1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ია იბ იდ იე ივ იზ იკ ილ იმ ინ იო იპ ირ ის იუ იფ იჩ იძ
ინგ ინდ ინვ ინი ინკ ინო ინს ინტ ინფ ინც

ინტერაქტიური სწავლება-სწავლა

  1. თანამედროვე ჰუმანიზმის პრინციპებზე დამყარებული საგანმანათლებლო სისტემა. სწავლება-სწავლის აღნიშნული მიმართულება ითვალისწინებს მასწავლებლისა და მოსწავლის როლების შეცვლას, რაც გულისხმობს ავტორიტარული, მასწავლებელზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის შეცვლას მოსწავლეზე ორიენტირებულით. ასევე, ინტერაქტიური სწავლება საჭიროებს გაკვეთილის პროცესში სწავლების ახალი სტრატეგიებისა და შეფასების ახალი ხერხების დანერგვას. შესაბამისად, სწავლების მიზანიც იცვლება. იგი ორიენტირებულია არა მარტო ცოდნაზე, არამედ უნარჩვევების გამომუშავებაზეც.
    Source: ბესელია ნინო, მეიფარიანი თამარ, მიქიაშვილი ლელა, ჯალაღანია ირინე. ინტერაქტიული სწავლება [რეკომენდაციები პედაგოგიური ტრენინგისათვის],-ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭო,–თბ.,–2004
  2. ხშირად მიაჩნიათ, რომ სწავლება მხოლოდ ცოდნის გადაცემაა, მაგრამ ავიწყდებათ, რომ იგი აუცილებლად გულისხმობს ცოდნის ,,აღებასაც“, ანუ რეალური სასწავლო პროცესი თავისთავად ინტერაქტიურია. ცოდნას კი არა, საგანს ვერ გადასცემ ადამიანს, თუ იმანაც არ იაქტიურა და არ გამოგართვა იგი (ხოლო, თუ ძალიან აქტიურია და უნდა შენი საგანი - შეიძლება წაგართვას კიდეც). ინტერაქტიური სწავლის მომხრეები საჭიროდ თვლიან ისეთი პორობები შექმნას, როცა მოსწავლეს სურს ცოდნის მიღება და აქვს შესაბამისი აქტივობის საშუალება. ტრადიციულ გაკვეთილზე მას აკისრია პასიური მსმენელის როლი. არ ჩანს, ამ პროცესში იგი რამეს ითვისებს თუ არა. სწავლის მთელი სიმძიმე მოსწავლეს გადააქვს სახელმძღვანელოზე, როცა იგი ემზადება პასუხისთვის. ამ პირობებში გაკვეთილი უფუნქციო პროცედურაა. იგი ახსნა-განმარტების ფუნქციასაც კი არ ატარებს, რადგან ახსნა პრობლემას უნდა მოსდევდეს და არა უსწრებდეს წინ. ინტერაქტიური სწავლების მომხრეები მიზანშეწონილად მიიჩნევენ, რომ გაკვეთილი მასწავლებელმა იმ სიახლით უნდა დაიწყოს, რაც მოსწავლისთვის გაუგებარია. ,,მოსწავლის პირისპირ დაყენების გზით იმ ფაქტებთან, მონაცემებთან, მოსაზრებებთან, თეორიებთან და ა.შ., რომელიც არ შეესაბამება მის ცოდნას, მასწავლებელი იწვევს კონფლიქტს მოსწავლის ცოდნაში. სწორედ ეს კონფლიქტია ახლის გაგების კარგი მოტივაცია და საუკეთესო საფუძველი. ასეთი გზით მიღებულ ცოდნას პიროვნული აღმოჩენის ან პიროვნული მიხვედრის მახასიათებლები გააჩნია და ამ გზით ზრდის შესწავლილი მასალის გაგებისა და სიმყარის დონეს. ამავე პროცესში მასწავლებელს შეუძლია გამოიყენოს მოსწავლეთა ურთიერთაქტივობა - დაჰყოს კლასი ჯგუფებად და შეაჯიბროს ისინი სწორი გადაწყვეტილების აღმოჩენაში. ამ მეთოდით ბავშვებს დამატებით გაეზრდებათ მოტივაცია, გათანაბრდება მატი ცოდნის დონე, ისწავლიან სხვადასხვა მხრიდან საკითხის გააზრებას, ერთმანეთთან თანამშრომლობას. რა თქმა უნდა, ყველა გაკვეთილზე ამ პროცედურის ჩატარების შესაძლებლობა არაა, მაგრამ ამ მეთოდების გამოყენების სიხშირე უნდა ქმნიდეს ზოგად შემოქმედებით ატმოსფეროს კლასში. იმ გაკვეთილებზე, სადაც ასახსნელი მასალა იმდენად რთულია, რომ ბავშვები დამოუკიდებლად ვერ პიოვიან პასუხს დასმულ პრობლემაზე, მასწავლებელმა სასურველია აჩვენოს არა მზა პასუხი, არამედ მისი მიღების გზა, პასუხის მიღების მოდელი. საერთოდ, მოდელით სწავლება სწავლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფორმაა (პატარა ბავშვისთვის ამგვარი