1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

გა გე გვ გი გლ გნ გო გრ გუ
გეგ გეი გელ გენ გეო გერ გეუ

გენოციდი

  1. Gk. „genos” რასა, ჯიში
    L. „cide” მოკვლა
    ლევკინის მიხედვით, გენოციდი მოიცავს „ეროვნული ან ეთნიკური ჯგუფის განადგურებას და გულისხმობს შეთანხმებული გეგმის არსებობას, მიმართულს ინდივიდუალურად ამორჩეული პირების სრული განადგურებისაკენ, მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი არიან ამ ჯგუფების წევრები.
    Source: ღლიღვიაშვილი რევაზ. გენოციდი // ალმანახი №12, [სისხლის სამართალი],– საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. 1999.
  2. არ იყო საერთაშორისოდ მიღებული ტერმინი, ვიდრე კონვენციის მიღების შემდეგ ერთა ლიგის უმცირესობათა დაცვის გარანტიები და სახელმძღვანელო მითითებები არ აღმოჩნდა შესაბამისად ეფექტიანი ტოტალიტარული მუქარის წინაშე. წესდებამ, რომლის საფუძველზეც შეიქმნა ნიურემბერგის სამხედრო ტრიბუნალი, დაგმო „ჟლეტის“ პრაქტიკა (ნიურემბერგის წესდება, მუხლი 6 (გ)), და არა „გენოციდი“. თუმცა ნიურემბერგის პროცესზე გერმანელ ომის დამნაშავეთა ბრალდებებს შორის შეიძლება მოიძებნოს სიტყვა „გენოციდის“ პირველი მოხსენიება. 1945 წლის 8 ოქტომბერს ომის ზოგიერთი მნიშვნელოვანი დამნაშავის მიერ ჩადენილი დანაშაული განისაზღვრა, როგორც „წინასწარ განზრახული და სისტემატური გენოციდი“. იქნებ გასაკვირიც კია, ტრიბუნალის განაჩენში არსად არაა ნახსენები სიტყვა „გენოციდი“ მიუხედავად იმისა, რომ დეტალურად იყო განხილული მისი რეალობა. გენოციდის დანაშაულის განხილვის ერთ-ერთი მომხრე, რაფაელ ლემკინი, გენოციდს განსაზღვრავს, როგორც „სხვადასხვა ქმედებათა კოორდინირებული გეგმა, რომელიც მიმართულია ეროვნული ჯგუფების სიცოცხლის მთავარი საფუძვლების განადგურებისკენ... ასეთი გეგმის მიზანი იქნებოდა პოლიტიკური და კულტურის სოციალური ინსტიტუტების, ენის, ეროვნული გრძნოების, რელიგიის და ეროვნული ჯგუფების ეკონომიკური არსებობის დანაწევრება და ადამიანების პირადი უსაფრთხოების, თავისუფლების, ჯანმრთელობის, ღირსების და სიცოცხლის განადგურება. გენოციდი მიმართულია ეროვნული ჯგუფისკენ, როგორც ერთეულისკენ, ხოლო მასთან დაკავშირებული ქმედებები მიმართულია ინდივიდების წინააღმდეგ არა როგორც ინდივიდუალური დამნაშავის, არამედ როგორც მოცემული ჯგუფის წევრის წინააღმდეგ“ (ლემკინი რ., გვ. 79). ლემკინმა კიდევ ერთხელ გაიმეორა და კიდევ უფრო გააფართოვა ეს განსაზღვრება მომდევნო სტატიაში და განსაზღვრა გენოციდი, როგორც, უმთავრესად, „ადამიანთა ჯგუფის განადგურების ან მისთვის ნაწილობრივი ზარალის მიყენების“ განზრახვა (1947, გვ. 147). განსაზღვრული „ჯგუფის“ არსებობა ამ განსაზღვრების ძირითადი შინაარსია. გენოციდმა პირველი საერთაშორისო აღიარება ჰპოვა გენერალური ასამბლეის რეზოლუციაში №961: „გენოციდი ნიშნავს ადამიანთა მთელი ჯგუფისთვის არსებობის უფლების ჩამორთმევას“. ეს შეიძლება იყოს რასობრივი, რელიგიური, პოლიტიკური ან რაიმე სხვა სახის ჯგუფი, ანუ რაიმე ნიშნით გაერთიანებული „ჯგუფი“. გენერალური ასამბლეის რეზოლუციით გაერო-ს ეკონომიკურ და სოციალურ საბჭოს დაევალა კონვენციის პროექტის მომზადება გენოციდის დანაშაულის თავიდან აცილების და მისი დასჯის შესახებ. აღნიშნული სამუშაოს შედეგად მიღებული გენოციდის დანაშაულის თავიდან აცილებისა და მისი დასჯის კონვენცია