური გამოკვლევების მეთოდოლოგიის პოზიციიდან, ცნებას „გენდერული ურთიერთობა“ ერთმნიშვნელოვანი განმარტება არა აქვს
    Source: კიკნაძე თამარ, დონაძე ნათელა. გენდერი-სოციალური და პოლიტიკური სწავლებანი / თამარ კიკნაძე, ნათელა დონაძე; [რედ. ლია კაჭარავა] - თბ.: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006
  10. სოციალური სქესი, განსხვავება კაცსა და ქალს შორის, რომელიც განპირობებულია არა ბიოლოგიური, არამედ სოციალური მოცემულობით (სპეციფიკური სოციალური ფუნქციები საზოგადოებაში, კულტურული სტერეოტიპები და ა.შ.). ბიოლოგიური სქესისაგან განსხვავებით, გენდერი სქესის სოციალურ განზომილებას წარმოადგენს – ერთგვარ სოციოკულტურულ ფენომენს, რომელიც ასახავს კაცად და ქალად ყოფნის თავისებურებებს ამა თუ იმ საზოგადოებაში. მაგ. ამ საზოგადოებაში კაცს შეიძლება ჰქონდეს სოციალური როლი, რომელიც ტრადიციულად ქალის როლად მიიჩნევა (მაგ. ბავშვების მოვლა და დიასახლისობა), მაგრამ ეს ქცევა მას ფიზიკურად ნაკლებად კაცურს სულაც არ ხდის. კაცისა და ქალის სოციალურ როლებს თავად საზოგადოება ქმნის, მისთვის დამახასიათებელი კულტურული ნორმებითა და ფასეულობებით.
    Source: შესავალი ლგბტ ჟურნალისტიკაში/[ავტ. შორენა გაბუნია; რედ. ირაკლი ვაჭარაძე; არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობა“]. - თბ., 2013. - 319 გვ.; 20 სმ.. - დანართები: გვ. 145-316. - განმარტ. ლექსიკონი: გვ. 3-34
  11. სქესის სოციალური და კულტურული ინტერპრეტაცია ანუ ის, რასაც საზოგადოება აღიქვამს როგორც ქალურ და მამაკაცურ თვისებებს. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ვიბადებით კონკრეტული სქესით, მაგრამ ვსწავლობთ გენდერს, ე. ი. იმას, თუ რას ნიშნავს იყო კაცი ან ქალი. გენდერული განსხვავების მაგალითია ის, რომ ქალებისაგან ზოგადად მოელიან ძირითად პასუხისმგებლობას სახლის საქმეებზე, ხოლო მამაკაცებისგან - არა. გენდერი მოიცავს არა მარტო იმ დამახასიათებელ ნიშნებს და თვისებებს, რომლებსაც ჩვენ მამაკაცურად ან ქალურად ვთვლით, არამედ იმასაც, რის გაკეთებასაც მოელიან კაცებისა და ქალებისაგან: რა როლებისა და ამოცანების შესრულება ეკისრებათ მათ, როგორი ქცევაა მოსალოდნელი; ასევე, მათგან მოელიან გარკვეულ სფეროებში მუშაობას, გარკვეულ თემებზე ფიქრს, გარკვეული ღირებულებების ქონას და ა. შ. ქალებისგან ძირითადად მოსალოდნელია, რომ მათთვის ღირებული იყოს ურთიერთობები, ხოლო კაცების შემთხვევაში - მათი მიღწევები. ითვლება, რომ ქალები უფრო მეტს ფიქრობენ სხვა ადამიანებზე, ვიდრე კაცები და რომ კაცებისათვის უფრო მნიშვნელოვანია მათი ერის (ქვეყნის) კეთილდღეობა და ა. შ.
    Source: გენდერული ტრენინგი პედაგოგებისათვის / [რედ.: მარიამ მიქაშავიძე, ქეთი საყვარელიძე] ; მხატვ.: ბუბა ოჩიაური - თბ. : სიესტა, 2004 - 107გვ. : ილ. ; 23სმ. - - ბიბლიოგრ.: გვ. 107. - ISBN 99940-0-116-7 : [ფ.ა.] [MFN: 27240]
  12. სოციალური და კულტურული განსხვავება მამრობითი და მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს შორის, რაც საპირისპირო სქესისა, რომელიც ასახავს ბიოლოგიურ და, ამდენად, აუცილებელ განსხვავებას მამაკაცებსა და ქალებს შორის.
    Source: პოლიტიკური იდეოლოგიები: შესავალი კურსი / ენდრიუ ჰეივუდი; [მთარგმნ.: თამარ ბაკურაძე და სხვ.; რედ.: ლაშა ბერაია, ზეინაბ სარაძე]. - მე-3 გამოც.. - თბ.: ლოგოს პრესი, 2004. - 432გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9