სასწავლო მოდელის როლს ოჯახის წევრები ასრულებენ). ამ ფორმას იშვიათად აქცევს ყურადღებას მასწავლებელი ტრადიციულ სკოლაში. ინტერაქტიური სწავლებისას სასურველია წინასწარ მომზადდეს გაკვეთილისთვის ამგვარი მოდელები (საკუთარი ქცევა, მასალა ბიოგრაფიებიდან, ლიტერატურული გმირების საქციელი და სხვა). მოსწავლეების აქტიურობა გამოუხატება მოდელების ანალიზში, მათში უკეთესის ამორჩევასა და გამეორებაში. ბუნებრივია, ყველა ამ ეტაპზე სასურველია სასწავლო პროცესის გამდიდრება ტექნიკური საშუალებებით, ილუსტრაციებით, გუნდური თუ კლუბური მუშაობით. ამ საშუალებებზე აქცენტის გაზრდა ინტერაქტიური მეთოდის სპეციფიკაა. ყველა ამ პროცესში მასწავლებლის ამოცანა არის არამარტო ახალი ინფორმაციის მიწოდება მოსწავლეებისათვის (ტრადიციული სკოლა), არამედ იმ ინფორმაციის დაკავშირება მოსწავლის სასკოლო და არასასკოლო გამოცდილებასთან, პრაქტიკულ საქმიანობასთან, ილუსტრაციულ მასალასთან; პირობების შექმნა მოსწავლეთა დამოუკიდებელი ინტელექტუალური აქტივობისთვის, კითხვებისა და პრობლემების დასმისთვის, ჯგუფური მუშაობისთვის, დისკუსიებისთვის, შეცდომების და წარმატებების ჯგუფური ანალიზისა და შეფასებისთვის; საგნის მიმართ შემეცნებითი ინტერესისა და მოტივაციის გაღვივებისთვის. თუ ტრადიციულ მეთოდიკაში მასწავლებელს მხოლოდ ცოდნის გადაცემის და შემოწმების ფუნქციები აქვს, ინტერაქტიურ სწავლებაში მასწავლებლის ამ ფუნქციებს ემატება სასწავლო თემის მიმართ მოსწავლეთა მოტივაციის, ინტელექტუალური და სოციალური აქტივობის გამოწვევის (სტიმულაციის), მისი ემოციური მხარდაჭერის ფუნქციები. ინტერაქტიურ სწავლებაში განსხვავებულად სრულდება შეფასების ფუნქცია. ზოგადად, რეკომენდებულია, რომ მასწავლებელმა აქცენტი გააკეთოს მოსწავლეთა წარმატებებზე და არა მარცხზე - წახალისებაზე და არა დასჯაზე - შექებაზე და არა გაკიცხვაზე. სწავლაში წარმატებას ნიშნის გარდა სხვა სასურველი შედეგებიც უნდა მოჰყვეს: შექება, კლასისთვის სამაგალითოდ გადაქცევა, ლიდერის ფუნქციების მინიჭება და ა.შ.; მაგრამ ერთი მოსწავლის დაწინაურება არ უნდა გულისხმობდეს სხვების დაჩაგვრას არც მასწავლებლის და არც წარჩინებული მოსწავლის მხრიდან. პირიქით, სასურველია, აღინიშნოს ყველას ღვაწლი (წახალისების ამგვარი ,,გადანაწილებისთვისაც“ კარგია ჯგუფური მუშაობის ან დისკუსიის მეთოდი). რაც შეეხება დასჯას, სასურველია, რომ ის გამოყენებული იყოს უკიდურეს შემთხვევაში, თანაც არა აგრესიის, არამედ ემპათიური დამოკიდებულების ფონზე. ხსირად, მასწავლებელი თვითონ ჯგუფს აფასებინებს ერთმანეთის ცოდნას, რაც ზრდის შეფასების მნიშვნელობას ცალკეული მოსწავლისათვის. ინტერაქტიურ სწავლებაში ტრადიციულისგან განსხვავებული ფუნქციები აქვს თვით მოსწავლესაც. ის სასწავლო პროცესის თანაავტორია. მას შეუძლია წარმართოს სასწავლო პროცესი პრობლემის დასმის ან მოულოდნელი გადაწყვეტილების შეთავაზების გზით. ამ შემთხვევაში მასწავლებელი ,,უკან დაიხევს“ და ხელს შეუწყობს მოსწავლის ინიციატივის განვითარებას. თუ მოსწავლე მცდარი გზით მიდის, შეცდომას თვით იგი და მისი თანატოლები იპოვნიან; თუ სწორით - ისევ მოსწავლეები იქნებიან ,,აღმოჩენის“ ავტორები, რაც ამ მასალის უკეთეს ცოდნას უზრუნველყოფს. მასწავლებელი აღმოჩენის პირობებს ქმნის, მოსწავლე აკეთებს აღმოჩენას
    Source: საყვარელიძე რამაზ. ინტერაქტიური სწავლება და მისი ფსიქოლოგიური საფუძვლები / რამაზ საყვარელიძე; მხატვ.-დიზ. ბუბა ოჩიაური; [ნორვეგიის ლტოლვ. საბჭო, შვედეთის განვით. საერთაშორ. სააგენტო] - თბ.: სიესტა, 2004
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9