წინააღმდეგი ხმის გარეშე მიიღეს 1948 წლის 9 დეკემბერს გენერალური ასამბლეის რეზოლუციით №260 II. თუმცა „გენოციდი“ კონვენციის კონტექსტში მოიცავს ოდნავ მეტს, ვიდრე წმინდა ფიზიკური გენოციდი. კონვენციის მე-2 მუხლში ნათქვამია: „წინამდებარე კონვენციაში გენოციდი ნიშნავს ნებისმიერ ქვემოთ ჩამოთვლილ ქმედებას, რომელიც მიზნად ისახავს ეროვნული, ეთნიკური, რასობრივი თუ რელიგიური ჯგუფის განადგურებას მთლიანად ან ნაწილობრივ. ამგვარ ქმედებებს განეკუთვნება: (ა) ჯგუფის წევრების ჟლეტა; (ბ) ჯგუფის წევრებისთვის სერიოზული ფსიქიური თუ ფიზიკური ზიანის მიყენება; (გ) ჯგუფისთვის ცხოვრების ისეთი პირობების შექმნა განზრახ, რაც თავიდანვე გასაგებია, რომ გამოიწვევს მის მთლიან ან ნაწილობრივ განადგურებას; (დ) ჯგუფში შობადობის შემცირებისკენ მიმართული ზომების მიღება; (ე) ერთი ჯგუფის ბავშვების იძულებითი გადაყვანა მეორე ჯგუფში“. კონვენციის მნიშვნელობა მდგომარეობს იმაში, რომ მან გენოციდი საერთაშორისო დანაშაულად აღიარა. ეს არის „საზიზღარი ნარჩენები“, რომლისგანაც კაცობრიობა უნდა განთავისუფლდეს, და რომელიც „ეწინააღმდეგება გაერო-ს იდეებსა და მიზნიებს და დაგმობილია ცივილიზებული სამყაროს მიერ“ (პრეამბულა). მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ, კონვენციის განხილვის შემდეგ, განაცხადა, რომ „კონვენცია აშკარად მიღებული იქნა წმინდა ჰუმანიტარული და ცივილური მიზნებით“ გენოციდის, როგორც საერთაშორისო დანაშაულის, რომელიც ნიშნავს „მთლიანი ჯგუფების არსებობის უფლების უარყოფას, უარყოფას, რომელმაც შეძრა კაცობრიობა და მოიტანა დიდი დანაკარგი“, დაგმობისა და დასჯის გამოკვეთილი მიზნით (დათქმები გენოციდის კონვენციის მიმართ, გვ. 23). ამჟამად გენოციდი განიხილება, როგორც საერთაშორისო დანაშაული ან, სულ ცოტა, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული. მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს ჯერ კიდევ რამდენიმე წლით ადრე მიეცა გენოციდისთვის საერთაშორისო დანაშაულის სახელის დარქმევის საშუალება საქმეში „დათქმები გენოციდის კონვენციის მიმართ“: „კონვენციის საწყისები გვიჩვენებს, რომ გენოციდის, როგორც საერთაშორისო სამართლის დანაშაულის, დაგმობა და დასჯა იყო გაერო-ს განზრახვა... ამ წარმოდგენიდან გამომდინარე პირველ შედეგს წარმოადგენს ის, რომ კონვენციის საფუძვლად დადებული პრინციპები აღიარებულია ცივილიზებული ერების მიერ, როგორც შესასრულებლად სავალდებულო სახელმწიფოებისთვის, შეთანხმებით დადგენილი რომელიმე კონკრეტული ვალდებულების გარეშეც კი“ (გვ. 23).
    Source: სმიტი რონა კ. ადამიანის საერთაშორისო უფლებები: სახელმღვანელო. [მეორე გამოცემა]–რედ. გიორგი ჯოხაძე თარგმანი: მანანა კობიაშვილი,–ოქსფორდის უნივერსიტეტის გამომცემლობა, – „სეზანი“.
  3. ქმედებები, რომლებიც ჩადენილია მთლიანად ეროვნული, ეთნიკური, რასობრივი თუ რელიგიური ჯგუფის ან მისი ნაწილის განადგურების განზრახვით.
    Source: ფლაუერსი, ნენსი. კომპასიტო: სახელმძღვ. ადამიანის უფლებათა განათლ. სფეროში ბავშვებისათვის/ რედ. და თანაავტ. ნენსი ფლაუერსი; სახელმძღვ. მომზადებაში მონაწილეობდნენ: მარია ემილია ბრედეროდე-სანტოსი [და სხვ.]; საბოლოო რედ. ჟუჟანა სელენი; ილ. დაიანა ნეგი; [მთარმგნ.: თამარ მიქაძე, ანა გეგეჭკორი; რედ. დავით გელაშვილი] - [თბ., 2009]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9