1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ია იბ იდ იე ივ იზ იკ ილ იმ ინ იო იპ ირ ის იუ იფ იჩ იძ
ისი ისლ ისმ ისტ

ისლამი

  1. არაბული სიტყვაა და მორჩილებას ნიშნავს, მონისტური რელიგია; აღიარებს ერთსახოვან ღმერთს. იგი მკვეთრად დაუპირისპირდა პოლითეიზმს. მან ქრისტიანული ტრიადა სამ ღმერთად მოიაზრა და უარყო იგი. ყურადღება შეაჩერა ებრაულ თეოლოგიაზე, რაც გახდა წყარო მისი მრწამსის ძირითადი ფორმულისა, შაჰადისა: ,,ლა ილაჰა ილლა-ლ-ლაჰუ ვა მუჰამადუ რასულუჰუ’’ (არ არს ღმერთი გარდა ალაჰისა და მუჰამედია ალაჰის მოციქული). ...ისლამურ კულტმსახურების ძირითადი ელემენტებია რწმენის ფორმულა (შაჰადი), ლოცვა, მარხვა, მოწყალება ანუ ქველმოქმედება (ზაქათი) და პილიგრიმობა (ჰაჯი) ანუ სალოცავად მოგზაურობა მექასა და მედინაში. ლოცვას, როგორც წესი, წინ უძღვის მოსამზადებელი საფეხური - განბანა. დაწესებულია დღეში ხუთგზის ლოცვა: დილით - მზის ამოსვლამდე, შუადღისას, ნაშუადღევს, საღამოს და დაღამებისას (დაწოლის წინ). ყოველი ლოცვა იწყება ზემოაღნიშნული ფორმულით: ,,არ არს ღმერთი...’’ ამ ფორმულას მუსლიმანი წარმოთქვამს ყველგან, ყოველ მნიშვნელოვან მომენტში, მათ შორის - სიკვდილის წინ. ლოცვის დროს შაჰადი რამდენჯერმე მეორდება. მუსლიმანები ვალდებული არიან შეინახონ რამაზანი და გადაიხადონ დღესასწაულები. რამაზანი დაწესებულია მუსლიმანური მთვარის კალენდრის მე-9 თვეს, რაც მოძრავია და სხვადასხვა დროს მოდის. ამ დროს მორწმუნენი მზის ამოსვლიდან მზის ჩასვლამდე არაფერს ჭამენ, არც სვამენ, არც იბანენ და არც სქესობრივ ცხოვრებას ეწევიან.
    Source: პაპუაშვილი ნუგზარ მსოფლიო რელიგიები საქართველოში / [რედ.: სოზარ სუბარი] - თბ. : თავისუფლების ინ-ტი, 2002
  2. მკაცრად მონოთეისტური რელიგიაა: ქადაგებს ერთ ერთსახოვან, ერთგვამოვან ანუ ერთჰიპოსტასოვან ღმერთს. ისლამი დაფუძნებულია რწმენის ხუთ თეზისზე: 1. ერთი ღმერთის რწმენა; 2. ანგელოზების რწმენა; 3. საღვთო წერილის რწმენა; 4. საყოველთაო აღდგომისა და უკანასკნელი სამსჯავროს რწმენა და 5. ბედისწერის რწმენა. ცნობილია აგრეთვე რწმენისა და რწმენისმიერი ცხოვრების „ხუთი ბურჯი“, მუსლიმთა ხუთი მცნება, უთი ძირითადი მოვალეობა (რუქნ): 1. ერთადერთ ღმერთად ალაჰის აღიარება - შაჰადა; 2. დღეში ხუთგზის ლოცვა - სალათი; 3. მოწყალება - ზაქათი; 4. სავალდებულო მარხვა - საუმი; 5. მომლოცველობა - ჰაჯი. ისლამური ღვთისმსახურება და ღვთისმოსაობა კონცენტრირებულია რწმენის ფორმულაში შაჰადა ანუ მოწმობა. იგი ასე ჟღერს: „ლა ილაჰა ილლა ლლაჰუ ვა მუჰამადუნ რასულულლაჰ“ (არ არის ღმერთი გარდა ალაჰისა და მისი მოციქული მუჰამადია). ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი ლოცვა, რადგან მასში ისლამის ორი ძირითადი დოგმატია გაცხადებული: 1) ერთი ღმერთის აღიარება და 2) მის მოციქულად მუჰამადის გამოცხადება. მუჰამადი, მუსლიმთა რწმენით, არის უკანასკნელი და უდიდესი მოციქული - „წინასწარმეტყველების კარები“ და „მოციქულთა ბეჭედი“. მის გვერდით ისა, ქრისტიანთა იესო ქრისტე, დგას. ისას მთავარი ეპითეტებია: ალაჰის სიტყვა, მოციქული და წინასწარმეტყველი. ყურანის თანახმად, ისამ აჰმადის („ყველაზე დიდებულის“), ე.