1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ია იბ იდ იე ივ იზ იკ ილ იმ ინ იო იპ ირ ის იუ იფ იჩ იძ
იპო

იპოთეკა

ტერმინი ,,იპოთეკა” პირველად თავის კანონმდებლობაში გამოიყენა სოლონმა, იგი მოვალის მიწაზე ჩასობილი ბოძებით აღნიშნავდა ამ მიწაზე კრედიტორის უფლებების უზრუნველყოფას. მას იცნობდნენ ჯერ კიდევ ძველ რომში როგორც გირავნობის უფლების ერთ-ერთ ფორმას. იგი წარმოიშვა კლასიკურ პერიოდში (hupotheca) აღმოსავლური ბერძნულეგვიპტური სამართლის გავლენით, რომლის დროსაც გირაოს საგანი რჩებოდა მოვალის საკუთრებასა და მფლობელობაში, ხოლო გირავნობის უფლების სუბიექტს ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში უფლება ეძლეოდა გამოეთხოვა ეს ნივთი მისი ნებისმიერი იმდროინდელი მფლობელისაგან, გაეყიდა იგი და მიღებული თანხით დაეფარა თავისი მოთხოვნა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლით, იპოთეკის ცნება შემდეგნაირადაა განმარტებული: ,,უძრავი ნივთი შეიძლება მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული), რომ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთიდან (იპოთეკა)”.ე.ი. იპოთეკა არის მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება, რომელიც კრედიტორს იმის გარანტიას აძლევს, რომ დაიკმაყოფილებს თავის მოთხოვნას. ამასთან, იპოთეკა ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას სამომავლო ან პირობით მოთხოვნებთან დაკავშირებით, თუკი იპოთეკის დადგენის მომენტისათვის უკვე შესაძლებელია ამ მოთხოვნის დადგენა. მაშასადამე, იპოთეკის დადგენისათვის აუცილებელი არ არის მოთხოვნის იმავდროული არსებობა, თუმცა, ეს მოთხოვნა ფიქტიური არ უნდა იყოს და უნდა არსებობდეს იმის გარანტია, რომ იგი მომავალში ნამდვილად წარმოიშობა. ეს პატარა ნიუანსი უფრო მეტ მოქნილობას ანიჭებს იპოთეკას. ასევე შესაძლებელია იმ ზღვრული თანხის განსაზღვრაც, რომლის ფარგლებშიც უძრავი ნივთიდან მოთხოვნის დაკმაყოფილება უნდა მოხდეს. აღნიშნული თანხა შეტანილ უნდა იქნას საჯარო რეესტრში. იპოთეკა მდგომარეობს იმაში, რომ უძრავი ქონება ემსახურება ვალის გადახდის უზრუნველყოფას მოვალის მიერ ამ ქონების დაუკარგავად. იპოთეკა წარმოადგენს მიწის კრედიტის მოსახერხებელ ფორმას, იგი უძრავი ქონების მესაკუთრეს აძლევს შესაძლებლობას დაადგინოს მასზე ერთი ან რამდენიმე იპოთეკა, მიიღოს კრედიტი იმ ფარგლებში, რომელიც შეესატყვისება ამ ნივთის მთლიან ან ნაწილობრივ ღირებულებას, თანაც ისე, რომ არ დაკარგოს არც სარგებლობის და არც განკარგვის უფლება ამ უკანასკნელზე.
Source: ბაქრაძე დავით. იპოთეკის ცნების ზოგადი მიმოხილვა თანამედროვე სამოქალაქო სამართალში //ალმანახი №8, [სისხლის სამართალი],-საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9