ი. მუჰამადის, მოსვლა იწინასწარმეტყველა. ისა არ მომკვდარა, ის ალაჰმა აიყვანა თავისთან და კვლავ მოვა საყოველთაო განკითხვის დღეს. მუჰამადის საფლავის პირდაპირ არის ცარიელი ადგილი, რომელიც გამზადებულია ისასათვის, რომელსაც იქ მეორედ მოსვლის შემდეგ დაკრძალავენ, როდესაც გარდაიცვლება. ისლამური კანონი (შარიათი) მორწმუნეთა პირადი ცხოვრებისა და საზოგადოებრივი ურთიერთობის ყველა მხარეს აწესრიგებს. აუცილებელია წინადაცვეთა, ძირითადი ლოცვების არაბულ ენაზე თქმა, ლოცვის დროს მექის მიმართულებით დგომა, მიცვალებულის თავის მექისკენ მიბრუნება, ღორის ხორცსა და ალკოჰოლზე უარის თქმა, პარასკევის უქმობა, მოწყალების გაღება (ზაქათი), პილიგრიმობა მექასა და მედინაში (ჰაჯი), დღეში ხუთგზის ლოცვა: დილით - მზის ამოსვლამდე, შუადღისას, ნაშუადღევს, საღამოს და ღამით (დაწოლის წინ), ლოცვის წინ განბანვა და ა.შ. საზოგადო მსახურება სრულდება სახლში, რომელსაც მეჩეთი, მასჯითი, მიზგითი ეწოდება (სიტყვა არამეულია და „ღვთის თაყვანისცემის ადგილს“ ნიშნავს). პიროვნება, რომელიც მუსლიმთა ეკლესიებს (ერთს ან რამდენიმეს) ხელმძღვანელობს და რიტუალებსაც ასრულებს, ცნობილია სახელებით: მოლა, ხოჯა, იმამი, მუფტი და სხვა. შარიათს ანუ სასამართლოს ყადი განაგებს. მუსლიმები მთვარის კალენდრით სარგებლობენ. მათი მთავარი მარხვა (არაბ. სავმი) და დღესასწაულია რამადანი (რამაზანი). იგი რამადანის თვეში (მთვარის კალენდრის მე-9 თვე) სრულდება: იწყება სავსე მთვარის გამოჩენისთანავე და 29 ან 30 დღეს გრძელდება (თარიღი მოძრავია). მორწმუნეები დაბინდებამდე არ ჭამენ და არ სვამენ, არ ეწევიან თამბაქოს და სექსუალურ კავშირში არ შედიან, ღამით კი მსუბუქად ვახშმობენ და, ვიდრე გათენდება, საუზმობენ. ეს წესი ყველა მუსლიმმა უნდა დაიცვას, თუკი საგანგებო ვითარებაში არ იმყოფება. მარხვა მთავრდება დღესასწაულით, რომელსაც ურაზა-ბაირამი ჰქვია (სხვანაირად: იდ ალ-ფიტრი, ან ქუჩუკ-ბაირამი, შექერ-ბაირამი). დღესასწაულს ზოგადად არაბულ ენაზე უწოდებან „ყიდუნ“, რაც „გახსენებას“ ნიშნავს. რამაზანის მარხვით და დღესასწაულით მუსლიმები იმ დღეებს იხსენებენ, როდესაც ალაჰმა მუჰამადს ყურანი გარდამოუვლინა. სხვა დღესასწაულებია: 1) ყურბანბაირამი (ურაზა-ბაირამიდან 70 დღის შემდეგ). ესა, მექაში მოსალოცად მგზავრობის აღსანიშნი დღე - დუ ლჰიჯჯა, რომელიც მსხვერპლშეწირვით მთავრდება. ამის გამო მას „ცხვრის დღესასწაულსაც“ უწოდებენ. ამით მუსლიმები იბრაჰიმის მიერ შვილის ნაცვლად ცხვრის დაკვლას მოიხსენიებენ; 2) მავლიდი (მავლუდი) - მუჰამადის დაბადების და გარდაცვალების დღე; 3) მიჰრაჯი - მუჰამადის ზეცად ამაღლების დღე; 4) აშურა ანუ შაჰ-სეი, ვაჰ-სეი და სხვა. აშუურა შიიტების სამგლოვიარო დღეა. ამით ისინი მესამე (მუჰამადის შემდეგ) იმამის ალის ვაჟის - ჰუსეინის - მოწამებრივ ღვაწლს იხსენიებენ. იგი ჰიჯრიდან 61-ე წელს, 10 ოქტომბერს, თავის ძმასთან, აბასთან, და 70 თანამებრძოლთან ერთად ერაყში დაიღუპა. ესაა სამგლოვიარო მისტერია, რომელიც ათ დღეს გრძელდება. მორწმუნეები მართავენ რიტუალს, რომელსაც თვითგვემა ახლავს. ისმის შეძახილები: „შაჰსეი, ვაჰ-სეი!“ ანუ: შაჰიდ (მოწამე) ჰუსეინ, ვაჰ (ვაი) ჰუსეინ! დღეისათვის მსოფლიოში მილიარდზე მეტი მუსლიმი ცხოვრობს.
    Source: სოლიდარობა №11–12(20–21),– [რედაქტორი: ნინო ცინცაძე დიზაინი: ბესიკ დანელია ფოტო: ლევან ხერხეულიძე მარიკა ასათიანი რედკოლეგია: სოზარ სუბარი ბექა მინდიაშვილი თამარ შამილი სერგო რატიანი],– ჟურნალი მოამზადებულია სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის მიერ,იბეჭდება გაეროს განვითარების პროგრამის და ნორვეგიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.–2007
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9